ურუგვაის ნაკრებმა კანადას ორი მატჩის ჯამში 70:60 (38:29 სტუმრად, 32:31 შინ) მოუგო და 2019 წლის მსოფლიო თასზე D ჯგუფში, ავსტრალიასთან, უელსთან, საქართველოსა და ფიჯისთან ითამაშებს.
ბორჯღალოსნები სამხრეთ ამერიკელებს 2019 წლის 29 სექტემბერს, საქართველოს დროით 09:15 საათზე, კუმაგაიაში შეხვდებიან.
რევანშის შანსი
ურუგვაისთან აქამდე 5-ჯერ გვითამაშია და მასთან დადებითი ბალანსი გვაქვს – 3:2. პირველად მას 2003 წლის ავსტრალიის მსოფლიო თასზე, 28 ოქტომბერს სიდნეიში შევხვდით და მეტოქემ 24:12 იმარჯვა. 16 წლის შემდეგ ურუგვაის მსოფლიო თასზე ისევ ვეთამაშებით და რევანშის შანსი გვეძლევა.
რევანშის შანსი უმაღლეს დონეზე, თორემ სხვადასხვა დონეზე სამხრეთელებს სამჯერ მოვუგეთ. მანამდე, 2004 წელს მეტოქეს მონტევიდეოში, საკონტინენტთაშორისო თასისთვის ვეწვიეთ და მასპინძლებმა კვლავ გვაჯობეს – 17:7. მომავალ წელს ურუვაი საპასუხო ვიზიტით უნდა გვწვეოდა, მაგრამ საქართველომდე ვერ ჩამოაღწია.
„ტეროსს“ (ურუგვაის ნაკრების მეტსახელი) პირველად 2008 წელს, რუმინეთში გამართულ „ირბ-ს (ახლანდელი მსოფლიო რაგბი) ბუქარესტის თასზე“, დაძაბულ ბრძოლაში მოვუგეთ – 20:18.
ის საქართველოს პირველად 2013 წელს ესტუმრა და „თბილისის თასზე“ დღემდე სარეკორდო სხვაობით, 27:3 დავამარცხეთ. 2015 წლის „თბილისის თასზე“ ურუგვაის „ავჭალაზე“ კიდევ ერთხელ ვძლიეთ, ამჯერად 19:10.