საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში, საარჩევნო ადმინისტრაციის ამომრჩეველთა საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების პრეზენტაცია გაიმართა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებულ საქმიანობას, საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების უპირატესობებსა და სიახლეებს.
ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები ელექტრონული ტექნოლოგიების მუშაობას პირადად გაეცნენ და იმიტირებულ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღეს. აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული ტექნოლოგიები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ფართო მასშტაბით იქნება გამოყენებული.
„საარჩევნო ადმინისტრაციამ ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები გააცნო, რომლის მეშვეობითაც გაიმართება მომდევნო საპარლამენტო არჩევნები. ეს ის მნიშვნელოვანი ცვლილებებია, რომლის შესახებაც სასურველია კერძო სექტორი და ზოგადად მოსახლეობა წინასწარ იყოს ინფორმირებული. საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, რომელიც მსხვილ დამსაქმებლებს აერთიანებს, მზადაა ხელი შეუწყოს ასოციაციის წევრებს შორის შესაბამისი ინფორმაციის გავრცელებას“, – განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.