LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს წარმომადგენლობასთან ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობები განიხილა

119
ბიზნეს

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს წარმომადგენლობას შეხვდა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობები და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

საუბარი შეეხო საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას, ისევე როგორც ეკონომიკურ რეფორმებს, ევროპულ ბაზარზე წვდომასა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებს. ასევე, განხილული იყო ბიზნეს საქმიანობის შესაძლებლობები საქართველოში და ზოგადი საინვესტიციო და ბიზნეს კლიმატი.

ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ საელჩოს წარმომადგენლობას საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ყოველკვარტალური კვლევის, BAG ინდექსის შედეგები გააცნო, რომელშიც ყურადღება გამახვილდა კვალიფიციური კადრების და ზოგადად შრომის ბაზარზე არსებულ ადამიანური რესურსების დეფიციტზე.

შეხვედრის ფარგლებში ასევე განიხილეს ენერგეტიკული პროექტები, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებით არსებული მდგომარეობა და გამოწვევები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს შუა დერეფნის ფუნქციასა და როლზე, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციისთვის განსაკუთრებულ პრიორიტეტს წარმოადგენს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან მჭიდრო და პარტნიორული ურთიერთობები. მსგავსი შეხვედრები ემსახურება, როგორც გამოცდილების გაზიარებას, ასევე ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების აღმოჩენას. მოხარულნი ვართ, რომ ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს წარმომადგენლობასთან საქმიანი დიალოგი დაიწყო და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა აქტიურ ფაზაში გადავა“, – განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.