LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს შეხვდა

61

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბათუმში, ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, ჯანი ბუკიკიოს შეხვდა.

საუბარი შეეხო მმართველი გუნდის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული, დაბალანსებული კონსტიტუციის შექმნას ემსახურება.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ცვლილებებით, რომელიც პოლიტიკოსებით, არასამთავრობო ორგანიზაციებითა და დამოუკიდებელი ექსპერტებით დაკომპლექტებულმა საკონსტიტუციო კომისიამ უპრეცედენტო მასშტაბის სახალხო განხილვების საფუძველზე შეიმუშავა, საქართველოს ექნება კონსტიტუცია, რომელიც უზრუნველყოფს სრულფასოვან საპარლამენტო მმართველობის მოდელს; უზრუნველყოფს უფრო ეფექტურ მთავრობას; კიდევ უფრო მეტად აკონკრეტებს პრეზიდენტის, როგორც ნეიტრალური არბიტრის ფუნქციებს; უზრუნველყოფს ადამიანის, საზოგადოების დაცულობის უფრო მაღალ ხარისხს.

შეხვედრისას, საუბარი შეეხო პროპორციულ სისტემაზე გადასვლის თარიღს, რაც 2024 წლიდან იგეგმება. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა მმართველი გუნდის პოლიტიკური ნებით ხდება, რაც დიდი მიღწევაა და ეს საკითხი არც ერთი ხელისუფლების პირობებში, დღის წესრიგშიც არ დამდგარა.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ვენეციის კომისიის პრეზიდენტის შეხვედრა ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17 კონგრესის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც ბათუმი მასპინძლობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები