უნდა ვიფიქროთ, როგორ დავიცვათ კანონით ერთდროულად სიტყვის თავისუფლებაც და ადამიანის ღირსებაც ისე, როგორც ეს ბევრ სხვა ქვეყანაში ხდება, – ამის შესახებ პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის საახალწლო მილოცვაშია ნათქვამი.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, 2018 წელი მისთვის მძიმე განსაცდელისა და დიდი სიხარულის წელი იყო.
„ძვირფასო თანამემამულეებო! მიხარია და მეამაყება, რომ თქვენს წინაშე ვდგავარ ამ ულამაზესი ორბელიანების სასახლის წინ და აქედან გილოცავთ 2019 წლის შემოსვლას. 2018 წელი სრულიად განსაკუთრებული წელი იყო ჩემთვის. ეს იყო ერთდროულად მძიმე განსაცდელისა და დიდი სიხარულის წელი. ნდობისა და მხარდაჭერისთვის თქვენი მადლობელი ვარ. ყველა გამოცდას თან ახლავს ცხოვრებისეული გაკვეთილი. იმისათვის, რომ ხვალ ვინც ამ გზას დაადგება, აღარ შეეხოს შეურაცხყოფა, ცილისწამება, სიძულვილის ენა, უნდა ვიფიქროთ, როგორ დავიცვათ კანონით ერთდროულად სიტყვის თავისუფლებაც და ადამიანის ღირსებაც ისე, როგორც ეს ბევრ სხვა ქვეყანაში ხდება. ასევე უნდა ვიფიქროთ, როგორ დავიცვათ თავი ცრუ ინფორმაციებისა და დეზინფორმაციებისგან, რათა საზოგადოებამ დაიბრუნოს სიმშვიდე და საფრთხე არ შეექმნას დემოკრატიას.
გასული წელი ტრაგიკული აღმოჩნდა იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც შვილები დაეღუპათ გაურკვეველი წარმოშობის ნარკოტიკების გამო. ეს არის ტრაგედია ამ ოჯახებისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველოს დასაკარგი შვილები არ ჰყავს. ჩვენი მოვალეობაა, ახალგაზრდებს მოვუწოდოთ სიფრთხილისა და თავდაცვისკენ, რათა თავიდან აიცილონ დამღუპველი შეცდომა. მომავალი თაობა წარმატების მაგალითებზე უნდა იზრდებოდეს. 2018 წელს ქართველი სპორტსმენების არნახული გამარჯვევები წარმატების და ჯანსაღი ცხოვრების ბრწყინვალე გზას გვიჩვენებს. ჩემპიონმა პარასპორტსმენებმა დაგვიმტკიცეს, რომ ისინი ჩვენი საზოგადოების არა მხოლოდ სრულყოფილი წევრები არიან, არამედ მისი წარჩინებული ნაწილიც“, – ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის საახალწლო მილოცვაში.
ზურაბიშვილმა მოსახლეობას ორბელიანების სასახლის ეზოდან მიმართა.