LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოს ევროპული პერსპექტივა, სააკაშვილის პატიმრული ეპოპეა და ხელისუფლების რიტორიკა ფრონტის წინა ხაზზე“ – როგორ აფასებენ ექსპერტები 2022 წელს

264
fortuna

რა მნიშვნელოვანი მოვლენებითა და მიღწევებით აცილებს ქვეყანა განვლილ წელს პოლიტიკური მიმართულებით და რა ახალი გამოწვევებით ხვდება ახალ წელს – მთავარ პოლიტიკურ მოვლენებს 2022 წლის ბოლოს ექსპერტები „ფორტუნასთან“ აჯამებენ და იმ საკვანძო საკითხებს გამოყოფენ, რამაც ქვეყნის დღის წესრიგი შეცვალა და მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო.

 

უარი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე, თანხმობა ევროპულ პერსპექტივაზე

 

გასული წელი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯით დაიწყო – საქართველომ 2022 წლის 3 მარტს ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალური განაცხადი შეიტანა, რამაც გააჩინა მოლოდინი – გადავიდოდა თუ არა ქვეყანა მორიგ ეტაპზე და მიიღებდა თუ არა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.

კანდიდატის სტატუსი ვერ, თუმცა ევროპულ პერსპექტივაზე თანხმობა მივიღეთ. 12 რეკომენდაციის შესრულების შემთხვევაში ევროკავშირის საბჭო მზად არის, საქართველოს სტატუსი მიანიჭოს.

ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პერსპექტივაზე თანხმობას ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებში ისტორიული მომენტი უწოდა; ქართული ოპოზიციისა და საზოგადოების ნაწილმა კანდიდატის სტატუსზე უარი ხელიდან გაშვებულ შანსად შეაფასა; ხელისუფლებამ კი განაცხადა, რომ ევროკავშირისგან განსაზღვრულ პრიორიტეტებზე მუშაობას იწყებდა და ოპოზიციას დეპოლარიზაციის და თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

მეტიც, მთავრობის მეთაურმა წლის მიწურულს გვითხრა, რომ „12 რეკომენდაცია, რომელიც განისაზღვრა ჩვენი ქვეყნისთვის ზედმიწევნით შესრულდა პარლამენტის მიერ, მთავრობის და ყველას ჩართულობით“.

12 რეკომენდაცია, რომელიც განისაზღვრა ჩვენი ქვეყნისთვის ზედმიწევნით შესრულდა: ირაკლი ღარიბაშვილი

რა შედეგით ვასრულებთ წელს, რა გამოწვევებს უნდა გაუმკლავდეს საქართველო ევროპერსპექტივის გზაზე და რა მოლოდინი აქვთ ექსპერტებს 2023 წლისთვის – ამ საკითხებს „ფორტუნასთან“ „რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი და ექსპერტი გია ხუხაშვილი აფასებენ.

„ფორტუნასთან“ საუბარში ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის თემამ ფაქტობრივად, ყველა სხვა შიდა და გარე პოლიტიკური მოვლენა გადაფარა.

აღსანიშნავია, რომ ექსპერტთა ნაწილის მოსაზრებით, კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 პუნქტის შესრულება საკმარისი არ იქნება და საჭირო იქნება პატიმრობაში მყოფი, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საკითხის გადაწყვეტა.

 

„ევროპული პერსპექტივა“ – მნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯი

 

კახა გოგოლაშვილის განცხადებით, გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს ბედი გადაწყვეტილია და ის აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი, თუმცა რამდენად სწრაფად მოხდება ეს, მისი მოსაზრებით, სწორედ ხელისუფლების ქმედებებზეა დამოკიდებული:

„პერსპექტივა ნიშნავს, რომ წევრი ქვეყნები დაინტერესებულები არიან საქართველოს ევროკავშირში მიღებით. აქამდე დიდი მდინარე გვყოფდა, რათა ვეროკავშირის გაფართოების პოლიტიკაში მოვხვედრილიყავით, ახლა კი ამ გაფართოების პოლიტიკაში ვართ. ევროკავშირი საქართველოს უყურებს როგორც მომავალ წევრს, შესაბამისად, გზა ხსნილია და ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, ამ დრომდე ეს დამოკიდებული იყო ქვეყნების ნებაზე – გადაეწყვიტათ, უნდოდათ თუ არა საქართველო ევროკავშირში ეხილათ“, – ამბობს კახა გოგოლაშვილი.

კითხვაზე, რატომ ვერ მიიღო საქართველომ კანდიდატის სტატუსი, ექსპერტი მთავარ მიზეზად პოლიტიკური ელიტის სისუსტეს და პატრიოტიზმის ნაკლებობას ასახელებენ. მისი შეფასებით, ევროკავშირი მიიჩნევს, რომ, ამ ეტაპზე, საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობის დონე არ არის ისეთი, რომ ქვეყანას სტატუსი მიანიჭოს.

ექსპერტი გია ხუხაშვილი კი მიიჩნევს, რომ პარადოქსთან გვაქვს საქმე. მისი სიტყვებით, „ერთი მხრივ, ხელისუფლება აცხადებს, რომ ჩვენი განვითარების ვექტორი დასავლეთისკენ არის მიმართული და ამასთანავე, დასავლეთს უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავს“.

„ეს განაპირობა ხელისუფლების პოზიციამ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით; გავიარეთ კოლაბორაციონიზმის ზღვარზე; მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ევროსკეპტიციზმის დანერგვა; თხზავდნენ შეთქმულების თეორიებს მეორე ფრონტის გახსნაზე; იყო აშშ-ის დისკრედიტაციის უტიფარი მცდელობა, კეთდებოდა შეურაცხყოფის ზღვარზე გამავალი განცხადებები, რაც დღემდე გრძელდება“, – აცხადებს გია ხუხაშვილი.

„რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორის შეფასებით, ბოლო 2 წელია, საქართველოს ხელისუფლებასა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობა ძალიან გაჭირდა. კერძოდ, როგორც კახა გოგოლაშვილი ამბობს, ევროკავშირის პოლიტიკური ძალები ხშირად აკრიტიკებენ საქართველოს, საქართველოს მთავრობა კი აკრიტიკებს და ყურად არ იღებდა ევროკავშირის მითითებებს. ექსპერტს მაგალითად მოჰყავს ევროკავშირის მოთხოვნები სასამართლო რეფორმაზე, რომელიც, მისივე თქმით, სრულად იგნორირებული იყო.

 

როდის შეძლებს საქართველო კანდიდატის სტატუსის მიღებას

 

მოკლევადიან პერსპექტივაში, ექსპერტები ფიქრობენ, რომ ეს, შესაძლოა, 2023 წელსაც ვერ მოხდეს.

გია ხუხაშვილის მოლოდინი მკვეთრად ნეგატიურია და ამბობს, რომ ამისათვის რადიკალურად უნდა შეიცვალოს სახელმწიფო პოლიტიკა, რისი მოლოდინიც მას არ აქვს.

„ფაქტია, რომ ეს ხელისუფლება ამ 12 პუნქტს არ შეასრულებს. რანაირად გაწმენდს სასამართლო სისტემას ხელისუფლება, რომელიც წლების განმავლობაში აბეტონებდა იმ მარაზმს, რაც სასამართლოში ხდება?

ძლივს ჩააბეტონეს პოლიტიკური მართლმსაჯულება და როგორ იტყვიან ამაზე უარს? რომც უნდოდეთ, ვერ იტყვიან, ამ მანკიერი სისტემის მძევლები არიან. არ მაქვს ილუზია, რომ რამეს გააკეთებენ. რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს, მათ შორის, 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით – ეს განცხადებები რეალობის თავდაყირა დაყენების მცდელობაა“, – ამბობს გია ხუხაშვილი.

 

საქართველოს შესასრულებელი მისია

 

კახა გოგოლაშვილი იმ დათმობებსა და რეფორმებზე საუბრობს, რომელიც ქვეყნის ხელისუფლებამ კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა განახორციელოს. მისი თქმით, ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულება იქნება დემონსტრირება, რომ საქართველო მზად არის, ევროკავშირის გზაზე ყურადღებით მოუსმინოს წევრ ქვეყნებს, ითანამშრომლოს მათთან და პრობლემები არ შექმნას:

„სხვა შემთხვევაში, ევროკავშირს არ სურს, გაწევრიანების პროცესში პრობლემური ქვეყანა ჰყავდეს აქტიურად ჩართული.

ამის დემონსტრირება ხდებოდა და ჯერჯერობით კვლავ ხდება – მიიღებენ ევროპარლამენტის რეზოლუციას, გამოვა ხელისუფლების წარმომადგენელი და ამბობს, რომ ეს ფარატინა ქაღალდია; არ ვეთანხმებით; არ გვაინტერესებს იქ რაზე საუბრობენ – არადა ეს ევროპარლამენტია, ევროკავშირის ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტი“, – ამბობს კახა გოგოლაშვილი.

„რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი ერთ-ერთ მთავარ პრობლემად პოლარიზაციას ასახელებს და აღნიშნავს, რომ ევროკავშირს არ სურს, პოლიტიკურად ასეთი პოლარიზებული ქვეყანა, მისი სადარდებელი გახდეს:

„ერთხელ უკვე ეცადა ევროსაბჭოს პრეზიდენტი შუამდგომლობას პარტიებს შორის, თუმცა, საბოლოოდ, ეს შეთანხმება, პრაქტიკულად დახიეს. ამ ყველაფერმა ქვეყნის იმიჯი დაანგრია.

რეალურად, აღმოჩნდა, რომ ყველას თავისი დღის წესრიგი აქვს – თურმე ხელისუფლებას ხელისუფლებაში სამუდამოდ დარჩენა უნდა, ოპოზიციას უნდა ნებისმიერი ხერხით მოვიდეს ხელისუფლებაში, ასეთ პირობებში კი სად არის ევროინტეგრაციის მიზანი? არადა, თუ მართლა შეძლებენ საკუთარი პარტიული მიზნების გადადებას უფრო დიდი მიზნის გამო, მაშინ, მგონია, ევროკავშირი ამას დაინახავს და დააფასებს.

ყველაზე ელემენტარული საკითხიც კი, რომელიც სახალხო დამცველის არჩევაა, ვერ ხერხდება, 12 პუნქტში ეს ერთ-ერთი მარტივი შესასრულებელია, სხვა რაზეა საუბარი?

კობახიძე: მაქსიმალურად ვეცდებით, იანვარში სახალხო დამცველთან და იუსტიციის საბჭოს წევრებთან დაკავშირებით კონსენსუსს მივაღწიოთ

რასაც ქართული საზოგადოება ამჟღავნებს, არაევროპული ქცევაა. არ არის მოლაპარაკებების და კონსენსუსის კულტურა, ეს მენტალიტეტი ხელს გვიშლის. ჩვენს საზოგადოებაში ძალიან სუსტად არის განვითარებული კომპრომისების ხელოვნება, ეს უღირს საქციელად მიაჩნიათ“, – ამბობს „ფორტუნასთან“ „რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი.

ამასთან, კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 პუნქტის შესრულება საკმარისი არ იქნება, და საჭირო იქნება მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას საკითხის გადაწყვეტაც:

„ნიკა გვარამია შეიძლება პოლიტიკურ პატიმრად ჩაითვალოს, რადგან მის მიმართ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია და იურიდიულ ჩარჩოებში არანაირად არ ჯდება.

მიხეილ სააკაშვილზე ვერ ვიტყვი, რომ პოლიტიკური პატიმარია, რადგან არსებობს სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებზეც არ უთქვამთ, რომ ისინი ფალსიფიცირებულია.

კალაძე: საუბარია, რომ „თუ თქვენ არ გაათავისუფლებთ სააკაშვილს, ჩვენ არ მოგცემთ კანდიდატის სტატუსს“, გეკითხებით, ეს ნორმალურია?

