საქართველოს ფოსტა უკრაინელ კოლეგებს მასპინძლობს, რომლებიც მსოფლიო საფოსტო კავშირის UPU-ს რეგიონალური პროექტის – „ოპერაციული მზადყოფნა ელ. კომერციისთვის“ ფარგლებში ესტუმრნენ, გამოცდილების გაზიარების მიზნით.
საქართველოს ფოსტამ მოკლე ვადაში შეძლო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება საფოსტო მიმართულების ყველა სეგმენტში, რის გამოც მსოფლიო საფოსტო კავშირმა UPU-მ საქართველოს ფოსტას მიმართა თხოვნით, უკრაინელი კოლეგებისთვის გაეზიარებინა საკუთარი გამოცდილება ელ. კომერციის გზავნილთა საოპერაციო და ბიზნეს პროცესების მართვის მიმართულებით.
ვიზიტის ფარგლებში, UKRPOSHTA-ს სპეციალისტები გაეცნენ საქართველოს ფოსტის ხარისხის მართვის სტრუქტურას, საფოსტო პროგრამების ფუნქციონირება – გამოყენებას, მონაცემთა გაცვლის როლს და მნიშვნელობას როგორც თავად საფოსტო ადმინისტრაციებისთვის, ასევე ელ. კომერციის მომხმარებლებისათვის, საოპერაციო და ლოჯისტიკურ მიმართულებებს, გზავნილების გადაადგილების პროცესს, ანაზღაურების სისტემას, საბაჟო პროცედურებს და მომსახურების სტანდარტებს.
ელ. კომერციაზე მზარდი მოთხოვნის და საფოსტო ადმინისტრაციების ამ მიმართულებით მზადყოფნის პროექტი მსოფლიო საფოსტო კავშირმა UPU-მ რამდენიმე წლის წინ დაიწყო, რომელიც გულისხმობს ელ.კომერციის გზავნილთათვის ახალი საოპერაციო სისტემის დანერგვას. საქართველოს ფოსტამ შეიმუშავა და განახორციელა ახალი სტრატეგია ელ.კომერციის მიმართულებით, რის გამოც 2018 წელს მსოფლიო საფოსტო კავშირის UPU-ს მიერ მაღალი შეფასება მიიღო.
„ელექტრონული კომერცია ყველა საფოსტო ოპერატორისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, რადგან ყოველწლიურად ამანათების წილი ამ მიმართულებით მკვეთრად მზარდია სხვა საფოსტო პროდუქტებთან მიმართებაში. ჩვენი მიზანიასაქართველოს ყველა მაცხოვრებელს მიეცეს საშუალება ისარგებლოს ელ. კომერციით და მიიღოს სრულყოფილი მომსახურება. ჩვენ მზად ვართ გავუზიაროთ გამოცდილება პარტიორ ქვეყნებს,“ – განაცხადა საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ.
„ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანი და საყურადღებოა საქართველოს ფოსტის გამოცდილების გაზიარება, რაც დაგვეხმარება ელ. კომერციის მიმართულებით განვითარებაში. ჩვენ მივიღეთ თეორიული ცოდნა სხვადასხვა ტექნოლოგიური, საოპერაციო და ხარისხის სისტემების შესახებ, ასევე პრაქტიკაში გავეცანით მეტად მნიშვნელოვან პროცესებს გზავნილთა დახარისხების და პროგრამული უზრუნველყოფის კუთხით, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ფოსტის გუნდს,“ – განაცხადა UKRPOSHTA-ის საოპერაციო სამსახურის ინჟინერმა ნატალია გალკინამ.