საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტთან განვითარებულ მოვლენებს ”საქართველოს რკინიგზის” ინფრასტრუქტურის ფილიალის იურიდიული სამსახურის უფროსი ნანა კლარჯეიშვილი ეხმაურება. მისი თქმით შენობაში უცხო პირების შემოჭრა დაუშვებელია და ეს არის კანონდარღვევა.
მანვე აღნიშნა, საქართველოს რკინიგზამ არაერთხელ განაცხადა და კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ მოშიმშილეებისთვის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება უზრუნველყოფილია.
ნანა კლარჯეიშვილის თქმით, საქართველოს რკინიგზა კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოშიმშილე რკინიგზელებს შეწყვიტონ შიმშილობა, დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში ცივილურად გადაწყვეტონ მათთვის მნიშვნელოვანი პრობლემები.
საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯამში 10 ადამიანი დააკავეს, – ამის შესახებ რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების თავმჯდომარე, გიორგი გიორგაძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის წინ შიმშილობის აქცია კვლავ გაგრძელდება იქამდე, ვიდრე მოშიმშილეთა მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
მოშიმშილე რკინიგზელების აქციაზე დღეს ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეთა გარკვეულმა ნაწილმა საქართველოს რკინიგზის ოფისის ფოიეში შესვლა სცადეს. ისინი მოითხოვდნენ, რომ მოშიმშილეებისთვის ფოიეში შესვლის და იქ ყოფნის საშუალება მიეცათ.
საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის შესავლელთან მობილიზებულმა სამართალდამცველებმა მათ შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს. აქციის მონაწილეებს და სამართალდამცველებს შორის ხმაური და დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე პირი დააკავეს.