LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ფოსტამ მსოფლიო საფოსტო კავშირის UPU-ს აუდიტის უმაღლესი შეფასება მიიღო

157
IMG-5357 (1)

“საქართველოს ფოსტა” საერთაშორისო ექსპერტების მიერ ჩატარებული აუდიტის შედეგებს აქვეყნებს.

როგორც “ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, შემოწმება მიმდინარე წლის სექტემბერში განხორციელდა. მიზანი კი საფოსტო ადმინისტრაციების ელექტრონული კომერციისთვის მზადყოფნის შეფასება იყო.

“შესაბამისად შეფასდა მომსახურეობის ხარისხის, პროგრამული უზრუნველყოფის, გზავნილთა უსაფრთხო დამუშავებისა და საოპერაციო პროცესების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა. აუდიტის შედეგად საქართველოს ფოსტამ ყველა კომპონენტში უმაღლესი შეფასება მიიღო.

შეფასება ადასტურებს საქართველოს ფოსტის სწორ მენეჯმენტს და თითოეული თანამშრომლის მხრიდან დაუღალავ შრომას”, – აცხადებს “საქართველოს ფოსტის” გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე.

აუდიტის ჯგუფის ხელმძღვანელი კი ამბობს, რომ დღეს “საქართველოს ფოსტა” არის მაგალითი, თუ როგორ უნდა მუშაობდეს საფოსტო ადმინისტრაცია.

“დღეს ბევრი მოწინავე ქვეყნის საფოსტო ადმინისტრაციას არ აქვს ასეთი გამართული სისტემა, როგორც საქართველოს ფოსტას. ამიტომ ჩვენ მათ ვთხოვეთ გაუზიარონ თავისი გამოცდილება და ცოდნა სხვა საფოსტო ადმინისტრაციებს“ – განაცხადა აუდიტის ჯგუფის ხელმძღვანელმა მაირე ლოდიმ.

პროექტი ხელს უწყობს საფოსტო სექტორში რეფორმების დანერგვას და ახალი დარგობრივი გამოწვევებისთვის ადმინისტრაციების მომზადებას. დღეისათვის საფოსტო დარგის მთავარ გამოწვევას წარმოადგენს ელექტრონულ კომერციაზე მზარდი მოთხოვნა.

მსოფლიო საფოსტო კავშირის მიზანია დაეხმაროს საფოსტო ადმინისტრაციებს არსებულ გამოწვევებთან გამკლავებაში, ამასთანავე უზრუნველყოს უნივერსალური საფოსტო მომსახურების მიწოდების სახელმწიფო ვალდებულების შესრულება და საფოსტო სექტორის მოდერნიზაციისთვის საჭირო პირობების შექმნა.

საქართველოს ფოსტის ხარისხის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანა მანჯგალაძე, მსოფლიო საფოსტო კავშირის UPU-ს და ევროპის საფოსტო გაერთიანების PostEurop-ის მიერ შერჩეული იქნა აუდიტის ექსპერტთა გუნდში, რომელიც ანა მანჯგალაძის მონაწილეობით მიმდინარე წელს ბელარუსიის ფოსტის “Belposhta”-ს აუდიტს განახორციელებს.

საქართველოს ფოსტის ლევან ჩიკვაიძის განცხადებით, ექსპერტთა ჯგუფში საქართველოს ფოსტის წარმომადგენლის მონაწილეობა წინგადადგმული ნაბიჯია, დაგროვილი გამოცდილების გაზიარებისა და ამ გამოცდილების კომერციული მიზნებისთვის გამოსაყენებლად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები