LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენების რაოდენობა 14.7 %-ით გაიზარდა

23

წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 2017 წლის 9 თვის სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენების რაოდენობა 14.7 %-ით არის გაზრდილი, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაცია” ავრცელებს. მათივე ცნობით, ასევე გაიზარდა როგორც საქართველოს აეროპორტებში მომფრენი და გამფრენი, ასევე სატრანზიტო რეისების რაოდენობაც.

2017 წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოს საჰაერო სივრცეში შესრულდა 106 633 ინსტრუმენტალური ფრენა. ეს მაჩვენებელი 13 482 ფრენით და 14.7%-ით მეტია 2016 წლის 9 თვის მაჩვენებელზე. მიმდინარე წელს საქართველოს აეროპორტებში შესრულებული აფრენა-დაფრენის რიცხვი 30 248 გაუტოლდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე 38%-ით მეტია.

“საქაერონავიგაციის“ მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში ასევე გაიზარდა ტრანზიტული რეისების რაოდენობაც და 76 385 ფრენა შეადგინა, რომელიც 2016 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 7.23%-ით მეტია. 2017 წლის სამივე კვარტალში საქართველოს საჰაერო სივრცეში ნაფრენმა დისტანციამ 31 333 428 კმ-ს შეადგინა, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს 3.45% – ით აღემატება.

“ფრენების ზრდის ტენდენცია მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე გვაყენებს და მისი შენარჩუნება კვლავაც რჩება კომპანიის პრიორიტეტად. უკანასკნელი 4 წლის მანძილზე ჩვენ დავნერგეთ ახალი ტექნოლოგიები, განვაახლეთ არაერთი არსებული სისტემა და რეგიონში პირველებმა დავნერგეთ თავისუფალი მარშრუტები, რამაც კიდევ უფრო ეფექტიანი გახადა საჰაერო მოძრაობის მართვა. მოკლე საჰაერო მანძილი თავის მხრივ გულისხმობს ფრენის დროს, საოპერაციო ხარჯების და ეკოლოგიაზე ნეგატიური ზემოქმედების შემცირებას, რაც დადებითად აისახება ტურიზმზე და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზეც”, – განაცხადა „საქაერონავიგაციის“ გენერალურმა დირექტორმა გოჩა მეზვრიშვილმა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ორგანიზაციამ თბილისის საჰაერო მოძრაობის მართვის ახალი ცენტრის მშენებლობა უკვე დაასრულა, სადაც ამჟამად უახლესი ტექნოლოგიების მონტაჟი მინდინარეობს. ახალი ცენტრი ექსპლუატაციაში მომავალი წლის გაზაფხულზე შევა, რაც საქართველოს საჰაერო სივრცის გამტარუნარიანობას კიდევ უფრო გაზრდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები