საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსული სომხეთის პრემიერ-მინისტრი ქართველ კოლეგას შეხვდა. მათ შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართა, სადაც ისაუბრეს ორი ქვეყნის კეთილმეზობლურ ურთიერთობასა და მთავარ გამოწვევებზე. გიორგი გახარიამ და ნიკოლ ფაშინიანმა ერთობლივი პრესკონბფერენცია გამართეს. საქართველოს პრემიერმა სომეხ სტუმარს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ფაშინიანის ვიზიტი ისეთივე ნაყოფიერი იქნება, როგორც მისი სტუმრობა იყო სომხეთის რესპუბლიკაში. გიორგი გახარიამ ასევე ისაუბრა საქართველოს საგარეო ორიენტაციაზე და განმარტა, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტი არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია.
“ჩვენ რთულ რეგიონში ვცხოვრობთ და ჩვენს მთავრობებსაც კარგად აქვთ გააზრებული, რომ მშვიდობა და სტაბილურობა არის საფუძველი ჩვენი ქვეყნების განვითარებისთვის. ჩვენ პირველ რიგში უნდა ვიზრუნოთ მშვიდობაზე და შემდგომ ჩვენი ქვეყნების ეკონომიკურ, კულტურულ განვითარებაზე, განათლებაზე და ყველა იმ სფეროზე, რომელზეც დღეს ვისაუბრებთ. საქართველოს, ქართველი ხალხის ურყევი გადაწყვეტილებით, მისი მშვიდობის, სტაბილურობის და უსაფრთხოების გარანტი არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ჩვენ ამ მიმართულებით ვვითარდებით. დარწმუნებული ვარ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში მჭიდრო და ეფექტური თანამშრომლობა ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. საბოლოო ჯამში ჩვენი მიზანია ჩვენს სახელმწიფოებს და ხალხებს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება ყველა იმ სფეროში, რომელიც აღელვებს ჩვენს მოსახლეობას. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ გეგმის განსახორციელებლად დღეს კიდევ ერთ წარმატებულ ნაბიჯს გადავდგამთ“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
მეზობელ ქვეყნებს შორის ურთიერთობასა და კავშირებზე ისაუბრა ბრიფინგზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა. ფაშინიანის განმარტებით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველო-სომხეთის ურთიერთობები ხარისხობრივად სხვა დონეზე გადავიდა და უფრო გამყარდა.
„ჩვენ გვაქვს ურთიერთობების უფრო ფართო განვითარების შესაძლებლობები და სფეროები. ჩვენს ურთიერთობებს რეგიონული თვალსაზრისით, მეზობლებს შორის საქართველოსთან, განსაკუთრებულ ჭრილში განვიხილავთ. ჩვენი ხალხების ურთიერთობის განვითარების კიდევ უფრო გამამყარებელ ფაქტორად მიგვაჩნია ჩვენი ქვეყნების დემოკრატიული განვითარების გზა. აღნიშნული გარემოება სხვა მრავალ გარემოებასთან ერთად ჩვენი განვითარების კიდევ ერთი ქვაკუთხედია. ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში საქართველოსთან ურთიერთობები ხარისხობრივად სხვა დონეზე გადავიდა და გვჯერა, ამ შეხვედრის შემდეგ კიდევ უფრო გამყარდება. ჩვენ შეთანხმებების ყველა პუნქტს ვახორციელებთ. თბილად ვიხსენებ ჩვენს პირველ შეხვედრას ერევანში. დიდი სიამოვნებით ვსტუმრობ საქართველოს და ჩვენი შეხვედრები არის ის საფუძველი, რაც ჩვენს ორ ხალხს კიდევ უფრო აახლოებს“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
პირისპირ საუბრის შემდეგ, სომხეთის სამთავრობო დელეგაციასა და საქართველოს მთავრობის წევრებს შორის, გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა. საუბრისას მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის ყველა ძირითადი მიმართულება და კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა ინტენსიური ორმხრივი პოლიტიკური დიალოგისთვის.
შეგახსენებთ, რომ სომხეთის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით დღეს ჩამოვიდა. საქართველო მეზობელი ქვეყნის კოლეგებს ორი დღე უმასპინძლებს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.
https://www.facebook.com/GeorgianGovernment/videos/260808134930542/