საქართველოს რკინიგზამ 2021 წელი 52.7 მილიონი ლარის მოგებით დახურა. კომპანიის ინფორმაციით, პანდემიის მიუხედავად, 2021-ში რკინიგზის ტვირთბრუნვა გაიზარდა და 12 მილიონი ტონა შეადგინა. სატვირთო გადაზიდვებში ზრდის ტრენდს საქართველოს რკინიგზა 2018 წლიდან ინარჩუნებს. რაც შეეხება საოპერაციო შემოსავლებს, კომპანიას ამ სეგმენტშიც პოზიტიური ცვლილებები აქვს. სოპერაციო შემოსავლები 12%-ით გაიზარდა, რაც ჯამურად 547 მილიონი ლარია.
აღსანიშნავია, რომ 2021 წლის მე-2 კვარტალში საქართველოს რკინიგზამ 2012 წლის ობლიგაციების წარმატებული რეფინანსირება მოახდინა. ახალი მწვანე ობლიგაციების გამოშვებით ორგანიზაციამ წლიური საპროცენტო განაკვეთი 7.75-დან მინიმალურ 4 %-მდე შეამცირა. კომპანია 7 წლის ჭრილში 130 მილიონ დოლარზე მეტს დაზოგავს.
შეგახსენებთ, რომ 2016 წლის შემდეგ, საქართველოს რკინიგზას ჰქონდა აქტივების გაუფასებურების და ლარის დევალვაციით გამოწვეული ზარალი. 2021 წელს კი პანდემიის და სხვა გამოწვევების მიუხედავად, კომპანიის მენეჯმენტმა ნეგატიური ტრენდის შემობრუნება შეძლო და წელი მოგებით დახურა.