LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპელ კოლეგებს ხვდება

63

ნატო-ს 2016 წლის ვარშავის სამიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრები გამართა საფრანგეთისა და ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრებთან ჟან მარკ ეროსთან და ბერტ კოენდერსთან.

ევროპელი კოლეგები მიესალმნენ ნატო-ს სამიტის ფარგლებში პირველად ნატო-საქართველოს კომისიის ჩატარებას და აღნიშნეს, რომ ამგვარი მაღალი დონის ფორმატში საქართველოს მონაწილეობა ალიანსის მხრიდან საქართველოს პოლიტიკური მხარდაჭერის კიდევ ერთ გამოხატულებაა.

საფრანგეთისა და ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს საკუთარი ქვეყნების ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. ორივე შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს მიერ ამ გზაზე მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი.

მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. ნიდერლანდების საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ გამოხატა ნიდერლანდების მზადყოფნა დაეხმაროს საქართველოს ასოცირების შეთანხმებისა და თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ნაწილის ეფექტურ იმპლემენტაციაში. მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივას და შეთანხმდნენ ხელი შეუწყონ ამ მიმართულებით კავშირების გაღრმავებას.

ევროპელ კოლეგებთან შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა ევროპული დღის წესრიგის ფარგლებში საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებზე. თავის მხრივ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა ის შთამბეჭდავი პროგრესი, რასაც საქართველომ მოკლე ხანში მიაღწია.
შეხვედრებზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე და კონფლიქტების მოგვარების კუთხით საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკაზე.

მინიტრმა მადლობა გადაუხადა ევროპელ კოლეგებს საქართველოს პოლიტიკური მხარდაჭერისა და მრავალი მიმართულებით პრაქტიკული დახმარებისთვის. მიხეილ ჯანელიძემ ფრანგი და ჰოლანდიელი კოლეგა საქართველოში მოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები