„ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი ნონიაშვილი აცხადებს, რომ უკრაინის მარეგულირებელი ორგანოს მოდელირების მიხედვით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რეაქტორების აფეთქების შემთხვევაში, რადიაციული დაბინძურების საფრთხე ემუქრება საქართველოს, ზოგადად აღმოსავლეთ ევროპისა და შავი ზღვის აუზის ქვეყნებს, თუმცა რეგიონისა და ევროკავშირის ქვეყნებისგან განსხვავებით, ანტირადიაციული ტაბლეტები საქართველოს არ შეუძენია.
ნონიაშვილის თქმით, „პასუხისმგებლიანი ხელისუფლებები და სახელმწიფოები ემზადებიან ყველაზე მძიმე და უარესი სცენარისთვის“.
„რუმინეთმა გადასცა მოლდოვას 1 მილიონი იოდის ანტირადიაციული ტაბლეტი. მოლდოვამ ტაბლეტები გადაანაწილა სამედიცინო დაწესებულებებში, რომელიც რადიაციული დაბინძურების შემთხვევაში 24 საათის განმავლობაში უნდა მიიღონ მოქალაქეებმა. მოლდოვის ხელისუფლებამ ასევე გამოაქვეყნა ინსტრუქცია, როგორ უნდა მოიქცნენ მოქალაქეები, რუსეთს საოკუპაციო ჯარებმა თუ ზაპოროჟიეს ატომური ელექტრო სადგური ააფექთეს. მოლდოვის ხელისუფლება არ ქმნის პანიკას, მაგრამ მზად არის შესაძლო საფრთხესთან გასამკლავებლად. როგორც რეაგირებენ ამ გამოწვევაზე საჩვენებელი მაგალითი შეიძლება იყოს.
რუმინეთმა შეიძინა 30 მილიონი იოდის ტაბლეტი, რაც 6 მილიონი ევრო დაუჯდა, ბულგარეთმა ასევე შეავსო ანტირადიაციული იოდის ტაბლეტების მარაგები, ანალოგიურად მოიქცა ჯამში ევროკავშირის წევრი 20 ქვეყანა. ამასთან ერთად ევროკავშირმა მოამარაგა უკრაინა ანტირადიაციული ტაბლეტებით.
ამ პირობებში საქართველოს ხელისუფლებას არ შეუძენია ანტირადიაციული ტაბლეტები მსგავსად სხვებისა, და ამით მოქალაქეებს ტოვებს დაუცველს. ჩვენთვის საჯაროდ არ რეაგირებს, არ მოქმედებს და აქედან გამომდინარე ჩვენთვის უცნობია რაიმე ზომები აქვს თუ არა მიღებული საერთოდ. ეს ხელისუფლება ხუჭავს რუსეთის აგრესიიდან მომდინარე ყველა საფრთხეზე თვალს“ – განაცხადა ნონიაშვილმა.