ეროვნული ბანკის მონაცემებით, საბანკო დეპოზიტზე დანაზოგი მოსახლეობის ძალიან მცირე რაოდენობას (11%) აქვს განთავსებული. დიდი ნაწილი (57%), დანაზოგს სახლში, ნაღდი ფულის სახით ინახავს, 25% კი თანხას შესანახად ოჯახის წევრებს ანდობს.
საქართველოს მოსახლეობის ფინანსური განათლების დონის შესახებ კვლევა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა. გამოკითხული მოსახლეობის ნახევარზე მეტმა (55%) აღნიშნა, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში, ჰქონიათ შემთხვევა, როცა მათი ხარჯები შემოსავალს აჭარბებდა.
„აღნიშნულ სიტუაციასთან გასამკლავებლად, ისინი მიმართავდნენ სესხებას, თუმცა, უმეტესობა არაფორმალურ წყაროს, მაგალითად, თანხას სესხულობდნენ ოჯახის წევრებისგან, მეგობრებისგან ან ახლობლებისგან (30.4%) ან მაღაზიიდან პროდუქტი მოჰქონდათ შემდეგში გადახდის პირობით (9.2%), მცირე ნაწილმა კი თანხა ისესხა ფორმალური წყაროებიდან, მაგალითად აიღო სამომხმარებლო სესხი ფინანსური მომსახურების მომწოდებლისგან (7.7%)“, – აღნიშნულია კვლევაში.
კვლევამ ასევე აჩვენა, რომ მოსახლეობის უმრავლესობისთვის რთული აღმოჩნდა მარტივი პროცენტის გამოთვლა (44%) და პროცენტის არსის ახსნა (43%), ხოლო, ორივე ტიპის პროცენტი სწორად მოსახლეობის მხოლოდ 24%-ს ესმის. ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგია 2022-ის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობას კარგად ესმის ისეთი საკითხები, როგორიცაა, ფულის ღირებულება დროში, ინფლაცია და სხვა.
„ცოდნის მხრივ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას კარგად ესმის ისეთი საკითხები, როგორიცაა: ფულის ღირებულება დროში (76%), სესხზე გადასახდელი პროცენტი (89%), რისკი და უკუგება (79%), ინფლაცია (87%). საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარს გააზრებული აქვს რისკის დივერსიფიცირება (54%)“, – ნათქვამია დოკუმენტში.
საკუთარი ფინანსების კონტროლის თვალსაზრისით, მოსახლეობის 57%-ს აქვს გეგმა, როგორ გააკონტროლოს ოჯახის შემოსავლები და ხარჯები (აქვს ოჯახის ბიუჯეტი), 88% დროულად იხდის გადასახადებს, 71% აკონტროლებს საკუთარ ფინანსურ მდგომარეობას, 70% გააზრებულად ეკიდება შესყიდვებს და შესყიდვისას განიხილავს ალტერნატივებს.