LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ფოსტა 2020 წელს აჯამებს: გაორმაგებული დატვირთვით ვმუშაობდით

114
55

“საქართველოს ფოსტა” 2020 წელს აჯამებს და ამბობს, რომ მისთვის, როგორც ეროვნული საფოსტო ოპერატორისთვის, 2020 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებების ფარგლებში, კომპანია საქმიანობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადავიდა, რომელიც საფოსტო – საკურიერო მომსახურების გაწევას შეუზღუდავად, მაგრამ ამავე დროს, ჯანდაცვის გაიდლაინების შესაბამისად ითვალისწინებს.

“ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, მაქსიმალური სიფრთხილით გვეზრუნა ადამიანების ჯანმრთელობაზე, დაგვეცვა სახელმწიფო და ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ შემუშავებული უსაფრთხოების ზომები და ამავდროულად არ შეგვეწყვიტა სერვისების მიწოდება როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის.

ჩვენ, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიამ, COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უზრუნველვყავით მთელი საქართველოს მასშტაბით სერვისცენტრებში, საფოსტო გაცვლის და დახარისხების ცენტრებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება, თანამშრომლები აღიჭურვნენ დამცავი საშუალებებით. „საქართველოს ფოსტის“ თითოეული თანამშრომელი წლის განმავლობაში გაორმაგებული დატვირთვით აგრძელებდა მუშაობას იმისათვის, რომ უწყვეტ რეჟიმში მიგვეწოდებინა სერვისები ქვეყნის მასშტაბით. აღსანიშნავია, რომ თანამშრომელთა დიდ ნაწილს საველე სამუშაოს შესრულება უწევდა, რაც მათი საქმიანობის ფორმატიდან გამომდინარე აუცილებლობას წარმოადგენს და დისტანციურად ვერ განხორციელდება. ჩვენ შევძელით საკადრო პოლიტიკის ისე წარმართვა, რომ მიუხედავად რიგი დაბრკოლებებისა, არც ერთ თანამშრომელთან არ შეწყვეტილა შრომითი ურთიერთობა.

ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შევცვალეთ გზავნილთა ჩაბარების ფორმატი. ჩვენი თანამშრომლები გზავნილების ბინაზე ჩაბარებას უზრუნველყოფენ ადრესატთან უშუალო კონტაქტის გარეშე.

ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, უმოკლეს ვადაში შევქმენით ახალი მომსახურება „სახლიდან სახლში“, რომელიც ჩვენს მომხმარებლებს საშუალებას მისცემდა სახლიდან გაუსვლელად მიეღოთ საფოსტო მომსახურება ქვეყნის შიდა გზავნილებზე და ამავდროულად დაეცვათ რეკომენდაცია „დარჩით სახლში“, რათა ხელი შეგვეწყო ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის.

ასევე, საქართველოში საკმაოდ გაიზარდა მოთხოვნა ონლაინ ვაჭრობაზე, რაც ქვეყანაში შექმნილი ვითარებით იყო განპირობებული. მოვახდინეთ სერვისების სრული ადაპტაცია ელექტრონული კომერციის ბიზნესის მოთხოვნებზე და ქვეყნის შიგნით ელექტრონული კომერციის ხელშეწყობის მიზნით შევქმენით კიდევ ერთი სრულიად ახალი პროდუქტი „კორპორატიული საკურიერო მომსახურება“, რომელიც მოიცავს ელექტრონული გზით შეძენილი პროდუქციის მიწოდების სრულ სერვისს ქვეყნის მასშტაბით. აღსანიშნავია, რომ „კორპორატიული საკურიერო მომსახურება“ გულისხმობს „სახლიდან სახლში“ („Door to door delivery“) სერვისს. ასევე, შეძენილი ნივთის ღირებულების გადახდას ადგილზე („Cash On Delivery“), როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორების გზით.

ასევე, დავიწყეთ სოციალური პროექტები კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს დავალებითა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით. „საქართველოს ფოსტამ“ უზრუნველყო 70 წელს გადაცილებული საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც ყველაზე მაღალ რისკ-ჯგუფს განეკუთვნებიან, სამედიცინო დანიშნულების საგნებისა და მედიკამენტების, აგრეთვე სხვა ნებისმიერი შიგთავსის მქონე საფოსტო გზავნილის საცხოვრებელ მისამართებზე უსასყიდლოდ მიწოდება. „საქართველოს ფოსტამ“ ასევე უზრუნველყო საქართველოში წარმოებული პირბადეების ბინაზე მიწოდება 70 წელს გადაცილებული მარტო მცხოვრები პენსიონერებისთვის და გლუკომეტრის ტესტ-ჩხირების და პირბადეების მიწოდება შაქრიანი დიაბეტის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისთვის.

აღსანიშნავია, რომ „საქართველოს ფოსტამ“ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში დახმარება გაუწია გაეროს საქართველოს წარმომადგენლობას და საქართველოს წითელი ჯვრის წარმომადგენლობას, საქართველოს მოქალაქეებისათვის სხვადასხვა საკვების, პირველადი მოხმარების და სამედიცინო დანიშნულების საგნების ბინაზე მიწოდებაში.

მიუხედავად შექმნილი ვითარებისა, ვმუშაობთ როგორც არსებული სერვისების განვითარების მიმართულებით, ასევე ახლის დასანერგად. მიმდინარე ეტაპზე ორიენტირებული ვართ ციფრული სერვისების განვითარებაზე. დაგეგმილი გვაქვს მრავალი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო მიმართულებით.

დღეს „საქართველოს ფოსტა“ 81 სერვისცენტრით არის წარმოდგენილი მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს საქართველოს ნებისმიერ წერტილში მოახდინოს გზავნილის სწრაფი მიწოდება”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც “საქართველოს ფოსტა” ავრცელებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები