LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ეკონომიკური კლიმატი გაუმჯობესდა – ეკონომისტებს დადებითი მოლოდინი აქვთ

64
economic

2021 წლის მეოთხე კვარტალში, საქართველოს ეკონომიკური კლიმატი გაუმჯობესდა, როგორც 2021 წლის მესამე კვარტალთან ასევე, 2020 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით, – ამის შესახებ საუბარია “საქართველოს ეკონომიკური კლიმატის” ანგარიშშია, რომელიც PMC კვლევითი ცენტრმა გამოაქვეყნა.

ეს ანგარიში ემყარება Ifo ინსტიტუტის მეთოდოლოგიას. საქართველოდან ინიციატივაში 60 ექსპერტი მონაწილეობს. კვლევა ჩატარდა 2021 წლის ნოემბერში.

„2021 წლის მეოთხე კვარტალში ქართველი ეკონომისტების მიერ, მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება დადებითია და გაუმჯობესებულია როგორც წინა კვარტალთან, ასევე, გასული წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით. მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობის მსგავსად, ქართველ ეკონომისტებს დადებითი მოლოდინი აქვთ საქართველოში მომდევნო ექვსი თვის ეკონომიკურ ვითარებასთან დაკავშირებითაც. აღსანიშნავია, რომ მომდევნო ექვსი თვის მოლოდინის მაჩვენებელი გაცილებით მაღალია 2021 წლის მესამე კვარტალში და 2020 წლის მეოთხე კვარტალში არსებულ მოლოდინთან შედარებით.

დამატებით, გამოკითხვის ფარგლებში, ექსპერტებმა გააკეთეს პროგნოზი საქართველოს ძირითად მაკროეკონომიკურ ინდიკატორებზე. შედეგების მიხედვით, რეალური მშპ-ს მოსალოდნელი ზრდის პროგნოზი 2021 წელს 8.6%-ს შეადგენს. სხვა ძირითადი მაკროეკონომიკური ინდიკატორების პროგნოზი შემდეგნაირია:

2021 წლის მეოთხე კვარტალში ქართველმა ეკონომისტებმა შეაფასეს სხვადასხვა საკითხები, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ საქართველოს ეკონომიკაზე, მათ შორის: ფულადი გზავნილების და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინების საკითხი, მონეტარული პოლიტიკა, ინფლაცია და ა.შ. ექსპერტებმა, ასევე, შეაფასეს ისეთი ფაქტორების რელევანტურობა, რომელთაც შეიძლება გამოეწვიათ 2021 წლის პირველ 9 თვეში ფულადი გზავნილების შემოდინების მაღალი ზრდა (28% 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით). გამოკითხულთა ნახევარს რელევანტურ მიზეზად მიაჩნია ის, რომ ადამიანებმა შეცვალეს წინა-პანდემიური ჩვევები და ფულადი გზავნილების გაგზავნისთვის ონლაინ პლატფორმების გამოყენება უფრო ხშირად დაიწყეს. გამოკითხულთა 60 % კი მიიჩნევს, რომ ის რომ საზღვარგარეთ მომუშავე ქართველებს არ შეუძლიათ ქვეყანაში ჩამოსვლა და ქვეყანაში ფულის ფიზიკურად შემოტანა, ამ შემთხვევაში ნაკლებად მნიშვნელოვანი მიზეზია. ეკონომისტებს, ასევე, სთხოვეს შეეფასებინათ იმ ფაქტორების რელევანტურობა, რომლებიც ხელს უშლიან ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დიდი ნაკადების შემოდინებას, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მოწინავე პოზიციებს იკავებს ბიზნესის კეთების სიმარტივისა და ინვესტიციებისადმი ღიაობის საერთაშორისო რეიტინგებში. პოლიტიკური არასტაბილურობა რელევანტურ ფაქტორად მიიჩნია 60%-მა, ეკონომისტთა ნახევარმა ხაზი გაუსვა კომპეტენტური მუშახელის ნაკლებობას, ხოლო გამოკითხულთა 40%-მა ხაზი გაუსვა გაცვლითი კურსის ცვალებადობას და ინვესტორების უნდობლობას სასამართლო სექტორის კომპეტენციისა და დამოუკიდებლობის მიმართ. ეკონომისტთა 60% ეთანხმება საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნებისა და რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 10%-ზე დატოვების შესახებ, რომელიც 2021 წლის 27 ოქტომბერს გამოცხადდა. ამასთანავე, 80% ფიქრობს, რომ სებ-ის მოლოდინი, რომ ინფლაცია მიზნობრივ ნიშნულზე დაბრუნებას 2022 წლის მეორე კვარტალში დაიწყებს, ნაწილობრივ ან მთლიანად რეალისტურია. ეკონომისტებს, ასევე, სთხოვეს დაეფიქსირებინათ თავიანთი მოლოდინები იმ ძირითადი რისკ-ფაქტორების მატერიალიზაციის შესაძლებლობის შესახებ, რომლებიც საქართველოს მთავრობის თანახმად გავლენას ახდენენ 2022-2025 წლებში საქართველოს ძირითადი ეკონომიკური და ფინანსური მაჩვენებლებზე. 40% ფიქრობს, რომ COVID-19-ის პანდემიის გაუარესებას, სხვა რისკ-ფაქტორებთან შედარებით, ყველაზე მაღალი მატერიალიზაციის ალბათობა აქვს. რეგიონული რისკები (ეკონომიკური დივერსიფიკაციის დაბალი დონით, გაყინული კონფლიქტებით, შიდაპოლიტიკური პრობლემებით და არასტაბილურობით, ახლო აღმოსავლეთში პოლიტიკური არეულობა) მატერიალიზაციის ყველაზე მაღალი ალბათობის მქონე ფაქტორად ეკონომისტთა 40%-ის მიერ შეფასდა. გამოკითხულთა ნახევარი მიიჩნევს, რომ გლობალური მომხმარებლების ქცევას (მოთხოვნის შემცირება) მატერიალიზაციის ყველაზე დაბალი ალბათობა აქვს”, – წერია “საქართველოს ეკონომიკური კლიმატის” ანგარიშში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები