საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ამერიკელი სენატორები ეხმაურებიან. სენატორები შაჰინი, რიში და ჯონსონი აცხადებენ, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან ორივე მხარემ უნდა იპოვოს გამოსავალი და ეს გამოსავალი კომპრომისზე წასვლით უნდა მოახერხონ.
“ვიცით, რომ სიტუაცია მმართველ პარტიასა და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის ჩიხშია, ჩვენ გვინდოდა ძალიან მკაფიოდ გვეჩვენებინა, რომ საქართველოს მიმართ ორპარტიული მხარდაჭერაა. ბოლო ათწლეულის განმავლობაში პროგრესი იყო დემოკრატიზაციის მიმართულებით, მაგრამ არ გვსურს, რომ პროგრესი შეჩერდეს. ახლა ეს პროგრესი შეჩერებულია იმის გამო, რომ მხარეები არ არიან მზად დასხდნენ მაგიდასთან და მიაღწიონ შეთანხმებას. ეს არ ეხმარება საქართველოს და ქართველ ხალხს. ემ მხოლოდ რუსეთს და საქართველოს მოწინააღმდეგეებს ეხმარება. გვსურს ორივე მხარე მიუჯდეს მაგიდას და გამონახონ გამოსავალი, რომელიც არამხოლოდ ამ ჩიხურ მდგომარეობას დაასრულებს, არამედ ისეთ ზოგად თემებსაც გადაჭრის როგორიცაა დამოუკიდებელი სასამართლოსკენ სვლა და საარჩევნო რეფორმების გატარება სამომავლოდ წინ წასასვლელად. იმედია ორივე მხარე გამოიჩენს ამ საკითხებისადმი თავდადებას,” – აცხადებს აშშ-ს სენატის ევროპისა და უსაფრთხოების საკითხებში რეგიონული თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე ჯინ შაჰინი.
ამერიკელი სენატორები კიდევ ერთხელ ადასტურებენ რომ ამერიკაში საქართველოს ორპარტიული მხარდაჭერა აქვს და იმედს გამოთქვამენ რომ ახლა პოლიტიკური მხარეები საერთო მიზნებზე შეთანხმდებიან.
“მიმდინარეობს მედიაცია, ორივე პოლიტიკურ პარტიას მტკიცედ მოვუწოდებ დასხდნენ და გამოსავალი მონახონ. თუ ახლა ვერ იპოვეს სწორი გამოსავალი მას ვერასოდეს მონახავენ. მეორეს მხრივ ჩვენ საქართველოს ბევრი თვალსაზრისით ვეხმარებით, მათ შორის ფინანსურადაც. ის ვერ გაგრძელდება თუ პროგრესი არ იქნება. ყველას უნდა ჰქონდეს გონებაში ის, რომ პროგრესი გამოჩნდეს. არ ვფიქრობ, იმ ეტაპზე ვიყოთ, რომ ვადებზე ვისაუბროთ. მთავრობა როგორც პოლიტიკური პარტიები ადამიანებისგან შედგება, როდესაც მოლაპარაკებებზე ვსაუბრობთ, ყველაფერი დამოკიდებულია ადამიანების კეთილ ნებაზე,” – აცხადებს აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თანათავმჯდომარე ჯეიმს რიში.
აშშ-ს სენატის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე რონ ჯონსონი აცხადებს, რომ ის მხარს არა მარტო ხელისუფლებას, არამედ ორივე მხარეს დაუჭერს.
“ჩვენი გზავნილი ისაა, რომ ამერიკიდან და ამერიკის სენატიდან და კონგრესიდან ორპარტიული მხარდაჭერა გაქვთ. ეს კარგი ამბავია. ასევე უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ არ შეიძლება იმაზე მეტად გვსურდეს გამოსავლის მოძებნა ვიდრე ეს ქართველებს სურს. ქართველებზე დამოკიდებულია ის თუ როგორ უნდა წავიდნენ კომპრომისზე. ჩვენ გადაწყვეტილების მონახვას რომელიმე ერთ მხარეს არ დავაკისრებთ, ჩვენ მხარს დავუჭერთ ორივე მხარეს. ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოს, რომ გამოსავალი მოინახოს. ვფიქრობ ეს ყველაფერი ზოგადად ასე მუშაობს. სწორედ ეს უნდა იყოს ის საბოლოო აზრი, რომელიც ამ ყველაფრის შემდეგ უნდა დაგვრჩეს,” – აცხადებს აშშ-ს სენატის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე რონ ჯონსონი.
საქართველოში დიპლომატიური მისიით ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი იმყოფება