მოპყრობის კონტექსტში კი, ადგილი აქვს დარღვევებს. რამდენჯერ გაასაჯაროვეს პირადი კადრები, რომლებიც აშკარად პატიმრის უფლებების დარღვევაა, ასევე ადეკვატურად არ მკურნალობენ, არც უცხოეთში აგზავნიან, იმისთვის, რომ ის უბრალოდ გადარჩეს. ეს საკითხი საქართველოს მომავალს ძალიან სერიოზულად ემუქრება. ამის შესახებ ტყუილად არ აღნიშნა ევროკავშირმა რეზოლუციაში“, – აღნიშნავს კახა გოგოლაშვილი.

 

„სააკაშვილის პატიმრული ეპოპეა“

 

„სააკაშვილის პატიმრული ეპოპეა“ – ასე აფასებს „ფორტუნასთან“ საუბარში ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მიხეილ სააკაშვილის საქმეს, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ მთელი წლის განმავლობაში ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური და სამართლებრივი საკითხი იყო.

მეტიც, ექსპერტები აცხადებენ, რომ ამ თემამ წლის ბოლოს ყველა სახელმწიფოებრივი პრობლემა გადაფარა, რაც ქვეყნის ინტერესს ძალიან აზიანებს. პოლიტოლოგების ნაწილის აზრით, ვითარება არც მომავალ წელს შეიცვლება.

მესამე პრეზიდენტი დაკავებიდან დღემდე – მოვლენების განვითარების 2 შესაძლო სცენარი

„ოცნებას“ სურს, სააკაშვილის საკითხი მომხრეებში პოლიტიკური ვაჭრობის საქმედ გადააქციოს. იმ თვალსაზრისით, რომ აი, მომავალში შესაძლოა სააკაშვილის საკითხი განვიხილოთ, თუ დავუშვათ, ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციები არ ამოქმედდება.“

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების, ან სასჯელის გადავადების მოთხოვნის შუამდგომლობაზე წლის ბოლო სასამართლო პროცესი 30 დეკემბერს გაიმართა, თუმცა სასამართლო გადაწყვეტილება კვლავ უცნობია.

პარალელურად, ოპოზიციისა და საზოგადოების ნაწილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან წლის ბოლოს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას ელის.

მელია პრეზიდენტზე: არის საკითხები, როდესაც შეიძლება ბოლომდე გულახდილი ვერ ვიყო, თუმცა, ვადასტურებ, რომ მას შევხვდი

სალომე ზურაბიშვილის მიერ, რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანა აწყობდა როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას, ექსპერტების ნაწილიც ეთანხმება.

 

„მიხეილ სააკაშვილის ფაქტორმა თანდათან გაუფერულება დაიწყო“ – მესამე პრეზიდენტის შესაძლო როლი პოლიტიკურ ველზე

 

ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ „მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი“ მხოლოდ ხელისუფლების ინტერესებშია და ბოლო 10 წლის განმავლობაში სწორედ ამ ფაქტორის ექსპლუატირება ხდება.

„სააკაშვილის თემა ამ ქვეყნის პოლიტიკიდან არც არასდროს წასულა, მისმა ჩამოსვლამ მხოლოდ ნეგატიური როლი შეასრულა და დააზიანა პოლიტიკური პროცესი, საზოგადოება. მასზე ლაპარაკი მხოლოდ ხელისუფლების ინტერესებში იყო – რაც უფრო დიდხანს დარჩება სააკაშვილის ფაქტორი, ხელისუფლების ინტერესიც ეს არის.

ეს საკითხი სახელმწიფო ინტერესს ძალიან აზარალებს – საზოგადოებაში პოლარიზაციის ხარისხს ზრდის და ქვეყანა ვერ ვითარდება. იმის ნაცვლად, რომ რეალურ პრობლემებზე მიმდინარეობდეს მსჯელობა, მთელი დისკურსი აქეთ არის მიმართული – დილას წნევას ვუზომავთ და საღამოს სიცხეს.

როგორ შეიძლება, სახელმწიფოში მთავარი და ერთადერთი თემა ერთი ადამიანის ბედი იყოს, როდესაც ადამიანებს უამრავი პრობლემები აქვთ, ეს ხომ არანორმალური ვითარებაა? სამწუხაროდ, ამის მძევლები გახდნენ პოლიტიკოსებიც და საზოგადოების წევრებიც.

ხელისუფლება ვერ ქმნის პოზიტიურ დღის წესრიგს და მუდმივად ყვირის: მგელი მოდის, მგელი მოდის! ახლა მგელი ჩამოვიდა, თუ ჩამოიტყუეს, ციხეში ჩასვეს და მაინც იძახიან: მგელი ციხეშია, მგელი ციხეშია!“, – ამბობს გია ხუხაშვილი.

კითხვაზე, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები 2023 წელს, გია ხუხაშვილი ამბობს, რომ სანამ სააკაშვილის ფაქტორი არ მოიხსნება, საერთაშორისო ასპარეზზეც მუდმივად, მხოლოდ პრობლემები იქნება:

„კარგს არაფერს ველოდები. როდესაც ამბობ, რომ ადამიანის საკითხი სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე გადის, რაღა დროს პოლიტიკაზე საუბარია? უნდა ვისაუბროთ მხოლოდ ჰუმანიტარულ ასპექტზე.

თვითონაც დაზიანდა და ამ დღის შემდეგ თავისი თავის უბედურია, რამე კი არ მოიგო, წააგო და დღეს მისი მდგომარეობა ტრაგიკულია. რა მოლოდინი უნდა მქონდეს? მხოლოდ შემიძლია, ჯანმრთელობა ვუსურვო“, – აღნიშნავს გია ხუხაშვილი.

ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ფაქტორი ნულამდე დავიდა.

როგორც ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, „ქართული ოცნება“ მიიჩნევს, რომ მისი ჯანმრთელობის საკითხი ჯერჯერობით საგანგაშო არ არის და სააკაშვილის თემით მანიპულირებას აგრძელებს:

„ვგულისხმობ, რომ სააკაშვილის თემამ, ფაქტობრივად, ყველა სხვა შიდა და გარე პოლიტიკური მოვლენა გადაფარა. ხელისუფლება ცდილობს, მიხეილ სააკაშვილი შეინარჩუნოს, როგორც გარკვეულწილად საინტერესო ფიგურა და როცა საჭირო გახდება, არჩევნებში გამოიყენოს.

„ქართულ ოცნებას“ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მკაფიო პოლიტიკა რომ ჰქონდეს, მათ შორის, უკრაინასთან მიმართებით და ორჭოფულ დამოკიდებულებას არ ტოვებდეს, სააკაშვილის პროცესი კიდევ უფრო რთული იქნებოდა სააკაშვილისთვის.

ახლაც კი, როდესაც პარტნიორები სააკაშვილის ქვეყნიდან გაყვანას ჰუმანიტარული მოსაზრებით ცდილობენ, „ქართული ოცნება“ ამას არც აკეთებს და არც თავს იწუხებს“, – ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.

 

„მოლოდინი, რომ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლას და დაპატიმრებას საქართველოში დიდი მღელვარება მოჰყვებოდა – არ გამართლდა“ – შეიცვალა თუ არა საპროტესტო მუხტი

 

როგორც ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, მოლოდინი, რომ საქართველოში სააკაშვილის ჩამოსვლის შემდეგ რაღაც ახალი ეტაპი დაიწყებოდა, ნამდვილად იყო, მაგრამ არსებობდა მეორე პრაგმატული გათვლაც, რომ ის ჩამოსვლის შემთხვევაში აუცილებლად მოხვდებოდა ციხეში.

მისი თქმით, საწყის ეტაპზე გამართული საპროტესტო აქციები არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ ხელისუფლებასა და პოლიტიკურ პროცესზე რაიმე გავლენა მოეხდინა.

ვახტანგ ძაბირაძე პროცესის დინამიკის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო პარტნიორებისგან ზეწოლის ფაქტორი ძლიერდება, ესეც არასაკმარისია:

„სამწუხაროდ, დღეს ოპოზიციას არ შესწევს ძალა, რომ სერიოზული საპროტესტო ტალღა ააგოროს; ასეთი განწყობა არც საზოგადოებაშია; ქვეყნის მოსახლეობის 2/3-ს სააკაშვილისადმი ნეგატიური დამოკიდებულება აქვს. მისადმი პოზიტიური დამოკიდებულება არ არსებობს.

ღმერთმა დაიფაროს, გარდაცვალების შემთხვევაშიც კი, საზოგადოების განწყობა ისეთია, რომ მასობრივი პროტესტის ტალღა არ აგორდება. ეს ხელისუფლებამ კარგად იცის და ამიტომ, პროცესს გააჭიანურებს“, – აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

 

„ქართული ოცნება“ ცდილობს დრო მოიგოს“ – რას ელიან ექსპერტები 2023 წელს

 

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „ფორტუნასთან“ აღნიშნავს, რომ ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილი სჭირდება საქართველოში, იმისათვის, რომ პოლიტიკური პროცესი სააკაშვილს მიაბას.

ორი ფაქტორია, რამაც შესაძლოა ხელისუფლების გადაწყვეტილება შეცვალოს:

◾  თუ აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე, ჩვენი პარტნიორები – აშშ, ევროკავშირი სერიოზულ ზეწოლას განახორციელებენ, არ ვგულისხმობ უბრალო განცხადებებს;

◾  თუ მართლაც რეალურად დგას საკითხი, რომ შეიძლება ლეტალური შედეგი დადგეს.

ხელისუფლებას არაფერში აძლევს ხელს სააკაშვილის ციხეში გარდაცვალება.

დღეს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური წონა იმდენად დაცემულია, რომ საქართველოში იქნება თუ მის ფარგლებს გარეთ, იმკურნალებს თუ მიტინგზე ივლის – ხელისუფლებისთვის არანაირ პრობლემას და ხიფათს არ წარმოადგენს.

ხელისუფლება ჯერჯერობით ვერ გრძნობს ზეწოლას, თუ სერიოზული ზეწოლა იქნება, ამან შეიძლება გარკვეული გავლენა იქონიოს. ჯერჯერობით, განცხადებებით კმაყოფილდებიან და არ აწუხებთ, იმდენად მტკივნეული არ არის, რომ გადაწყვეტილება მიიღონ.

რატომ გაუშვებს მთავრობა სააკაშვილს, თუ იცის, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და დასავლეთისგან მიღებული რეზოლუციებიც ქვეყნის სრულ მოსახლეობაზე გავლენას ვერ ახდენს?

ახლა მთავარია ერთადერთი – რაიმე არ დაემართოს, მართლაც რაღაც უბედურება არ მოხდეს, რაც ხელისუფლებას ნამდვილად არ აწყობს.

ამ შემთხვევაში დასავლეთისგან ძალიან მკვეთრი დამოკიდებულება იქნება, რაც გარკვეული დროის შემდეგ პროცესებზე ქვეყნის შიგნითაც აისახება.

პროცესი ასე გაგრძელდება: თუ მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება – საზღვარგარეთ გაუშვებენ, სხვა შემთხვევაში, პროცესი ისევ ისე გაგრძელდება – მიუხედავად იმისა, რას გააკეთებს ოპოზიცია“, – აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

 

„2022 წლის უმთავრესი დრამატული მოვლენა“ – რუსეთ-უკრაინის ომი და საქართველო ახალ მსოფლიო წესრიგში

 

ფართომასშტაბიან აგრესიას და ომს, რომელიც რუსეთმა უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო და დღემდე გრძელდება, ექსპერტები წლის უმთავრეს დრამატულ მოვლენას უწოდებენ.

პოლიტოლოგები „ფორტუნასთან“ იმ მსოფლიო პოლიტიკურ გადაწყობაზე საუბრობენ, რომლებიც მიმდინარე ომმა გამოიწვია და აღნიშნავენ, რომ უკრაინაში ომს, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, საქართველოსთვისაც ძალიან დიდი ცვლილებები მოჰყვება.

 

„ხელისუფლება არ აღიარებს – ფრონტის წინა ხაზზე ვართ“ 

 

კითხვაზე, როგორ შეიძლება შეფასდეს საქართველოს მთავრობის პოზიცია და უკრაინის ხელისუფლების მისამართით გაკეთებული განცხადებები, „რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ საქართველომ ისე გამოავლინა თავი, თითქოს უკრაინის ომი საერთოდ არ ადარდებდა:

„ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა, ძალიან არასწორი კომუნიკაცია ვაწარმოეთ, ომის დაწყებისა და შემდგომ დღეებში..

რატომ გვაკრიტიკებს უკრაინა? – უკრაინასთან კარგი ურთიერთობები ვერ განვავითარეთ, შეიძლებოდა ამის პრევენცია უფრო მეტი თანამშრომლობით. შეგვეძლო, ომის შემდეგ ცოტა უფრო გაბედული პოზიცია დაგვეკავებინა. არ ვამბობ, რომ რუსეთთან ომი გაგვეჩაღებინა, ან სანქციები დაგვეწესებინა – რასაც არანაირი აზრი ექნებოდა, რადგან ჩვენ არც სამხედრო წარმოება გვაქვს, არც ორმაგი დანიშნულების პროდუქციას ვატარებთ. პრაქტიკულად, სანქციებს მაინც შეერთებული ვართ, მაგრამ დეკლარაციულად ისე გამოვავლინეთ თავი, თითქოს უკრაინის ომი საერთოდ არ გვადარდებს. იმ ზომის სანქციები, რომელიც დასავლეთს და უკრაინას სჭირდება, ჩვენ რუსეთისთვის დაწესებული გვაქვს“, – ამბობს კახა გოგოლაშვილი.

როგორც პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი აღნიშნავს, საქართველოს ხელისუფლება რიტორიკის შეცვლას არ აპირებს:

„ეს არ არის მხოლოდ რუსეთ-უკრაინის ომი, ეს გლობალური ომია, იბადება ახალი მსოფლიო წესრიგი, დრამატულად, დიდი მსხვერპლის ხარჯზე და საქართველოს ბედიც, დიდწილად, დღეს უკრაინაში წყდება.

ჩვენი ხელისუფლება არ აღიარებს, თუმცა რეალობა ეს არის – ფრონტის წინა ხაზზე ვართ. ჩვენი ქვეყნის მომავალი უკავშირდება იმას, თუ როგორ დასრულდება უკრაინაში მიმდინარე მოვლენები.

იქიდან გამომდინარე, თუ როგორ პოზიციონირებს საქართველოს ხელისუფლება ამ ომთან მიმართებით და რა რეფორმებს ატარებს ქვეყანაში, სამწუხაროდ, სერიოზული უნდობლობის ფონი შეიქმნა ევროსტრუქტურებსა და ჩვენს ხელისუფლებას შორის. ამან განაპირობა, რომ გვითხრეს: „ჯერ არ გენდობით, ჯერ შეასრულეთ პირობები და კანდიდატის სტატუსს შემდეგ მოგცემთ.

როდესაც შენი მეგობრები ომში არიან და შენი ინტერესებისთვისაც იბრძვიან, შენ კი ხელებს იბან და ამბობ, რომ არ გაინტერესებს, დილიდან საღამომდე ლანძღავ უკრაინის პრეზიდენტს – რისი იმედი უნდა გქონდეს?“, – აღნიშნავს გია ხუხაშვილი.

 

„რუსეთი დამარცხდება და ხელები დაუმოკლდება, ხელებდამოკლებული რუსეთის მიმართ საქართველოს ხელისუფლებას აღარ ექნება მაამებლური დამოკიდებულება“ – შეცვლის თუ არა ხელისუფლება რიტორიკას

 

გია ხუხაშვილისგან განსხვავებული პოზიცია აქვს „რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორს, კახა გოგოლაშვილს, რომელიც ფიქრობს, რომ  მომავალი კვირების და თვეების შემდეგ, მთავრობის მხრიდან აბსოლუტურად შეცვლილ რიტორიკას ვიხილავთ.

„რუსეთის დამარცხება გარდაუვალია, ამ ბრძოლაში რაღაც ფორმით რუსეთი დამარცხდება, იქნება ეს მისი დამცირება, თუ დაშლა.

რუსეთს ხელები დაუმოკლდება, ხელებდამოკლებული რუსეთის მიმართ კი, ალბათ, ჩვენს ხელისუფლებას აღარ ექნება მაამებლური დამოკიდებულება, აღარ იქნება ასეთი შეშინებული, შეიცვლება რიტორიკაც და ხელისუფლების პოზიციაც.

ისინი დღეს გამოდიან დღევანდელი რეალობიდან – თუ როგორია საფრთხეები დღეს, ძალაუფლების შენარჩუნების კონტექსტში. (შეიძლება, ლამის, მეორე ფრონტიც გახსნან, არ არის გამორიცხული, მაგრამ მაშინ, როდესაც ეს საჭირო აღარ იქნება).

პროცესი უკვე დაიწყო. პრემიერმა უკვე გააკეთა უფრო გაბედული განცხადებები – „რუსეთის გაუმართლებელი ომი“ და ა.შ. გამოიყენა მკვეთრი რიტორიკა რუსეთის მიმართ. ადრე ასე მკვეთრად რუსეთს არ აკრიტიკებდა, ახლა კი ხედავენ, რომ რუსეთი ომს მართლა აგებს და დაღმართისკენ მიექანება.

ხელისუფლება ახალ პირობებთან ადაპტირებას შეეცდება. შეეცდება გადაწყობილ გეოპოლიტიკურ რეალობებს აუწყოს ფეხი, რაღაცნაირად დაუახლოვდეს ევროკავშირს და შეერთებულ შტატებს და მოაგვაროს ურთიერთობები უკრაინასთანაც.

ნუ გვაქვს ილუზია, რომ უკრაინასთან გვექნება ცუდი ურთიერთობები და დასავლეთთან გვექნება კარგი“, – აცხადებს კახა გოგოლაშვილი.

კახა გოგოლაშვილი ქართული მხარის მიერ ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მისამართით გამოთქმულ განცხადებებსაც აფასებს და ამბობს, რომ ეს ყველაფერ ქვეყნის საწინააღმდეგო მოქმედებაა და გამიზნულია ძალაუფლების შენარჩუნებისთვის:

„არ ვიცი, რატომ ამბობდნენ და ვის მოსწონდა განცხადებები, რომლებიც ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩების მისამართით კეთდებოდა. აბსოლუტურად გაუმართლებელი ქცევა – „ქართული ოცნების“ ნაწილის გამოყოფა, რომელიც აშკარად რუსეთის მხარეს დადგა“, – ამბობს კახა გოგოლაშვილი.

 

„იქნება კიდევ უფრო მეტი თანამშრომლობა საქართველოსთან იმისთვის, რომ ქვეყანამ ნატოს წევრობა დაიმსახუროს“ – ომის დასრულების სცენარები და საქართველოს ბედი

 

„რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ რუსეთი აუცილებლად დამარცხდება, ევროატლანტიკური სივრცე გაფართოვდება, უკრაინა ომის დასრულების შემდეგ, ოფიციალურადაც, სწრაფად გახდება ნატოს წევრი და ასევე, ნატოს წევრი ქვეყნები იქნებიან დაინტერესებულები, რომ საქართველო საკუთარი ქოლგის ქვეშ შეიყვანონ:

„უკრაინის ომს ძალიან დიდი ცვლილებები მოჰყვება. რუსეთი, როგორც გავლენის ფაქტორი, ევროპაში მნიშვნელოვნად შემცირდება, ევროატლანტიკური სივრცე გაფართოვდება, უკრაინა, პრაქტიკულად, უკვე ნატოს წევრია და ომის დასრულების შემდეგ, ოფიციალურადაც, აუცილებლად ძალიან სწრაფად გახდება ნატოს წევრი. ალბათ, მოლდოვაც გახდება, მიუხედავად იმისა, რომ მას განაცხადი არც გაუკეთებია, მაგრამ, ფაქტია, რომ რუსეთის დამარცხების შემდეგ არანაირი შემაფერხებელი ფაქტორი არ იქნება.

დარჩება საქართველოს საკითხი – თავისთავად, ნატოს წევრი ქვეყნები იქნებიან დაინტერესებულები, რომ საქართველო თავისივე ქოლგის ქვეშ შემოიყვანონ და ამით გეოპოლიტიკური ამოცანებიც გადაჭრან.

აქ არ არის მხოლოდ საქართველოს, როგორც ქვეყნის ინტერესების დაცვაზე საუბარი, არამედ უფრო ფართო ინტერესზე – ეს არის დემოკრატიის მომავალი ამ რეგიონში, რომელიც საქართველოზე გადის.

ეს უკვე გეოპოლიტიკური საკითხია – ის, რაც აუცილებელია მოგვარდეს, არსებობდეს კავშირი და ამ კავშირს პოლიტიკური დასავლეთი აკონტროლებდეს, ვგულისხმობ ევრაზიულ დერეფანს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. სამხედრო თვალსაზრისით, ევროპის უსაფრთხოებისთვის საქართველო და მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონი ძალიან მნიშვნელოვანია და ამ საკითხს ნატოს წევრი ქვეყნები ასე მარტივად არ მიატოვებენ.

მოხდება კიდევ უფრო მეტად თანამშრომლობა საქართველოსთან იმისთვის, რომ ქვეყანამ ნატოს წევრობა დაიმსახუროს.

ამ კონტექსტში, ჩვენი მთავრობის დღევანდელი მოქმედება ცოტა სუსტია, რადგან დღეს ჩვენ ვაჩვენებთ მერყეობას და ვართ შეშინებულის პოზიციაში“, – ამბობს კახა გოგოლაშვილი.

 

„უკრაინასთან დღევანდელი ურთიერთობა სააკაშვილს არ უნდა გადააყოლო“ 

 

როგორც კახა გოგოლაშვილი ამბობს, უკრაინასთან ურთიერთობის გამოსასწორებლად გადადგმული პირველი ნაბიჯი მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დღესვე გაგზავნა იქნებოდა:

„სააკაშვილის ფაქტორიც მნიშვნელოვანი იყო, ამ დონემდე არ უნდა მიგვეყვანა, სააკაშვილს არ უნდა გადააყოლო შენი უკრაინასთან დღევანდელი ურთიერთობა.

შეგვეძლო, ომში მყოფი ქვეყნისთვის ანგარიში გაგვეწია და მიხეილ სააკაშვილი გაეთავისუფლებინათ და უკრაინაში გაეშვათ, სანამ ასე საშინლად დაავადდებოდა.

თუ მაინცდამაინც ასე აწუხებდათ, შემდეგ საქართველოში ნუღარ შემოუშვებდნენ. სამაგიეროდ, დღეს უკრაინასთან ბევრად უკეთესი ურთიერთობები გვექნებოდა.

ხაზი უნდა გაესვათ, რომ ამას ზელენსკის მოთხოვნის საფუძველზე და უკრაინის პატივისცემის ნიშნად აკეთებენ, რაც მხარდაჭერის გამოვლინება იქნებოდა. ვფიქრობ, რომ უბრალოდ ქვეყანაზე არ იფიქრეს.

ჩვენ მოგვიწევს ყველაფრის გაკეთება, რომ უკრაინასთან ურთიერთობები რამენაირად აღვადგინოთ. პირველი ნაბიჯი სწორედ სააკაშვილის იქ გაგზავნა იქნებოდა, სადაც მისთვის უკეთესი იქნება – უკრაინაში, ან პოლონეთში.

რაც უფრო ადრე გადადგამენ ამ ნაბიჯს, მით უფრო დაუფასდებათ, თან მეტი შანსია, რომ ეს კაცი გადარჩება და ამას არ მოჰყვება ძალიან დიდი სკანდალი და უბედურება ქვეყნისთვის“, – განაცხადა „ფორტუნასთან“ „რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა კახა გოგოლაშვილმა.

 

2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიება დასრულდა – ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება

 

2022 წლის ბოლოს საქართველოსთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი საქმე დასრულდა – ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიება დაასრულა. 

აღნიშნული გადაწყვეტილებით, ბრალდებულები მხოლოდ ოსური მხარიდან არიან.

პროკურორის ოფისმა, საქართველოს სიტუაციის გამოძიება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციაში შემავალი ადამიანურობისა და ომის დანაშაულებთან დაკავშირებით, 2016 წლის 27 იანვარს დაიწყო, რომლებიც საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის კონტექსტში 2008 წლის 1-ელი ივლისიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში იქნა ჩადენილი.

გამოძიების ფარგლებში ოფისმა შეისწავლა მტკიცებულებები, რომლებიც შეიარაღებული კონფლიქტის ყველა მხარის მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულებს უკავშირდებოდა.

გამოძიების შედეგად, 2022 წლის 30 ივნისს პირველმა წინასასამართლო პალატამ სამი ეჭვმიტანილი პირის დაპატიმრების ორდერები გამოსცა:

  • გენერალ-ლეიტენანტი მიხაილ მინძაევი – სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ადმინისტრაციის შინაგან საქმეთა მინისტრი 2005-2008 წლებში.;
  • გამლეტ გუჩმაზოვი – აგვისტოს ომის დროს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების დაწესებულების უფროსი;
  • დავით სანაკოევი – სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის დე ფაქტო წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში, ასევე ცნობილი როგორც „ომბუდსმენი“ აგვისტოს ომის მოვლენების დროს.

აგვისტოს ომის პროკურორის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მის მიერ წარდგენილი ბრალდებები, რომელთა მიმართებითაც გაიცა დაპატიმრების ორდერები, ეხება, კერძოდ, რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ოკუპაციის კონტექსტში ეთნიკურად ქართველი მშვიდობიანი მოსახლეობის თავისუფლების უკანონო აღკვეთას, წამებას, სასტიკ მოპყრობას, მძევლად აყვანასა და, შემდგომში, მათ უკანონო გადაადგილებას.

 

„დამნაშავე და მსხვერპლი“ – ვინ როგორ გამოეხმაურა ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას 

 

ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოხმაურებები მოჰყვა როგორც ხელისუფლებისა და ოპოზიციის, ასევე ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. დეპუტატის მხრიდანაც.

თეა წულუკიანი: ჩვენს ტყავზე გადაიარა „ნაციონალების“ მიერ გაფუჭებული საქმის გამოსწორებამ, როგორც სტრასბურგში, ისე ჰააგაში.. სიმართლე დამტკიცებულია

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. დეპუტატი: ჰააგის სასამართლოს ჩვენი დამნაშავეებად წარმოჩენა და რუსეთის აგრესორად გამოყვანა უნდა, სამხრეთ ოსეთზე საქართველოს მხრიდან თავდასხმის დროს, ჩვენ აღმოვჩნდით მსხვერპლნი

 

„წარმატების მიღწევა ყველა საერთაშორისო ფორუმზე მნიშვნელოვანია“ – იურისტების შეფასება ჰააგის გადაწყვეტილებაზე

 

იურისტ ლევან ალაფიშვილის შეფასებით, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ის არსებითად შეცვლის რუსეთის მიერ საქართველოში შექმნილ გაყინული კონფლიქტების თემატიკას.

ლევან ალაფიშვილმა „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ განმარტა, რომ ახლა საჭიროა სწორი და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. კერძოდ, იურისტი საუბრობს რა შეუძლია საქართველოს ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

„გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ჰააგის პრეცედენტი საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ არ იყო ადვილი რუსეთის მიმართ პროცედურების წარმოებაც კი, არა თუ გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც დადასტურებულია, რომ ომის დანაშაულები ჩადენილი არის სწორედ რუსეთის ფედერაციის მონაწილეობით, სწორედ ის იყო მხარე და შესაბამისად, მისი ეფექტური კონტროლქვეშ მყოფი პირების მიერაა ჩადენილი დანაშაულები საქართველოს მოსახლეობის მიმართ.

ახლა, საჭიროა ყველამ ერთად და პირველ რიგში, მთავრობამ ჯეროვნად გამოვიყენოთ მიღებული გადაწყვეტილება. ჯერჯერობით ხელისუფლებისგან რაიმე ასეთი გეგმის ან პოლიტიკური ხედვის მსგავსი არ მომისმენია. შესაძლოა სიახლეა და იმედი მაქვს, ახლა მუშაობენ ამაზე. სამწუხარო იქნება თუკი ხელისუფლება ამ შანსს ვერ გამოიყენებს“, – განაცხადა ალაფიშვილმა.

კითხვაზე, რა შეუძლია საქართველოს ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ლევან ალაფიშვილი რამდენიმე საკითხზე ამახვილებს ყურადღებას.

„წარმატების მიღწევა ყველა საერთაშორისო ფორუმზე მნიშვნელოვანია. ევროპულ ინსტიტუტებში, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობასა და გაეროს ფორმატში შესაძლებელია მნიშვნელოვანი გარდატეხის შეტანა დეოკუპაციის საკითხებში.

მაგალითად, გაეროს ქარტიის უშიშროების საბჭოში ხმის უფლებით ვერ სარგებლობს მხარე, თუკი იგი არის კონფლიქტის მონაწილე. ამდენად, თუ საქართველო გაწევს ძალისხმევას და წარადგენს ინიციატივებს სხვადასხვა საკითხებზე, რომელიც მიმართული იქნება დეოკუპაციისკენ, ამ შემთხვევაში უშიშროების საბჭოზე ამ საკითხების გატანა რუსეთს ტოვებს ხმის გარეშე.

რეალურად, გვრჩება საშუალება, უმაღლეს ორგანოს, უშიშროების საბჭოს დააწყებინოს მსჯელობა საქართველოს მტკივნეულ, მაგრამ მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც არსებითად შეცვლის საქართველო–რუსეთის და საქართველოში გაყინული კონფლიქტების თემატიკას“, – განაცხადა იურისტმა.

„ფორტუნას“ კითხვაზე, როდის უნდა ველოდოთ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას და როგორია წინასწარი პროგნოზები – ალაფიშვილი აღნიშნავს, რომ რუსული მხარე შეეცდება წინააღმდეგობაში იყოს ჰააგის ტრიბუნალის გადაწყვეტილებასთან, თუმცა, როგორც იურისტი ამბობს, ეს არის ის დანაშაულები, რომლებსაც ხანდაზმულობის ვადა არ აქვს.

„რუსეთისგან კონსტრუქციულ ქმედებებს არ ველი. რუსეთი და მისი რეჟიმები მცირე დროის ეპოქალური თვალსაზრისით შეეცდებიან დანარჩენ დემოკრატიულ თანამეგობრობასთან და ჰააგის ტრიბუნალის გადაწყვეტილებასთან იყვნენ წინააღმდეგობაში.

ბუნებრივია ასე მოიქცევა რუსეთი, მაგრამ ერთი რამ რუსეთმაც იცის და ეჭვი მაქვს, მისმა მოკავშირეებმაც, რომ ეს ის დანაშაულებია, რომლებსაც ხანდაზმულობის ვადა არ აქვს.

შესაბამისად, რა დროც არ უნდა გავიდეს, ჰააგის ტრიბუნალის გადაწყვეტილება აუცილებლად აღსრულდება და იმედი მაქვს, რომ არა მომავალი თაობა, ჩვენც ძალიან მალე ვიხილავთ აღსრულების დაწყების პროცესს“, – ამბობს იურისტი ლევან ალაფიშვილი.

 

„არსებობს პროცესის ჩავარდნის საფრთხე“ – ქვეყანა სახალხო დამცველის გარეშე

 

2022 წლის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც სახალხო დამცველის კანდიდატების მხარდაჭერასა და ომბუდსმენის არჩევას გულისხმობდა, წლის ბოლოს კვლავ გადაუჭრელი რჩება – მმართველი გუნდი და საპარლამენტო ოპოზიცია სახალხო დამცველის კანდიდატურაზე ვერ შეთანხმდა.

„გილოცავთ“, დასრულდა მცდელობა, რამე კარგი გაეკეთებინათ ქვეყნისთვის“, „ოცნებამ ერთადერთი კომპრომატი მიპოვა“ – რას წერენ სახალხო დამცველობის ყოფილი კანდიდატები

9 დეკემბერს მოქმედ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. მანამდე იყო ხანგრძლივი პროცესი – სახელისუფლებო გუნდისა და საპარლამენტო ოპოზიციის მიერ წარდგენილი კანდიდატები, კომიტეტის სხდომებზე მათი მოსმენა და, საბოლოო ჯამში, 9 კანდიდატის შერჩევა.

22 დეკემბერს კი „ქართულმა ოცნებამ“ სახალხო დამცველის პოსტზე ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ ანა აბაშიძისა და გიორგი ბურჯანაძის კანდიდატურებს მხარი არ დაუჭირა.

მმართველი გუნდი პარლამენტს ხუთ კანდიდატს სთავაზობს: ლელა გაფრინდაშვილს, თინათინ ერქვანიას, ნუგზარ კოხრეიძეს, გიორგი მარიამიძეს და ქეთევან ჩაჩავას.

საპარლამენტო ოპოზიცია კი აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ მათთვის სასურველ კანდიდატებს არ გააყვანინებს.

ლევან ბეჟაშვილი: მმართველი გუნდი უნდა ხვდებოდეს, რომ ნებისმიერი სახალხო დამცველი ვერ იქნება „ქართული ოცნების“ დამცველი

მიხეილ სარჯველაძე: ანა აბაშიძემ „ქართულ ოცნების“ ამომრჩეველს ბიოდეგრადირებული მასა უწოდა, გიორგი ბურჯანაძე აქტიურ აგიტაციას ეწეოდა, რომ ხალხი გამოსულიყო და მოეთხოვა ხელისუფლების გადადგომა, როგორ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ეს ხალხი მიუკერძოებელი არაა?

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ერთ-ერთი ბოლო განცხადება მმართველი პარტიიდან 27 დეკემბერს მოვისმინეთ – „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება შეეცდება, სახალხო დამცველის კანდიდატთან და იუსტიციის საბჭოს წევრებთან დაკავშირებით თანხმობას იანვარში მიაღწიონ.

მდინარაძე სახალხო დამცველის არჩევაზე – გვრჩება იმედი, რომ ოპოზიციაში მოვლენები კიდევ ერთხელ გადააფასონ, არსებობს პროცესის ჩავარდნის საფრთხე

 

მზადება ელექტრონული არჩევნებისთვის – საქართველო ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ელის

 

მიმდინარე წელს „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, 2024 წლიდან ელექტრონული აპარატურის გამოყენებით ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ხმის მიცემის წესი ფართოდ დანერგოს.

„დასრულდება ეპოქა, როცა ხმების დასათვლელად დომინოს ქვებს ახრიგინებდნენ“, „ეს ხელისუფლების უზურპაციის მცდელობაა“ – როგორ აფასებს ოპოზიცია „ოცნების“ ინიციატივას ელექტრონული წესით არჩევნების ჩატარებაზე

ელექტრონული არჩევნების შესახებ ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით უკვე მიღებულია და ის დასკვნისთვის ვენეციის კომისიაშია გადაგზავნილი.

იმ შემთხვევაში, თუ კომისიისგან დადებით შეფასებებს მივიღებთ, პროექტი განსახილველად კვლავ მოსმენებზე გავა და მას მხარდაჭერა ექნება, 2024 წლიდან საქართველოს საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე არჩევნები სწორედ ელექტრონულად ჩატარდება.

რას ცვლის არჩევნების ელექტრონულად ჩატარება საარჩევნო უბნებზე, რა უპირატესობა აქვს აღნიშნულ მოდელს გამჭვირვალობისა და სამართლიანობის თვალსაზრისით და რა უნდა იცოდეს ამომრჩეველმა – „ფორტუნა“ ამ თემაზე მომზადებულ მასალას გთავაზობთ.