LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოს პროკურატურა, ერთი თვე გაქვთ“ – ლაგოდეხში ექსკურსიაზე გარდაცვლილის და ულტიმატუმს აყენებს

417
ბარკერი

ერთი წლის წინ ლაგოდეხში, სკოლის ექსკურსიაზე გარდაცვლილი სოფი ნიკოლეიშვილის დას, ბლოგერ სალომე ბარკელს არაერთხელ უთქვამს, რომ საქმის გამოძიებას ბოლომდე ჩაყვებოდა და სიმართლეს აუცილებლად დაადგენდა.

სალომე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და პროკურატურას საქმის დასამთავრებლად ერთთვიან ვადას აძლევს.

„მოდი, დავიწყებ მადლობით. მადლობა ყველას, რომ მიუხედავად იმისა, რამდენად გაინტერესებთ ან გადარდებთ ეს საკითხი – არცერთხელ იმაზე მეტი არავის გიკითხავთ ჩემთვის, ვიდრე მე მინდოდა მომეყოლა. მადლობა ამისთვის. ბევრს ნიშნავს.

ახლა საქმე: დღეს 2020 წლის 4 ივნისია, უმრავლესობა თქვენგანმა იცით და ალბათ არ არსებობს ადამიანი, ვინც არ იცის ან არ ეწყინა (ნუ, არსებობენ, მაგრამ ადამიანები არ არიან) ეს ამბავი, კერძოდ 2019 წლის 26 მაისს მომხდარი ე.წ. უბედური შემთხვევა გურგენიანის ჩანჩქერზე, ლაგოდეხში, რომელმაც იმსხვერპლა ჩემი 16 წლის უსაყვარლესი და სოფი, მზეც, მთვარეც და ყველა ვარსკვლავი რომ ამომდიოდა მასზე და ყველა ციური სხეული რომ ჩაიყოლა იმ ჩანჩქერში იმ დღეს. აწ და მარადის, უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ეს ერთი წელიც, რომელიც ვიღაცისთვის თვალის ერთ დახამხამებაში და ვიღაცისთვის ერთი თვალის ხამხამში გავიდა, არ მგონია დიდად უცნობი იყოს თქვენთვის რითი ვიყავი დაკავებული – ძირითადად ჩემი ყურადღების ქვეყნის ბედზე დარდში გადატანით და შიგადაშიგ გლოვით, აქაიქ გაქცევით და გამოქცევით. თუმცა, სარბენი კიდევ ბევრია.

და გაინტერესებთ რაში გავიდა ეს ერთი წელი საქართველოს პროკურატურისთვის, რომელიც მომხდარს იძიებს?

30-მდე მოწმე დაკითხა და ხუთამდე “საბუთი” გამოითხოვა განათლების სამინისტროდან.

30-მდე მოწმიდან 17 სოფის კლასელია, იმ დღესვე და მომდევნო დღეებში დაიკითხნენ მასწავლებლებთან ერთად. დანარჩენი მოწმეები (რეინჯერი, ნაკრძალის დირექტორი, ადგილზე მყოფი ოთხი ტურისტი, მე და დედაჩემი) ასევე მალევე, ზაფხულში. ექსპერტიზაც, ყველა საჭირო და სტანდარტული პროცედურაც ზაფხულში დასრულდა.

 

გარდაცვლილი სოფი ნიკოლეიშვილის დედა: „რას ვგრძნობ შენი დაკარგვიდან 23-ე დღეს? ვიხარშები…“

 

ზაფხულის მერე გავიდა – ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, ექვსი, შვიდი, რვა, ცხრა თვე და ამდენი თვის განმავლობაში საქმის გამომძიებელი გვპასუხობს, რომ (აბა, გამოიცანით) “მიმდინარეობს გამოძიება” და საქმის პროკურორი გვპასუხობს, რომ (და აქ ვერსიები მეტნაკლებად მრავალფეროვანია):

1) აი, აი, ამწამს ზემდგომი მოხსნეს და გადაწყვეტილებას ვერ იღებს,
2) აი. აი, გუშინ ახალი ზემდგომი დანიშნეს და გადაწყვეტილებას ჯერ ვერ იღებს.
3) აი, აი, ხვალ რაღაცას შეათანხმებს.
4) აი, ეხლა შვებულებაშია პროკურორი.
5) ეხლა ტრენინგზეა.
6) ისევ მოიხსნა ზემდგომი, ხო იცით არა როგორც არის.
7) ეხლა პანდემია და..
8) ისევ შესათანხმებელია რაღაცა.
9) აი, ერთი თვეც და.

ეს ბოლო “დათქმა” გუშინ ვათქმევინეთ, მას შემდეგ, რაც ტელეფონში დაჟინებით ჩავაბჟირდით და მოგვახსენა, რომ აი, ეს ერთი თვეც და მისი პირადი აზრით, წესით, მისი პირადი სუბიექტური აზრით, არ უნდა იყოს პრობლემა, რომ საქმე ან დახუროს, ან ბრალი წაუყენოს მას, ვისი ბრალეულობაც, მისი პირადი აზრით, გამოიკვეთება.

ამ საქმეზე ვინმეს ბრალეულობა გამოიკვეთება თუ არა, სოფის სკოლა, მისი ყოვლად ამაზრზენი პოზიციის გამო იმ წამის გარდაცვლილ ბავშვთან (მაგალითად მხოლოდ დირექტორის ტყუილი რად ღირს: 27 მაისი, 12:00 საათიანი კურიერი: “ეგ ბავშვი ქვაზე შეხტა და წყალში ჩავარდა!”) აუცილებლად აგებს პასუხს სამართლებრივად. ეს ცალკე თავია. ახლა ამაზე არ ვწერ.

ერთი წელია მშვიდად გელოდებით და მიუხედავად ამ დროში ჩემდამი მოპყრობილი ყურადღებისა, არცერთხელ არსად მიხსენებია სოფის ამბავი არც პირდაპირ, არც ირიბად, არც არანაირად. პირველად ვწერ საჯაროდ ამ საქმეზე რამეს, ერთი წელია როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე ველოდები აბა, რას ფიქრობთ, რა დასკვნა ვერ გამოიტანეთ ამდენი ხანი და ჩამომკიდეთ გულზე ეს უდიდესი გადაუწყვეტელი ლოდი? რას შვრებით? რა ვერ გაარკვიეთ და გამოიძიეთ? ან მითხარით, რომ სსკ 116-ე მუხლი, “სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით” ვერ ამოიკითხეთ ვერსად მომხდარში, ან მითხარით, რომ ამოიკითხეთ და იწყებთ სისხლის სამართლებრივ დევნას.

საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia როგორც ითხოვთ, ერთი თვე გაქვთ.

3 ივლისამდე“,- წერს სოციალურ ქსელში სალომე ბარკერი.

2019 წლის 26 მაისს, ლაგოდეხში, „ნინოსხევის ჩანჩქერის” მიმდებარე ტერიტორიაზე, სკოლის მოსწავლეები ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი მდინარეში ჩავარდა და სწრაფმა დინებამ წაიღო.

„თუნდაც თმით გამოეთრია, სიცოცხლე გადაერჩინა…ექსკურსია პასუხისმგებლობაა და არა ქეიფი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები