ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC- საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ევროკავშირის წევრობის მხარდაჭერაში მცირედი ვარდნის მიუხედავად, საქართველოს მოსახლეობა კვლავ ევროპული და ევროატლანტიკური კურსის ერთგულია.
5 პროცენტი მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, ხოლო გაწევრიანებაში მთავარ ხელშემშლელ ფაქტორად საქართველოს მთავრობის მხრიდან პოლიტიკური ნების ნაკლებობას ასახელებს (25 პროცენტი).
მსგავსი ტენდენცია მეორდება ნატოს მხარდაჭერის შემთხვევაშიც: ნატოში გაწევრიანებას მხარს 69 პროცენტი უჭერს; უმრავლესობა კი მთავარ ხელშემშლელ ფაქტორებად რუსეთსა და ოკუპირებულ ტერიტორიებს ასახელებს.
ამასთან, მოსახლეობის რეკორდული მაჩვენებელი (62 პროცენტი) ამბობს, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანა და მეზობლებისთვის დემოკრატიის კარგი მაგალითი (56 პროცენტი) არ არის. ახალი კვლევა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საკითხსაც შეეხო.
„23 ივნისს ევროპული საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ მოსახლეობის უმრავლესობას (62 პროცენტი) სმენია. მათი უმეტესობა (56 პროცენტი) ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ კანდიდატის სტატუსის მისაღებად საკმარისი არ გააკეთა. ევროკავშირის კანდიდატობისთვის საჭირო რეკომენდაციების შესრულება ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობისთვის მნიშვნელოვანია (71 პროცენტი), თუმცა მხოლოდ 32 პროცენტი მოელის, რომ ხელისუფლება ამ რეკომენდაციებს შეასრულებს. საზოგადოება თანხმდება იმაზე, რომ ევროპული საბჭოს რეკომენდაციების შესრულების პროცესში ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების ჩართვა მნიშვნელოვანია, თუმცა მხოლოდ მესამედს სჯერა, რომ ხელისუფლება ამ პროცესში აღნიშნულ აქტორებს ჩართავს.
“მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება ივნისის მოვლენებს ევროინტეგრაციის პროცესში უკან გადადგმულ ნაბიჯად აღიქვამს, საქართველოს მოსახლეობის გზავნილი ნათელია: ისინი მტკიცედ უჭერენ მხარს ევროინტეგრაციას. ამ საკითხზე საქართველოს მოქალაქეების თანმიმდევრული შეხედულებები პოლიტიკური და სამოქალაქო ლიდერებისთვის უნდა იყოს სიგნალი, რომ მათ საკუთარი ძალისხმევა ქართველი ხალხის ამ ურყევი სურვილის ასრულებისკენ მიმართონ,” – აცხადებს ალან გილამი, NDI საქართველოს ოფისის დირექტორი.
„მოსახლეობამ, ასევე, ნათლად დააფიქსირა სურვილი იმისა, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის უზრუნველსაყოფად, პოლიტიკურმა პარტიებმა და არასამთავრობო სექტორმა ერთობლივად უნდა იმუშაონ. მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და საჭირბოროტო პრობლემების მოსაგვარებლად, მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური საკითხები ყურადღების ცენტრში მოექცეს“.ახალ კვლევაში ინსტიტუტებისა და პოლიტიკური პარტიების მიმართ ნდობის შემცირების ტენდენცია გამოიკვეთა.
მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მიიჩნევს, რომ არავინ – არც მმართველი და არც ოპოზიციური პარტიები – მათი ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებენ. უმრავლესობა კვლავ ფიქრობს, რომ პარლამენტი მოსახლეობის საჭიროებებს არ პასუხობს. ნახევარზე მეტი (56 პროცენტი) მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ორგანო მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე არ მუშაობს, 54 პროცენტს არ სჯერა, რომ თუ პარლამენტის წევრს მათ დასახლებაში არსებული პრობლემების შესახებ ეტყვის, ის პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება.
მოსახლეობის მხოლოდ მესამედი მიიჩნევს, რომ პარლამენტს მოქალაქეებთან რეგულარული კომუნიკაცია აქვს. პოლარიზაცია კვლავ გამოწვევად რჩება. მოქალაქეები ამბობენ, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების უმეტესობა საზოგადოებას ხლეჩს. მოსახლეობის აზრით, საზოგადოების გაყოფაში წვლილი მიუძღვით პოლიტიკოსებს (87 პროცენტი) და ქვეყნის ლიდერებს (79 პროცენტი), რუსეთს (83 პროცენტი), ქართულ მედიასა (82 პროცენტი) და არსებულ ეკონომიკურ სისტემას (80 პროცენტი).
„პოლიტიკური ლიდერების საქმიანობის შეფასებასა და მოქალაქეების პრიორიტეტებს შორის არსებული უფსკრული არის ნიშანი იმისა, რომ საზოგადოებას სურს პოლიტიკოსებმა მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ერთად იმუშაონ. მიმდინარე პოლიტიკური დაპირისპირების ნაცვლად, პოლიტიკურმა აქტორებმა ძალისხმევა მოსახლეობისთვის საჭირბოროტო საკითხების მოგვარებაზე და საზოგადოებაში ნდობის აღდგენაზე უნდა მიმართონ“, – აცხადებს ალან გილამი.
საქართველოს მოსახლეობას ყველაზე მეტად კვლავ სამუშაო ადგილები, ფასების ზრდა და სიღარიბე აწუხებს. ყოველი მესამე მოქალაქე ამბობს, რომ ბოლო 12 თვის მანძილზე ხშირად ჰქონია ისეთი შემთხვევა, როდესაც ოჯახის კვებისთვის თანხა არ ჰქონდა. ამასთანავე, მოსახლეობა ფიქრობს, რომ კრიმინალთან და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული სიტუაცია გაუარესდა.
მოქალაქეების პრიორიტეტები პოლიტიკური სიმპათიების მიხედვით არ იცვლება, რაც პარტიებისთვის თანამშრომლობისა და საქართველოს მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობის სტიმული უნდა გახდეს. მომავალზე საუბრისას, მოსახლეობის უმეტესობა ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას (66 პროცენტი), პრორუსული ძალების გააქტიურებას (58 პროცენტი), რუსულ სამხედრო აგრესიას (49 პროცენტი) და ევროკავშირთან ურთიერთობის გაუარესებას (44 პროცენტი) ელის“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.
NDI იკვლევს საზოგადოებრივ აზრს, რათა დაეხმაროს დაინტერესებულ მხარეებს, გაიგონ და გადაჭრან მოქალაქეებისთვის პრობლემატური საკითხები ზუსტ, მიუკერძოებელ და სტატისტიკურად სწორ მონაცემებზე დაყრდნობით. კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე.
აღნიშნული ანგარიში 14 ივლისიდან – 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2 პროცენტია. NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ.