იახტების რეგისტრაციის პროცედურების გამარტივებას კერძო მფლობელებისგან პოზიტიური რეაგირება მოჰყვა, – ამის შესახებ ”ფორტუნას” საზღვაო ტრანსპორტის სააგნეტოს დირექტორმა მამაუკა ახალაძემ განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, პროცედურების გამარტივების გადაწყვეტილება სააგენტომ კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით მიიღო და საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული იახტებისთვის სარეგისტრაციო მოწმობის მოქმედების ვადის მოქნილი პირობები განსაზღვრა.
”ჩვენ ასევე შევისწავლეთ საერთაშორისო გამოცდილება და მივედით დასკვნამდე, რომ აუცილებელია გამრტივდეს და გაიაფდეს იახტების რეგისტრაცია. რთულია ერთ თვეში სერიოზულ შედეგზე ვისაუბროთ, მაგრამ ამას უკვე საკამაოდ პოზიტიური რეაგირება მოჰყვა როგორც იახტების მფლობელებისგან, ასევე მათგან, ვინც იახტის შეძენას აპირებს და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ შემდეგი ერთი თვის განმავლობაში საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გასართობი და არაკომერციული იახტების რაოდენობა საკმაოდ გაიზრდება. ეს ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის განვითარებასაც,” – განუცხადა ”ფორტუნას” ახალაძემ.
მისივე თქმით, იახტების რეგისტრაცია აქამდე ძვირი ჯდებოდა და ყველასთვის ხელმისაწვდომი არ იყო – იახტის მფლობელს, რომელსაც სურვილი ჰქონდა საერთაშორისო ნაოსნობაში წასულიყო, იახტის დარეგისტრირება წელიწადში 500-დან 1000 დოლარამდე უჯდებოდა.
”ამჟამად, აღარ გვაქვს იახტების რეგისტრაციის ყოველწლიური მოსაკრებელი. შევამცირეთ და კიდევ ვგეგმავთ სარეგისტრაციო თანხის შემცირებას, ამ მხრივ საკანონმდებლო ცვლილებები იქნება გასატარებელი. არსებობს ორი ტიპის მოსაკრებელი იახტების რეგისტრაციიდან, ერთი – ეს არის სააგენტოს მომსახურების გადასახადი და მეორე სახაზინო გადასახადი, რომელიც პირდაპირ ხაზინაში ირიცხება. საკონონმდებლო რეფორმა კი საშუალებას მოგვცემს იახტების რეგისტრაცია კიდევ უფრო გავამარტივოთ. მიზანი არის ერთი – ქართული დროშის ქვეშ ასეულობით იახტა დაცურავდეს როგორც საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, ასევე საერთაშორისო ნაოსნობაში” – აღნიშნა ახალაძემ.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის განმარტებით, ბოლო პერიოდში სააგენტომ რამდენიმე უცხოური იახტა დაარეგისტრირა.
”ბოლო პერიოდში მაგალითად, უკრაინელი მფლობელების ორი იახტა დავარეგისტრირეთ, ასევე გვყავს საკმაოდ ძვირადღირებული იახტები უცხოელი მფლობელებისგან ქართული დროშის ქვეშ. რაც შეეხება მცირე ნავებს, კანჯოებს, სკუტერებს და ა.შ. რაც ჩვენ ტერიტორიულ წყლებში დაცურავს, მათი რიცხვი 500-მდე მერყეობს” – განაცხადა ახალაძემ.
გარდა იახტებისა, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო გემების სახელმწიფო სისტემის ელექტრონული რეესტრის შექმნაზე მუშაობს, რომელსაც სერვისების განვითარების სააგენტოსთან ერთად ამუშავებს.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ გემების სარეგისტრაციო მოწმობების ვადებთან დაკავშირებით ცვლილება ერთი თვის წინ განახორციელა, რომელის თანახმად, 100 რეგისტრულ ტონაზე ნაკლები იახტებისა და კატარღების სარეგისტრაციო მოწმობა გემთმფლობელის მოთხოვნის საფუძველზე შესაძლებელია გაიცეს 5 წლიანი მოქმედების ვადით, ყოველწლიური დამოწმების გარეშე.