LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ნაკრების გზა 2021 წლის ევრობასკეტამდე – ნაწილი VII (ვიდეო)

141
hederi

კალათბურთის ფედერაცია განაგრძობს პროექტს – ქართული კალათბურთის გზა ევრობასკეტ2021-მდე, რომლის ფარგლებში საქართველოს ნაკრების კალათბურთელებს წარმოგიდგენთ. დღეს მთავარ მწვრთნელ ლევან მოსეშვილს, მსროლელ რამაზ გოგობერიშვილს, გამთამაშებელ არჩილ ჟღენტსა და ფორვარდ ნუგზარ კოკოლიშვილს წარმოგიდგენთ.

ეს სამი კალათბურთელი, მართალია, სხვადასხვა ქალაქებში დაიბადნენ, მაგრამ ერთი ქალაქი მაინც აერთიანებთ – რუსთავის “აზოტის” ღირსებას იცავდნენ.

“ვაშლი კალათში”

ქართული კალათბურთის გზა 2021 წლის ევრობასკეტამდე: ფედერაციამ ახალი პროექტი დაიწყო

ლევან მოსეშვილი

საქართველოს ნაკრებმა თავის ისტორიაში მეორე შესარჩევი ეტაპი 1997 წელს კვიპროსში დაიწყო. საკვალიფიკაციო ეტაპი გაიარა, შესარჩევში კი, სამი მატჩის შემდეგ მთავარი მწვრთნელი შეიცვალა.

…ბესიკ ლიპარტელიანისგან ესტაფეტა ლევან მოსეშვილმა გადაიბარა. ახალი მწვრთნელის დანიშვნამ ყოფითი პრობლემები უკან ვერ მოიტოვა:

– ძალიან რთული იყო თითოეული მატჩისთვის მზადება. ფედერაციის მაშინდელ ხელმძღვანელობას შეიძლება სურდა კიდეც, ჩვენთვის პირობები რომ შეექმნა, მაგრამ ამის გაკეთებას ვერ ახერხებდა. არც იმას ვამტკიცებ, რომ შესაბამისი ხელშეწყობის შემთხვევაში ფინალურ ეტაპზე მოხვედრას შევძლებდით. ძალიან ძლიერი მეტოქეები გვყავდა. პირველად ნაკრებს ლატვიაში გავუძეხი. ძალიან რთული შეხვედრა გამოდგა, – იხსენებს ლევან მოსეშვილი.

შესარჩევი ეტაპი ვერ დავძლიეთ. 1999 წელს კი ახალი ციკლი დაიწყო. საქართველოს ნაკრებში ახალი სახეები გამოჩნდნენ, გუნდი შვეიცარიაში გაემგზავრა, სადაც მეტად საინტერესო, მაგრამ რთული ბრძოლები გადახდა. მათ შესახებ უშუალოდ კალათბურთელები მოგვითხრობენ. აქ კი მოგახსენებთ, რომ შვეიცარიიდან დაბრუნებულ ნაკრებში მთავარი მწვრთნელი კვლავ შეიცვალა.

– ვთვლი, რომ ჩვენს შრომას უკვალოდ არ ჩაუვლია. მიდიოდა გეგმაზომიერი მუშაობა გაახალგაზრდავებისკენ. ვლადიმერ ბოისას ნაკრებში პირველად მე ვუხმე. შემდეგ იგი გაიზარდა და მაღალი დონის მოთამაშედაც ჩამოყალიბდა. 1999 წლის საკვალიფიკაციო ტურნირში ეროვნული გუნდის მაისური ცქიტიშვილსაც მოვარგეთ. მას მერე რა პროგრესი განიცადა ნიკამ, ჩემი შეხსენება არ გჭირდებათ, – ესეც ლევან მოსეშვილის სიტყვებია.

 

საქართველოს ნაკრების გზა 2021 წლის ევრობასკეტამდე – ნაწილი IV (ვიდეო)

 

არჩილ ჟღენტი

1999 წელს (ევრო-2001-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე) ლევან მოსეშვილის კრებულმა გადამწყვეტი მატჩი პორტუგალიასთან ჩაატარა. შეხვედრის მსვლელობაზე გვესაუბრება არჩილ ჟღენტი, რომელმაც 32 წუთში 17 ქულა ჩააგდო, 10 საჯარიმოდან ერთიც არ აუცილებია:

– ბელგიასთან და მასპინძელ შვეიცარიასთან წაგებების შემდეგ ჯგუფიდან გასასვლელად პორტუგალიის ძლევა გვჭირდებოდა. ამ შეხვედრისთვის ფსიქოლოგიურადაც კარგად მოვემზადეთ, სათანადო ფორმაშიც შევედით და საბოლოოდ 10 ქულის სხვაობით მოვიგეთ. პირველი ტაიმის თანაბრად ჩატარების მერე ტემპს ვუმატეთ და 16 ქულის სხვაობით დავწინაურდით. კარგად ირჯებოდა ვახტანგ ნაცვლიშვილი, რომელიც გუნდის მთავარი მექულე იყო. პორტუგალიელებმა შეხვედრის ბოლოს სხვაობა შეამცირეს, ბოლო წუთებზე სიტუაცია დაიძაბა, მაგრამ გამარჯვებისთვის ვიყავით შემართულნი და დასკვნით მონაკვეთშიც დამაჯერებელი თამაში ვუჩვენეთ.

პორტუგალიელებს 75:65 ვაჯობეთ, მაგრამ…

– 10-ქულიანი მოგება ჯგუფში თუნდაც მესამე ადგილის დასაკავებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. მომდევნო ეტაპზე მხოლოდ იმ შემთხვევაში გავიდოდით, თუ პორტუგალიის ნაკრებს მინიმუმ 13 ქულის სხვაობით დავამარცხებდით. სამწუხაროდ, 3 ქულა დაგვაკლდა.

არჩილ ჟღენტმა ევრობასკეტი 2003-ის შესარჩევიც ითამაშა, 2004 წელსაც იყო გამოძახებული, მაგრამ უცხოელმა მწვრთნელებმა აქცენტი ახალგაზრდა გამთამაშებლებზე გააკეთეს და აჩიკოსთვის ბოლო სანაკრებო მატჩი 2001 წელს აზერბაიჯანთან დაპირისპირება აღმოჩნდა. 103:43 მოვიგეთ, ჟღენტმა 14 ქულა ჩააგდო.

 

ქართული კალათბურთის გზა ევრობასკეტამდე: ნაწილი 2 (ვიდეო)

 

რამაზ გოგობერიშვილი

ევრობასკეტი 2003-ის მოსამზადებელი ეტაპის წინ საქართველოს ნაკრებს შეკრება ეღირსა.

სლოვენიური წვრთნიდან ზვიად ბაბიაშვილი იხსენებს ერთ სახალისო ამბავს, რომლის მთავარი გმირი რამაზ გოგობერიშვილია:

– “სლოვანის” ბაზაზე ვვარჯიშობდით. მას “პივოვარნასთან” საპლეიოფო დაპირისპირებები სამამდე გაეწელა. მესამე შეხვედრის დილას დარბაზში ვერ შევედით. ამიტომ, საუზმის შემდეგ მწვრთნელმა, ზურაბ ტომარაძემ გვითხრა: ეზოს მოედანზე გავიდეთ, კომბინაციები მაინც გავიმეოროთო. რადგან ბურთი არ გვქონდა, სასადილოდან ვაშლი წამოვიღეთ.

ერთ-ერთი კომბინაციის ბოლოს რამაზ გოგობერიშვილმა ვაშლი სამქულიანის ხაზთან მიიღო და დაუფიქრებლად ისროლა… იგი კალათში ჩაეშვა და მიწაზე დაცემისას გაიფაშვა…

რამაზ გოგობერიშვილმა განაგრძო:

– მწვრთნელმა მკითხა: ეგ რა გააკეთეო? ვუპასუხე: ბიჭებმა ორმაგი ბლოკი კარგად დააყენეს, თავისუფალ პოზიციაზე დამტოვეს და არ მესროლა-მეთქი?!

საქართველოს ნაკრების კალათბურთელები თამაშისასაც ხშირად ცდილობდნენ რამაზ გოგობერიშვილის პერიმეტრზე სატყორცნად გაყვანას. მას ეროვნული გუნდის მაისურით ოფიციალურ შეხვედრებში 64 სამქულიანი აქვს ნასროლი და 23 ჩაგდებული.

 

საქართველოს ნაკრების გზა 2021 წლის ევრობასკეტამდე – ნაწილი VI (ვიდეო)

 

ნუგზარ კოკოლიშვილი

მეტად დრამატული გამოდგა ევრობასკეტი 2003-ის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი, რომლის სათამაშოდ საქართველოს ნაკრები დანიაში გაემგზავრა.

ლუქსემბურგთან და რუმინეთთან წაგებების შემდეგ ჩვენმა გუნდმა დანიას შანსი არ დაუტოვა. არადა, მასპინძლებს ძლიერი გუნდი ჰყავდათ და შეჯიბრებისას მხოლოდ ჩვენთან წააგეს. დანიასთან წარმატებამ ორეულში მოხვედრის იმედი დაგვიბრუნა. ამისთვის აუცილებელი იყო მომდევნო დღეს კვიპროსის ძლევა.

კვიპროსთან დრამას ნუგზარ კოკოლიშვილი იხსენებს:

– ბოლო წამებზე კვიპროსთან 3 ქულის სხვაობით ვიგებდით. საქმე მოთავებული გვეგონა, თუმცა სირენასთან ერთად კვიპროსის ნაკრების გამთამაშებელმა სამქულიანი ჩააგდო და თამაში ოვერტაიმში გადაიყვანა. ეს ის სამიანი იყო, რომელიც 1000 შემთხვევაში ერთხელ ვარდება: კვიპროსელმა ბურთი რომ ისროლა, თითქმის მოედნის შუა ხაზთან იყო. იგი ნახტომში შეტრიალდა და ჩვენი კალათისკენ გადააგდო ბურთი, რომელიც ბადეში ფარის გავლით ჩაეშვა…

დამატებით დროში 75:80 წავაგეთ და ევრობასკეტის ნახევარფინალური ეტაპის ნაცვლად მეორე საკვალიფიკაციოზე მოვხვდით. ეს ის ეტაპი იყო, საქართველომ შინ ბელარუსი და ბულგარეთი საოცარი თამაშით რომ დაამარცხა. ამ გამარჯვებებში ნუგზარ კოკოლიშვილსაც მიუძღვის წვლილი.

მას ეროვნულ გუნდში საბოლოოდ 17 მატჩი მოუგროვდა. ისევე როგორც არჩილ ჟღენტმა და რამაზ გოგობერიშვილმა ნუგზარ კოკოლიშვილმა ბოლო სანაკრებო შეხვედრა 2001 წლის 9 სექტემბერს აზერბაიჯანთან გამართა.

 

საქართველოს ნაკრების გზა 2021 წლის ევრობასკეტამდე – ნაწილი III (ვიდეო)

 

მომდევნო წერილის ანონსი: ვაკო ბეჟანიშვილი, ვასილ ოთიურიძე, მამუკა აბრამიძე, ვლადიმერ ბოისა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები