საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს საუკეთესო გუნდთან სათამაშოდ ემზადება. ბორჯღალოსნებმა ახალ ზელანდიასთან მატჩის წინ კარდიფის მახლობლად, ნიუპორტში დაიდეს ბინა.
შეგახსენებთ, საქართველო ”ოლ ბლექს” პარასკევს, 2 ოქტომბერს დაუპირისპირდება. თამაში სახელგანთქმულ კარდიფის ”მილენიუმზე” შედგება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
გუნდის განწყობასა და შანსებზე ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი მერაბ კვირიკაშვილი გვესაუბრება, რომელსაც ინგლისში დავუკავშირდით:
– ნაკრები უკვე ემზადება ახალ ზელანდიასთან შეხვედრისათვის, როგორია განწყობა გუნდში?
– განწყობა ისეთია, როგორც ყოველთვის, საბრძოლო. ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო გუნდს ვხვდებით. მიუხედავად ამისა, ბოლომდე ვიბრძოლებთ. თუმცა უკვე თავად ის ფაქტიც კი მრავლისმეტყველი და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მეტოქე სწორედ ახალი ზელანდიაა. ვეცდებით, რომ მათი ძლიერი მხარეები მეტ-ნაკლებად გავანეიტრალოთ და მეტოქის უპირატესობა აღმოვფხვრათ.
– რას გვეტყვით ტრავმირებულ მორაგბეებზე, დასრულდა თუ არა მათი რეაბილიტაციის პროცესი?
– დიახ, მათი გამოჯანმრთელების პროცესი თითქმის დასრულებულია. სავარაუდოდ რამდენიმე მათგანი ახალ ზელანდიასთან მატჩში დაბრუნდება. საერთოდ, ამ თამაშში აქცენტი დასვენებულ მოთამაშეებზე გაკეთდება.
– ეს კი იმას ნიშნავს, რომ შემადგენლობაში ცვლილებები იქნება…
– დიახ, ახალ ზელანდიასთან უფრო დასვენებული მორაგბეები ითამაშებენ. ასე რომ, ცვლილებები მოსალოდნელია. ვფიქრობ, რომ მეც დავისვენებ ამ შეხვედრაში, რათა ნამიბიასთან მატჩისათვის უკეთ მოვემზადო. ნამიბიასთან მოგება ჩვენი უმთავრესი ამოცანაა.
– შეიძლება ჩემპიონატის დასრულებამდე ცოტა ნაადრევი იყოს ამაზე საუბარი, მაგრამ მაინც გკითხავთ: როგორ ფიქრობთ, არის თუ არა საერთაშორისო რაგბის კავშირი მზად იმისათვის, რომ ექვსი ერის შემადგენლობა გაფართოვდეს და საქართველოს და მსგავს გუნდებს მიეცეთ შანსი მოხვდნენ ელიტაში?
– ვფიქრობ, ამაზე საუბარი ოდნავ ნაადრევია. ქართული რაგბი მაღალ დონეზეა და ჩვენი უფრო განვითარებისათვის ეს ნამდვილად შესანიშნავი იქნება, მაგრამ უფრო მეტი შრომა არის საჭირო. ისე კი, თუ ექვსი ერი გაფართოვდა და იქ მოხვდა საქართველო, და სავარაუდოდ რუმინეთიც, ეს ქართულ რაგბს სულ სხვა სიმაღლეზე აიყვანს.
– ეს შანსს მოგვცემს ტურნირებზე მუდმივად ძლიერ გუნდებს ვეთამაშოთ.
– ნამდვილად. ეს კი ჩვენი საერთო დონის კიდევ უფრო ამაღლებას შეუწყობს ხელს.
[Best_Wordpress_Gallery id=”48″ gal_title=”gallery for rugby”]