საქართველოს პირველობა წყვილთა რბოლაში უკვე ყოვეწლიურ გასართობად გადაიქცა ქართველ ავტომოყვარულებში. მოზღვავებული ადრენალინი, ნაცნობი თუ უცნობი ავტომობილები, ახალბედა თუ პროფესიონალი მრბოლელები, პრიზები და ავტოსპორტში კიდევ ერთი წინ გადაგმული ნაბიჯი, სწორედ ესაა პირველობის ის ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალები, რომელიც ასე იზიდავთ ქართველ ავტომოყვარულებს.
პირველობის პირველი ეტაპი გუშინ, 28 თებერვალს ჰუალინგის საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე გაიმართა, თუმცა, საერთო ჯამში ტურნირი 6 ეტაპად ჩატარდება, რომელიც თბილისის გარდა საქართველოს სხვა ტერიტორიებსაც მოიცავს. პირველობის ორგანიზატორი Mitsubishi Club Georgia გახლავთ. ”ავტორადიო” საინტერესო დეტალებისა და სამომავლო გეგმების შესახებ კლუბის პრეზიდენტს ლადო ჯავახიშვილს დაუკავშირდა.
როგორც ვიცი დიდი ხანია, რაც ამ ტურნირის ორგანიზატორი ბრძანდებით, რამდენი წელია რაც ეს ტურნირი ტარდება და რომელი იყო ყველაზე დასამახსოვრებელი და გამორჩეული ?
ჩვენი კლუბი Mitsubishi Club Georgia ამ ტურნირის ორგანიზატორი 2010 წლიდან გახლავთ. ამასთანავე რამდენჯერმე დრაგის ორგანიზებაც შევძელით. წლების მანძილზე არაერთი ღონისძიება გავაკეთეთ, რუსთავი, თბილისი, მცხეთა, თელავი…
2015 წელს ავიღეთ ორგანიზების უფლება საქართველოს სავტომობილო სპორტის ფედერაცისგან და 2015 წლის სეზონი, რომელიც 6 ეტაპს შეადგენდა წარმატებით დავასრულეთ.
ჩვენმა მონდომებამ და შრომამ წინა წელს დახლოებით 150 მრბოლელი გააერთიანა და მთელი სეზონის მანძილზე მათი ავტოსპორტით დაინტერესება შევძელით, რა თქმა უნდა, მიყვარულის დონეზე, მაგრამ ყველა პრიფესიონალი მრბოლელი ასე მოდის ავტოსპორტში.
2016 წელს საქართველოს სავტომობილო სპორტის ფედერაცის მიერ მონიჭებული ორგანიზატორის ლიცენზიით დავიწყეთ პირველობა, რომელიც 6 ეტაპისგან შედგება და მოიცავს მთელ საქართველოს.
ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ღონისძიებები თბილისში, თელავში, გორში, ქუთაისსა და ბათუმშიც.
არის თუ არა წლევანდელი პირველობა დანარჩენებთან შედარებით გამორჩეული და რამდენად კმაყოფილი ხართ მრბოლელთა აქტიურობით?
წლევანდელი პირველობა მართლაც გამორჩეულია. ჩვენ წელს საქართველოს 5 ქალაქში გვაქვს პირველობის ეტაპები და ვცდილობთ, ყველა რეგიონს ვაჩუქოთ სანახაობა და დავაინტერესოთ ადგილობრივი მოყვარულები. გარდა ამისა, რეგიონში მცხოვრებ ავტომოყვარულებსაც მიეცემათ პირველობაში მონაწილეობის საშუალება.
როგორც მოგეხსენებათ, გუშინ 28 თებერვალს კომპანია ”ვისოლის” მხარდაჭერით გაიმართა პირველი ეტაპი თბილისში, მონაწილეთა რაოდენობამ 100 მრბოლელს გადააჭარბა, სწორედ ამიტომ პირველი ეტაპის ორ ნაწილად გაყოფა მოგვიწია. პირველი ეტაპის მეორე ტური 5 მარტს გაიმართება.
როდის გაიმართება პირველობის დასკვნითი ეტაპი, რა სისტემით გამოვლინდებიან გამარჯვებულები და არის თუ არა ცნობილი საპრიზო ჯილდოების შესახებ?
