მიმდინარე წლის მარტში საქართველოს ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ეწვევა, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, სტოლტენბერგი ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლების დროს ჩამოვა. როგორც მინისტრმა განაცხადა, ისტორიაში პირველად, სწავლებას საქართველოს თავდაცვის ძალები უხელმძღვანელებს.
მისივე ინფორმაციით, ფართომასშტაბიან სწავლებაში მონაწილეობას 22 ქვეყანა მიიღებს.
„წელს ნატოსთან თანამშრომლობა იღებს კიდევ უფრო ფართომასშტაბიან ხასიათს. კიდევ უფრო მეტი ნატო იქნება საქართველოში, ვინაიდან, ერთად ამბიციურ სწავლებებს ვგეგმავთ, რომელიც მარტში ჩატარდება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად მსგავსი ტიპის სწავლებებს სრულად უხელმძღვანელებს საქართველოს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი რგოლი. შესაბამისად, როგორც ამ სწავლების დაგეგმარება, ისე აღსრულების პროცესი მთლიანად ქართული თავდაცვითი ძალების პრეროგატივა და პასუხისმგებლობა იქნება, რაც კიდევ ერთხელ არის იმის დასტური, რომ ჩვენ ნატოსთვის სანდო პარტნიორი ვართ. ნატოს 22-მა წევრმა და პარტნიორმა ქვეყანამ გამოთქვა სურვილი, მონაწილეობა მიიღოს აღნიშნულ სწავლებაში.
ამ აღიარების დასტურია სტრატეგიულ დონეზე დაგეგმილი ვიზიტებიც, რომელიც 2019 წელს შედგება. უკვე დაანონსდა საქართველოში ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტი მარტის თვეში, როდესაც ეს სწავლებები ჩატარდება. ასევე, ველოდებით სამხედრო კომიტეტის ვიზიტს საქართველოში. ეს დინამიკა მართლაც შეუქცევადი და უპრეცედენტოა,“ – განაცხადა ლევან იზორიამ.