LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ნატოში გაწევრიანება არის ერთადერთი გარანტია რეგიონის უსაფრთხოების – ფხალაძე მედვედევის განცხადებაზე

151

რუსეთი ცდილობს განავითაროს ის მითი, თითქოს საქართველოს ნატოში ინტეგრაცია შესაძლებელია, დაკავშირებული იყოს რაიმე ტიპის დესტაბილიზაციასთან, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ განაცხადა. პრეზიდენტის მრჩეველი რუსეთის პრემიერმინისტრის, დიმიტრი მედვედევის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ნატოში საქართველოს შესვლას შეიძლება კატასტროფული შედეგები მოჰყვეს.

თენგიზ ფხალაძე აღნიშნავს, რომ რუსეთის მსგავსი რეაქცია ნატოს ბრიუსელის სამიტის შედეგია.

„ამ განცხადებაში, არც მის შინაარსში და არც მის ტონში ახალი არაფერი არ არის. უპირველეს ყოვლისა ვიტყვი, რომ რაზედაც მეტყველებს და მოწმობს ეს განცხადება არის ის, რომ რუსეთში, განსაკუთრებით ნატოს ბრიუსელის სამიტის მერე განსაკუთრებული სერიოზულობით ეკიდებიან საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებს და მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ვიხმართ ყველა ღონეს იმისათვის, რომ ეს პერსპექტივა მაქსიმალურად სწრაფად განხორციელდეს და ის, რომ აბსოლუტურად ყველამ დაინახოს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება ეს არის, შეიძლება ითქვას, ერთადერთი გარანტია რეგიონის უსაფრთხოების, სტაბილურობის და შემდგომი განვითარების,“ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა.

რუსეთის პრემიერმინისტრის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, ნატოში საქართველოს შესვლას შეიძლება კატასტროფული შედეგები მოჰყვეს.

„საქართველოს ნატოში შესვლამ შესაძლოა, საშინელი კონფლიქტის პროვოცირება მოახდინოს. გაუგებარია, ვის რაში სჭირდება ეს?“ – განაცხადა დიმიტრი მედვედევმა რადიოსადგურ „კომერსანტის“ ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები