საქართველოს ეროვნული ბანკი ბაზელის ინოვაციის ჰაბთან (BISIH) ციფრული ლარის თემაზე თანამშრომლობის ფარგლებში mBridge და Aurum პროექტებში ჩაერთვება და შესაძლებლობა ექნება გაიზიაროს სხვა ქვეყნების გამოცდილება ციფრული ვალუტის კუთხით, დატესტოს საკუთარი CBDC-ის ტექნოლოგია და საწყის ეტაპებზე მიიღოს ყველა ის სარგებელი, რომელსაც ბაზელის ინოვაციის ჰაბი ცენტრალურ ბანკებს სთავაზობს.
პროექტის mBridge მეშვეობით ქვეყნებს შორის გადახდის ტესტირება DLT ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პლატფორმითაა შესაძლებელი, რაც სხვადასხვა ცენტრალურ ბანკს ციფრული ვალუტის გამოშვებისა და ერთმანეთთან ტრანზაქციების განხორციელების საშუალებას აძლევს.
Aurum-ი კი საცალო ციფრული ვალუტის (CBDC) პროექტია, რომლის ფარგლებშიც შუალედური CBDC-ისა და CBDC-ით უზრუნველყოფილი სთეიბლქოინების არქიტექტურების შესწავლა და მათთვის ტექნოლოგიური პროტოტიპის აგებაა შესაძლებელი. აღნიშნული ტექნოლოგიური პროტოტიპის დიზაინი უსაფრთხოების და კონფიდენციალურობის პრინციპებზეა დაფუძნებული.
ბაზელის ინოვაციის ჰაბი (BISIH) 2019 წელს დაარსდა და მისი მიზანია ცენტრალურ ბანკებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების გზით ინოვაციებისა და ფინანსური ტექნოლოგიების ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობა.