საქართველოს რკინიგზამ სატვირთო გადაზიდვების 2022 წლის პირველი 6 თვის შედეგები გამოაქვეყნა. მიმდინარე წლის პირველ ორ კვარტალში, კომპანიამ ჯამურად 6.8 მლნ ტონა ტვირთი გადაზიდა, რაც წინა წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 13.3%-ით აღემატება. რაც შეეხება შემოსავლებს, გადაზიდვებიდან მიღებულმა შემოსავალმა 191 მლნ ლარს გადააჭარბა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო 7 წლის განმავლობაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს რკინიგზა სატვირთო გადაზიდვებში ზრდის ტრენდს 2018 წლიდან ინარჩუნებს. გადაზიდვების მაჩვენებლები გაზრდილია ყველა მიმართულებით. ესენია: ჩინეთი (6, 129 TEU), ყაზახეთი (7, 708 TEU), შუა დერეფანი (13, 837 TEU) და ბაქო-თბილისი-ყარსი (11,112 TEU). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გადაზიდვები მომატებულია შემდეგი სახეობის ტვირთებზე: მაზუთი (ყაზახეთიდან), ნედლი ნავთობი (ყაზახეთიდან), მეთანოლი (აზერბაიჯანიდან), კარბამიდი (თურქმენეთიდან, უზბეკეთიდან, აზერბაიჯანიდან), შაქრის ნედლეული (შუა აზიიდან).
საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის, დავით ფერაძის განცხადებით, კომპანიის მთავარი გამოწვევა ისევ უცვლელია: ,,ახალი ტვირთების მოზიდვა დერეფანში და მათი შენარჩუნება გრძელვადიან პერსპექტივაში.“