საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ერისა და ქვეყნის წინაშე გაწეული ღვაწლისა და მაღალი მოქალაქეობრივი მრწამსისთვის, მსოფლიო ასპარეზზე ქვეყნის წარმოჩენისათვის ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.
„თქვენი მადლიერია სახელმწიფო და ერი, იმისათვის რაც გააკეთეთ საქართველოს პოპულარიზაციისათვის და იმისათვის, რაც გაუკეთეთ საზოგადოებას თქვენი მორალური პოზიციით“, – მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა ნონა გაფრინდაშვილს სახელმწიფო ჯილდოს გადაცემისას.
როგორც ცნობილია, პრეზიდენტმა 2015 წელი ქალთა წლად გამოაცხადა. მის ფარგლებში ქვეყნის პირველმა პირმა ბოლო პერიოდში არაერთი ქალი დააჯილდოვა.