გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რუსეთის ეკლესიის მეთაურმა, კირილემ აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას “არჩევნებში” გამარჯვება მიულოცა საქართველოს საპატრიარქო ეხმაურება.
„მართალია, მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე არ იძებნება აფხაზეთის ,,პრეზიტენტისადმი“ რუსეთის ეკლესიის მეთაურის მილოცვა, მაგრამ, ვინაიდან მათი მხრიდან არ მოხდა ამ ფაქტის უარყოფა, ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას:
აფხაზეთის მიწა-წყალი რომ ძირძველი ქართული ტერიტორიაა და იგი მხოლოდ საქართველოს საზღვრების ერთიანობაში უნდა იქნას აღქმული, ამას არც რუსეთის ეკლესია უარყოფს და აღნიშნულ სივრცეში საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას აღიარებს. ამ ფონზე მისი უწმინდესობის, კირილეს, ქმედება ჩვენთვის გაუგებარია და აღიქმება სეპარატიზმის წახალისებად, რაც ქართველებსა და აფხაზებს შორის მშვიდობიანი ურთიერთობისაკენ სწრაფვის შემაფერხებელია.
გამოვთქვამთ იმედს, რუსეთის ეკლესია პატივისცემით მოეპყრობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს და, გამომდინარე ქრისტიანული სწავლებიდან, ხელს შეუწყობს საქართველოსა და რუსეთს, ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას,“- აღნიშნულია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაში.