ახალი სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები” ფარგლებში, დაახლოებით ივნისის ბოლოს, ივლისში ყველა მუნიციპალიტეტში სამუშაოები დაიწყება, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა. მისივე თქმით, დიდ ქალაქებში სიღრმისეული, ურბანული განახლების პროექტები განხორციელდება.
„ორი კვირის განმავლობაში ათ რეგიონში განხორციელდა სპეციალური კომისიის პირველი სხდომები, რომელსაც ესწრებოდა, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მერები, რწმუნებულები, ასევე, ყველა შესაბამისი ადგილობრივი სამსახურის წარმომადგენელი, რომელიც უშუალოდ არის და იქნება ჩართული აღნიშნული პროგრამის ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ბუნებრივია, ცენტრალური ხელისუფლებიდან სრულად იყო წარმოდგენილი ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ასევე მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლერი ბარნაბიშვილი. ასეთი მაღალი ჩართულობა იმისთვის იყო განპირობებული, რომ პროგრამას სჭირდება ოპერატიული გადაწყვეტები და ამ მიმართულებით სწორედ კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელიც იყო ჩართული, ასევე ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელი იყო ჩართული და ფაქტობრივად, კომისია შემდგარია ყველა იმ კონკრეტული ადამიანისგან, რომელსაც შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ ხელი შეუწყოს და ოპერატიულ რეჟიმში დაბალანსებულად მოხდეს შესაბამისი საკითხების გადაწყვეტა. ყველა მუნიციპალიტეტში მოხდა შესაბამისი ლოკაციების დამტკიცება, ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტები გამოიკვეთა, მასშტაბური არის თითოეული მათგანი, აბსოლუტურად ყველა მუნიციპალიტეტში კეთდება რეკრეაციული სივრცე, იმ მდებარეობებში, რა მდებარეობებიც ადგილობრივი თვითმმართველობის, ადგილობრივი მოსახლეობისთვის იყო მნიშვნელოვანი, ყველგან არის სკვერები და რეკრეაციული ზონები. აღსანიშნავია, რომ ჩართულობა არის მაქსიმალური“, – აღნიშნა ქარსელაძემ.
რაც შეეხება შესყიდვების ნაწილს, მინისტრის განმარტებით, მიმდინარეობს ტენდერები, რომლებიც 2 კვირის განმავლობაში იქნა გამოცხადებული. დაახლოებით 1 თვე არის განსაზღვრული იმისთვის, რომ პირველადი კონცეფციები შესაბამისი მასალებით, შესაბამისი გადაწყვეტებით იყოს წარმოდგენილი და ამის შემდგომ, უკვე შესაძლებელი იქნება მასშტაბური სამუშაოების დაწყება.
„დაახლოებით ივნისის ბოლოს, ივლისში ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სამუშაოები. გამოიკვეთა დაახლოებით 15 პროექტი, რომელიც ადგილობრივ მუნიციპალიტეტს თავიანთი საჭიროებებიდან გამომდინარე დამუშავებაში ჰქონდა“, – დასძინა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.
მისივე განმარტებით, ისეთ ქალაქებში, როგორიც არის: ქუთაისი, ფოთი, წყალტუბო, ვანი, რუსთავი, ზუგდიდი მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ დიდი და სიღრმისეული ურბანული განახლების პროექტები განხორციელდეს.