ოპოზიცია ნამდვილად არის აცდენილი საზოგადოებრივ დღის წესრიგს. ხელისუფლებაზე ლაპარაკი ზედმეტია, – ასე ეხმაურება პოლიტიკური მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.
როგორც ანა დოლიძემ “ფორტუნას” გადაცემაში “დღის თემა” აღნიშნა, ბოიკოტის რეჟიმში მყოფ ოპოზიციას ხალხთან კომუნიკაციის პრობლემა აქვს.
“ვფიქრობ, რომ ოპოზიციას პროცესი სწორად არ მიჰყავდა, როდესაც ამ სამი თვის განმავლობაში მხოლოდ რაუნდებზე საუბრობდა. დღევანდელ დღეს საქართველოს მოსახლეობას არ ერაუნდება. ოპოზიციამ დაკარგა მთავარი, რისთვისაც ის არსებობს – ეს არის სახალხო პრობლემების წინ წამოწევისა და გადაწყვეტილების მიღების მცდელობა. ამისთვის არსებობს ოპოზიცია და არა იმისთვის, რომ ნარცისიზმით იყოს შემპყრობილი. ვგულისხმობ, ერთმანეთთან გარჩევებს, ვინ ვის დაურეკა, ვინ ვის რა უთხრა. ოპოზიცია ნამდვილად არის აცდენილი საზოგადოებრივ დღის წესრიგს. ხელისუფლებაზე ლაპარაკი ზედმეტია. ოპოზიცია თუ რაუდენბში მონაწილეობას გააგრძელებს უნდა დაუბრუნდეს საკუთარ როლს – საზოგადოებრივი დღის წესრიგის დაცვას”.- განაცხადა ანა დოლიძემ.
პოლიტიკური მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერმა „ენდიაის“ კვლევის ის ნაწილიც შეაფასა, სადაც პარტიების მხარდაჭერის ნაწილში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მმართველ პარტიას აქვს. დოლიძე მიიჩნევს, რომ საზოგადოებას არანაირი ემოციური ბმა არ აქვს მოლაპარაკებების რაუნდებთან. მისი თქმით, საზოგადოება ელის მათი პრობლემების გადაჭრის გზებს, ოპოზიცია კი ამ როლს ვერ ასრულებს, რაც ხალხის უკმაყოფილების მიზეზი გახდა.
NDI-ს კვლევის შედეგებში სკეპტიციზმი ოპოზიციის მიმართ დიდია – პოლიტოლოგი არჩილ გამზარდია
“როდესაც ხალხთან ვმუშაობ, ისედაც ვიღებ განწყობებს. ხალხში არის უკმაყოფილება იქიდან გამომდიანრე რომ ამომრჩეველს არავითარი ემოციური ბმა ამ რაუნდებთან დაკავშირებით არ აქვს. ანუ ამომრჩეველი ასე განმარტავს ამ რაუნდებს, რომ ადამიანები ერთმანეთს ელაპარკებიან, პარლამენტში უნდათ შესვლა, მაგრამ მე რა? ჩემს დღევანდელ პრობლემას რა?
იმას ვგულისხმობს, რომ თონის პური ხომ გაძვირდა, ხვალ ისევ გაძვირდება. ბავშვები სახლში გვყავს გამოკეტილი. სამწუხაროდ, ამ პრობლემებს ოპოზიციური სპექტრი ძალიან მოწყვეტილია. დასაფიქრებელია იმიტომ, რომ ეს არის ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაცია. იმედია, ვიღაცეები დაუფიქრდებიან მათ მონახაზს. მათ მიერ წარმოდგენილ საზოგადოებრივ შეხედულებებს.
ოპოზიციას ორი გზა ჰქონდა – თუ ბოიკოტის რეჟიმში დარჩებოდნენ უნდა ემუშავათ ქუჩაში და ხალხთან. ეს ერთმანეთს არ გამორიცხავს. დღეს კი მივიღეთ სიტუაცია, რომ ოპოზიცია არის ბოიკოტის რეჟიმში, მაგრამ ხალხთან არ მუშაობს. ამ რეჟიმის შენარჩუნება აუცილებელი იყო. ხელში კი შეგვრჩა რაუნდები. ოპოზიციამ უნდა გააძლიეროს ხალხთან მუშაობა”. – განაცხადა “ფორტუნასთან” ანა დოლიძემ.
ცნობისთვის, ათმა ოპოზიციურმა პარტიამ დღეს მიმართა „ქართულ ოცნებას” – დროულად დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას და გააცნობიეროს, რომ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი, დემოკრატიული არჩევნების ჩატარება და იმ საკითხების მოგვარებაა, რაც ოპოზიციას და, შესაბამისად, ამომრჩევლების უმრავლესობას აქვს დასმული. პარტიები, ასევე, აცხადებენ, რომ მუქარა ოპოზიციური პარტიებისთვის საკანონმდებლო დონეზე სადამსჯელო სანქციების შემოღების შესახებ და მანდატების შეჩერების პროცესის გაწელვა არანაირ შედეგს არ გამოიღებს.
ცნობილია, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის 50 დეპუტატისთვის მანდატების შეწყვეტაზე 2 თებერვალს იმსჯელებენ.