საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დღეს ეწვევა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) გენერალური მდივანი ჰელგა მარია შმიდი.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ეუთო-ს გენერალური მდივანი შეხვედრებს გამართავს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან, ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოში ყოფნისას ჰელგა შმიდი ეწვევა საოკუპაციო ხაზის მახლობლად მდებარე სოფელ ერგნეთს და მონაწილეობას მიიღებს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრაში. იგი ასევე მონაწილეობას მიიღებს საოკუპაციო ხაზის მახლობლად მდებარე სოფელ ციცაგიანთკარში წყალმომარაგების პროექტის ინაუგურაციის ღონისძიებაში.