LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოს რკინიგზა“ ელექტრომატარებლებზე გავრცელებულ ინფორმაციას დისკრედიტაციად აფასებს

32

”საქართველოს რკინიგზა” ბოლო დღეების განმავლობაში, პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების გარკვეეული ნაწილის მხრიდან გავრცელებულ ინფორმაციას მიზანმიმართულ დისკრედიტაციად აფასებს და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ”ფორტუნა” უცვლელად გთავაზობთ:

”ბოლო დღეების განმავლობაში, პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების გარკვეეული ნაწილის მხრიდან, სხვადასხვა მედიასაშუალებებისა თუ სოციალური ქსელების საშუალებით, მიმდინარეობს „საქართველოს რკინიგზის“ მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობა. „აღშფოთებული“ ადამიანების მხრიდან მუდმივად ისმის ცილისმწამებლური და სრულიად უსაფუძვლო განცხადებები იმ სიახლის შესახებ, რაც „საქართველოს რკინიგზის“ მიერ ორსართულიანი ელექტრომატარებლის შემოყვანას უკავშირედება.

გვსურს, კიდევ ერთხელ შევახსენოთ პატრიოტული სულისკვეთებით „აღგზნებულ“ ოპონენტებს, რომ მათთვის სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობის უდიდესი მხარდაჭერითა და საქართველოს რკინიგზის დიდი მონდომებით, შვეიცარული კომპანია „Stadler Bussnang AG“-ის ელექტრომატარებელი მგზავრთა კომფორტულ გადაყვანას შავი ზღვის მიმართულებით აუცილებლად განახორციელებს. ოთხი, ახალი მატარებელი, აღჭურვილია ულტრათანამედროვე ტიპის უსაფრთხოების სისტემებით, რომლებიც ყველა სტანდარტის მოთხოვნებთან არის შესაბამისობაში. მატარებლის ტექნიკური მონაცემები სრულად შეესაბამება საქართველოს რკინიგზის მოთხოვნებს. ამასთან, სრულად აკმაყოფილებს საქართველოს რკინიგზის მოქმედ გაბარიტებს. ლიანდაგის სიგანე, რომელზეც მატარებელია გათვლილი 1520 მმ-ია.

ელექტრომატარებლის სიგრძე 101,7მ ხოლო სიგანე 3400 მეტრია. ახალი ელექტრომატარებლის სიმაღლე 5240 მილიმეტრს შეადგენს და 400 მგზავრზეა გათვლილი. ტექნიკური მოთხოვნების შესამუშავებლად კი საქართველოს რკინიგზამ Deutsche Bahn-ის ექსპერტების მომსახურებით ისარგებლა. ტექნიკურ პარამეტრებზე გერმანელ სპეციალისტებთან ერთად ქართული მხარეც მუშაობდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ Stadler Kiss მოდელის მატარებელი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებაზეა გათვლილი. მათთვის მატარებელში ფუნქციონირებს ლიფტები და სველი წერტილები. გარდა ამისა, საპირფარეშოში ჩვილბავშვთა მოვლისათვის საჭირო სპეციალური მაგიდაა განთავსებული. Stadler Kiss მოდელის მატარებელი ევროპის ყველაზე მაღალი სტანდარტების მოთხოვნებს აკმაყოფილებს. აღნიშნული მოდელის მატარებელი შვეიცარიაში, ბელგიაში, გერმანიაში, ავსტრიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში კურსირებს. დღიდან ექსპლუატაციაში შესვლისა, (1890 წელი) 1972 წლამდე, წიფის გვირაბი განკუთვნილი იყო ერთლიანდაგიანი სარკინიგზო მოძრაობისთვის. 1972 წლიდან წიფის გვირაბში ჩატარდა რეკონსტრუქცია და დაემატა მეორე ლიანდაგი. რეკონსტრუქციის შემდეგ კი, გამომდინარე გვირაბის კონფიგურაციიდან, ურთიერთსაპირისპიროდ მოძრავი სამგზავრო ელექტრომატარებლების შეხვედრა გვირაბში არ ხდება. გამონაკლისი არც შტადლერის მატარებელი იქნება.

რაც შეეხება სიჩქარეს, რთული რელიეფის და მცირერადიუსიანი მრუდების გათვალისწინებით, იგი მთელს უღელტეხილის უბანზე შეადგენს 50 კმ/სთს ყველა სამგზავრო მატარებლისთვის და ამ შემთხვევაშიც, შტადლერის მატარებელის ფაქტორი არაფერშუაშია. კიდევ ერთხელ შევახსენებთ განცხადების ავტორებს, რომ შტადლერის მატარებელი სრულად აკმაყოფილებს 1520 სივრცეში მოქმედ გაბარიტის მოთხოვნებს და შესაბამისობაშია საქართელოს რკინიგზის ინფრასტრუქტურასთან (მათ შორის, საკონტაქტო ხაზის მახასიათებლებთან) რომელზეც მუდმივად მიმდინარეობს მოვლა-შენახვისა და რემონტის გეგმიური სამუშაოები”, – ნათქვამია რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.