პირველობის დასკვნითი ეტაპი გაიმართება 13 ნოემბერს. ჩვენმა სპონსორმა ”ვისოლმა” გამარჯვებულთათვის პრიზის სახით საწვავი და G Energy-ს სავტომობილო ზეთები დააწესა.
ასევე პირველობას რადიო კავშირით უზრუნველთოფს კომპანია ”კომუნიკომი” რომელიც მოტოროლას ოფიციალური რესელერია და ისინი გამარჯვებულებს მოტოროლას ფირმის ტელეფონებითა და აქსესუარებით დააჯილდოვებს.
რაც შეეხება გამარჯვებულის გამოვლენას, სისტემა ასეთია: თითოეული ეტაპის პრიზიორებს მიენიჭებათ შესაბამისი ქულები, გარდა ამისა, ქულათა სისტემა იმოქმედებს ათეულში მოხვედრილ მრბოლელებზეც. ხოლო სეზონის ბოლოს ქულების მაქსიმალური რაოდენობის მქონე მრბოლელები გამარჯვებულებად დასახელდებიან.
მრბოლელები იყოფიან 5 კატეგორიად და სეზონის ბოლოს გვეყოლება 5 პირველობის გამარჯვებული თავიანთ კლასში.
გარდა მოყვარულებისა ვის შეუძლია პირველობაში მონაწილეობის მიღება და როგორ ხდება რეგისტრაცია?
როგორც მოგახსენეთ, მრბოლელები იყოფიან კლასებად. მოყვარულები დაყოფილია 3 კლასად: წინაამძრავი, უკანაამძრავი და სრულამძრავიანი ტიპის ავტომობილებად, რაც შეეხება პროფესიონალ კლასს, ის 2 კატეგორიად იყოფა: სრულამძრავიანი და წინა-უკანა ამძრავიანი ავტომობილებად.
პირველობაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს, მოყვარულსა თუ პროფესიონალს შეუძლია.
როგორ ხდება რეგისტრაციის პროცესი?
რეგისტრაცია ხდება წინა დღით, ან ადგილზევე. მსურველები გადიან რეგისტრაციას მართვის მოწმობის წარდგენის შემდეგ. რეგისტრაციის ხელმძღვანელი ავტომობილის მიხედვით ანაწილებს მრბოლელებს კონკრეტულ კლასში.
აღსანიშნავია ისიც, რომ მალე მრბოლელებს საავტომობილო სპორტის ფედერაციის ვებ-გვერდზე შეეძლებათ რეგისტრაციის წინასწარ გავლა.
როგორც ვიცი, გუშინდელ ეტაპს პროტესტი მოყვა ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან. რა გახდა ამის მიზეზი და თუ იქნება გათვალისწინებული მათი მოთხოვნები შემდეგი ეტაპებისთვის?
დიახ, რამდენიმე პირი, რომელიც არ იმყოფებოდა ჩვენს ღონისძიებაზე და ღონისძიების ჩატარების ადგილზე საცხოვრებელ და სასტუმროს ტერიტორიაზე შეიჭრა და თვითნებურად მოაწყვეს ავტომობილებით ხმაური და შექმნეს დისკომფორტი, რამაც გამოიწვია გაღიზიანება და ტერიტორის მესაკუთრემ, რომელსაც არ ჰქონდა ზუსტი ცნობა, გადაწყვიტა შეეჩერებინა ღონისძიება და გადაგვედო რამდენიმე დღე…
ანუ ჩაიშალა პირველი ეტაპი?
მრბოლელების რაოდენომა საკმაოდ დიდი იყო, ამიტომ პირველი ეტაპის ორ ნაწილად გაყოფა გარდაუვალი გახდა, ამიტომ, პროტესტის გამო პირველობა ნამდვილად არ ჩაშლილა.
იმის გამო, რომ სიტუაცია კიდევ უფრო არ გაგვემძაფრებინა და პირველობას, რომელიც 2-3 საათამდე გასტანდა მოსახლეობისთვის კიდევ უფრო მეტი დისკომფორტი არ შეექმნა, პირველი ეტაპის მეორე ტური შაბათს, 5 მარტს იმართება და დასრულდება სრულყოფილად….