საქართველოს ბანკი სპორტული ღონისძიებების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ბანკის ჩართულობით და კომპანია „ჰაიდელბერგცემენტის“ ორგანიზებით, 2023 წლის 1 ოქტომბერს, თბილისიმარათონი გაიმართა.
თბილისიმარათონმა სტარტი რუსთაველის გამზირზე, პირველ კლასიკურ გიმნაზიასთან აიღო. ის სამი გარბენისგან შედგებოდა:
- ნახევარმარათონი – 21,097 კმ;
- 10-კილომეტრიანი გარბენი
- და ბავშვთა გარბენები – 6-11 წლამდე – 500მ და 11-15 წლამდე – 1,2კმ.
მარათონის მონაწილეებმა წელსაც საქველმოქმედო მიზნებისთვისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდისთვის ირბინეს. ამჯერად, „ჰაიდელბერგცემენტი“ ღონისძიებიდან შემოსულ თანხას კასპის სოციალური სერვისის 6–18 წლის შშმ ბავშვთა დღის ცენტრის სრულ რეაბილიტაციას მოახმარს და ადგილობრივად ხელმისაწვდომი გახდება ისეთი მნიშვნელოვანი სერვისების მიღება, როგორებიცაა შშმ ბავშვთა დღის ცენტრი, რეაბილიტაცია/აბილიტაცისა და ადრეული ინტერვენციის პროგრამები.
ცნობისთვის, თბილისიმარათონი ყოველწლიური მასშტაბური საერთაშორისო გარბენია, რომელიც კომპანია „ჰაიდელბერგცემენტის“ ორგანიზებით ტარდება. ღონისძიება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ქველმოქმედებას და დედაქალაქში სპორტული ტურიზმის განვითარებას ემსახურება. შესაბამისად, მასში მონაწილეთა რიცხვი ყოველწლიურად მატულობს.
წლევანდელ გარბენში მონაწილეობა 3000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო. მონაწილეთა შორის იყვნენ უცხოელი სტუმრები 60-ზე მეტი ქვეყნიდან, დიპლომატიური კორპუსის, ასევე სამთავრობო და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.
2015 წლიდან თბილისმარათონი მარათონებისა და გრძელ დისტანციებზე გარბენთა საერთაშორისო ასოციაციის (AIMS) წევრია. შესაბამისად, ღონისძიება საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ტარდება, შედეგების დათვლაც მსოფლიოში აპრობირებული, RaceResults-ის ოფიციალური სისტემით ხდება.
(R)