საქართველოში კანონმდებლობის ცვლილების ტემპი დასაჩქარებელია, თუ ქვეყანას „ენერგეტიკულ თანამეგორობის დამფუძნებელი ხელშეკრულების“ ფარგლებში აღებული ვალდებულებების დროულად შესრულება სურს, – ამის შესახებ „ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნოს“ დირექტორმა იანეშ კოპაჩმა საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის რეფორმების ხელშეწყობის მიზნით გამართული პოლიტიკური დისკუსიის დაწყებამდე, ჟურნალისტებთან განაცხადა.
იანეშ კოპაჩის თქმით, ევროკავშირის კანომდებლობასთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოება უმნიშვნელოვანესია, ენერგიის მომხმარებელთა სასარგებლოდ ღია კონკურენტული და ლიკვიდური ელექტროენერგიის ბაზრის შესაქმნელად.
„საკუთარი ელექტროენერგეტიკული ბაზრის მდგრადობისთვის საქართველომ უნდა უზრუნველყოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის სრული ღიაობა და ამავე დროს ფასების რეგულირების პრაქტიკა თანდათანობით უნდა დასრულდეს. უმაღლეს დონეზე არსებული პოლიტიკური ნება, რომელსაც თან შესაბამისი ტექნიკური ნოუჰაუ ერთვის, ამ რეფორმების წარმატებით დასრულების მთავარი რეცეპტია“, – განაცხადა იანეშ კოპაჩმა.
„ევროკავშირი ენეგრეტიკისთვის მმართველობის“ ფარგლებში ორგანიზებული ორდღიანი ღონისძიება საქართველოს ენერგოსექტორში სამართლებრივი ცვლილებების განხორციელების ხელშეწყობას ეძღვნება. დისკუსიაზე განხილული იქნება საქართველოს ენერგოსექტორში ახალი ენერგეტიკული კანონმდებლობის საკითხები, მათ შორის ასოცირებისა და ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულებებით აღებული ვალდებულებების ფარგლებში საქართველოს ენერგეტიკული კანონმდებლობის ჰარმონიზაციის საკითხები.