LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს შესახებ შექმნილი მიუზიკლის პრემიერა 2018 წლის იანვარში შედგება

62

2018 წლის იანვარში მუსიკალური სპექტაკლის „Welcome To Georgia – The Musical” პრემიერა გაიმართება. ეს არის წარმოდგენა მიუზიკლის ფორმატში ინგლისურ ენაზე, რომელიც სპეციალურად ჩვენი ქვეყნის სტუმრებისთვის რეგულარულად ჩატარდება ვასო აბაშიძის მუსიკისა და დრამის თეატრში და უცხოელ ვიზიტორებს საქართველოსა და ქართველების შესახებ მოუთხრობს.

სპექტაკლში მაყურებელი იხილავს ნაციონალურ კოსტუმებში შესრულებულ ქართულ ცეკვებსა და მოისმენს პოლიფონიურ და ქალაქურ სიმღერებს ცოცხალი შესრულებით. ასევე, დიალოგების,  სიმღერების თუ ვიზუალური პროექციის საშუალებით გაიგებს საინტერესო ფაქტებს საქართველოზე და  მიიღებს ინფორმაციას ჩვენი კულტურის, ისტორიის, ყოფის, ადათ-წესების, ღვინისა და ქართული სუფრის შესახებ.

მუსიკალური სპექტაკლი რომანტიკული კომედიის ჟანრისაა და მისი ლეიტმოტივი ფრანგი გოგონასა და ქართველი ბიჭის სიყვარულის ისტორიაა, რომელიც კახეთში ვითარდება. 90 წუთის მანძილზე 18 მსახიობი შეასრულებს 10-ზე მეტ სასიმღერო და საცეკვაო ნომერს. სპექტაკლში დიალოგების უმეტესობა ინგლისურ ენაზეა (ქართული დიალოგების შემთხვევაში, მაყურებელი ინგლისურ ტიტრებს იხილავს).

პროექტის მიზნია, სპექტაკლი საქართველოში ჩამოსული სტუმრებისთვის მათი კულტურული პროგრამის განუყოფელი ნაწილი გახდეს.

2018 წლის იანვარში დაგეგმილია სამი დახურული პრემიერა, ხოლო მარტიდან ივნისის ჩათვლით სპექტაკლი კვირაში  ერთხელ ან ორჯერ გაიმართება. მომდევნო სეზონი 2018 წლის სექტემბერში გაიხსნება.

დამდგმელი რეჟისორი და ქორეოგრაფი – არჩილ სოლოღაშვილი; კომპოზიტორი და მუსიკალური ხელმძღვანელი – რუსუდან მორჩილაძე; სიმღერების ტექსტის ავტორი – ირინა სანიკიძე; კოსტიუმების მხატვარი – ანანო მოსიძე; რეჟისორის ასისტენტი – გურანდა იაშვილი; სცენოგრაფი – გიორგი უსტიაშვილი;

პიესის ავტორები – ირაკლი კაკაბაძე, რატი წეროძე, ნათია ამირიძე; გურანდა იაშვილი;

პროექტის ავტორები და მენეჯერები – ნათია ამირიძე, მიხეილ მაისურაძე.

 

სპექტაკლში ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის 18 მსახიობი თამაშობს: ლევან კახელი, ეკა დემეტრაძე, ნინო მითაიშვილი, ანა წერეთელი, მარინა ჯოხაძე, მაია წითლიძე, გიორგი ყველაშვილი, ლაშა რამიშვილი, გიგი ქარსელაძე, გიორგი ტორიაშვილი, ნიკა ნანიტაშვილი, ანა ჯავახიშვილი, ანა ზამბახიძე, ნატა ბერეჟიანი, ალეკო ბეგალიშვილი, ზაალ ჩიქობავა, გიორგი მოძმანაშვილი, ია შუღლიაშვილი, ნინო გომართელი.

ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება tkt.ge-ზე. ბილეთის ფასი 60-დან 80 ლარამდე შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები