LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ცემენტის ასოციაციის საქმიანობა აქტიურ ფაზაში შევიდა

92

საქართველოს ცემენტის ასოციაციის საქმიანობა აქტიურ ფაზაში შევიდა. 10 აპრილს, 14:00 საათზე, საქართველოს ცემენტის ასოციაციის მიერ გაწეული საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ბრიფინგი გაიმართება.

როგორც ”ფორტუნას” ასოციაციიდან აცნობეს, ასოციაციის რეგისტრაცია ოფიციალურად დასრულდა. გაფორმდა ხელშეკრულება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან და სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან. ასოციაციის საბანკო ანგარიშზე მოხდა საჭირო თანხების მობილიზაცია. საქართველოს ცემენტის ასოციაციის პრეზიდენტი გახდა პოლ როძიანკო, ხოლო ირაკლი მახარობლიძე აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა.

”ასოციაციის დამფუძნებელი წევრები არიან კომპანია ”ჰაიდელბერგცემენტი” და კავკაზ ცემენტი/GBG. თუმცა ასოციაციის წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ადგილობრივი მწარმოებელი, თუ კი მათ ამის სურვილი და მზაობა ექნებათ, რომ დააკმაყოფილონ ასოციაციის წესდებაში მითითებული წევრობისათვის საჭირო კრიტერიუმები”, – აცხადებენ საქართველოს ცემენტის ასოციაციაში.

მათივე ცნობით, საქართველოს ცემენტის ასოციაციის თავდაპირეველ მიზანს მომხმარებელთა დაცვა წარმოადგენს, რაც გულისხმობს ცემენტის ყველა მწარმოებლისა და მომხმარებლის ინფორმირებას იმის შესახებ, თუ 1) როგორ ზეგავლენას ახდენს ცემენტის ხარისხი მშენებლობის უსაფთხოებაზე და 2) რამდენად არის მომხმარებელი დაცული ცემენტის შეფუთვაზე დატანილი ინფორმაციით.

”სწორედ ამ გზით ეცდება ასოციაცია ხელი შეუშალოს ისეთი პროდუქციის რეალიზაციას, რომლის ხარისხიც მის შეფუთვაზე მითითებულ სტანდარტებს არ შეესაბამება. ასოციაციის მეორე მიზანს ცნობადი ხარისხის ნიშნის შექმნა წარმოადგენს. მხოლოდ ასოციაციის წევრებს ექნებათ მათ პროდუქტზე ამ ხარისხის ნიშნის დატანის შესაძლებლობა. GCA წევრობა გაიგივებული და დაკავშირებული იქნება ხარისხიან პროდუქციასთან. შესაბამისად, ყოველი ახალი წევრი ასოციაციის წევრობის მინიჭებამდე ხარისხის შემოწმებას გაივლის და ასოციაციის წევრობა მხოლოდ ხარისხის დადასტურების შემთხვევაში მიენიჭება. ამის შემდგომ, სტატუსის შენარჩუნების მიზნით, საქართველოს ცემენტის ასოციაციის წევრთა პროდუქციის ტესტირება რეგულარულად განხორციელდება”, – აღნიშნეს ასოციაციაში.

მათივე ცნობით, საბოლოო მიზანს წარმოადგენს ის, რომ საქართველოში იარსებოს კონკურენტუნარიანმა და ეკონომიკურად მდგრადმა ცემენტის ინდუსტრიამ.