LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს საავტომობილო გზებზე უამინდობის გამო შეზღუდვებია დაწესებული

163
tovli-manqanebi

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზებზე გადაადგილების შეფერხებების თავიდან­ აცილების მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით, გარდა მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის მიმართულებისა, აქტიური გაწმენდითი სამუშაოები და ქვიშა-მარილის ნარევის დაყრა დილიდან მიმდინარეობდა. ამის შესახებ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იუწყება.

მათივე ცნობით, გზების გარკვეულ მონაკვეთებზე საავტომობილო მოძრაობა დილიდან აკრძალულია ნებისმიერი ტიპის ავტოტრანსპორტისათვის, ზოგიერთზე კი გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ მოცურების საწინააღდეგო ჯაჭვებით.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციითვე, გზებზე მიმდინარე გაწმენდითი სამუშაოების მიუხედავად, ავტოტრანსპორტის გადაადგილებას, ინტენსიური ნალექის გარდა, აფერხებდა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების, ზოგ შემთხვევაში კი, არასეზონური საბურავებით მოძრაობა.

ამ დროისთვის, ზვავსაშიშროების გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა კვლავ მოქმედებს საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე. მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

ამასთან, ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, რიკოთის უღელტეხილის რიგ მონაკვეთებზე კვლავ აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო ზოგიერთ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

როგორც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ინტენსიური თოვის გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ასევე აკრძალულია ხაშური-აწყური, საჩხერე-ონის, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის (ნაქერალას უღელტეხილი), ლენტეხი-მელეს, ხაიში-კალას, ახალციხე-ნინოწმინდას და ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის მონაკვეთზე. ამასთან, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია მთის გზებზე – კორშა-შატილის მონაკვეთზე, კალა-უშგულის მონაკვეთზე, ფარავანის უღელტეხილის მონაკვეთზე.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი საავტომობილო გზების გაწმენდით სამუშაოებს გააგრძელებს მთელი ღამის განმავლობაში და მოუწოდებს მოსახლეობას დაიცვას საქართველოს გზებზე დაწესებული შეზღუდვები და გზებზე, სადაც მოსალოდნელია ნალექი და დაბალი ტემპერატურა იმოძრაონ ზამთრის სეზონური საბურავებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები