LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს მწერალთა სახლს ქეთევან დუმბაძე უხელმძღვანელებს

916
Capture

საქართველოს მწერალთა სახლს 2023 წლის 4 სექტემბრიდან ქეთევან დუმბაძე უხელმძღვანელებს. ინფორმაციას ამის შესახებ კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

ქეთევან დუმბაძე ამჟამად საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრია. სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტის დეპუტატს 2023 წლის საშემოდგომო სესიაზე უფლებამოსილება შეუწყდება.

ქეთევან დუმბაძე მწერალ ნოდარ დუმბაძის შვილია.

1978-1983 წლებში ქეთევან დუმბაძე სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, ლიტერატურული ურთიერთობებისა და მხატვრული თარგმანის განხრით. მას პროფესიული საქმიანობის მრავალმხრივი გამოცდილება აქვს.

1977-1993 წლებში იგი მუშაობდა მწერალთა კავშირთან არსებულ მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების მთავარ სარედაქციო კოლეგიაში.
გამოქვეყნებული აქვს არაერთი სტატია ადგილობრივ და უცხოურ პრესასა და პერიოდიკაში. ასევე, მას გამოქვეყნებული აქვს კლასიკური და თანამედროვე ავტორების თარგმანები.

1990-იანი წლებიდან 2013 წლამდე აქტიურად საქმიანობდა სატელევიზიო სფეროშიც. არის არაერთი ტელევიზიის საინფორმაციო, შემეცნებითი, საავტორო გადაცემებისა და პროექტების ავტორი და პროდიუსერი.

1993-1999 წლებში იგი სხვადასხვა პოზიციას იკავებდა საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახუში. 2013-2017 წლებში იყო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი, 2018 წელს – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ექსპერტი, ასევე, ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტის – „ცოცხალი წიგნები“ – ხელმძღვანელი.