საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2023 წელს საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით 6 013 995 მგზავრს მოემსახურა, რაც ქვეყნისთვის მგზავრთნაკადის რეკორდული მაჩვენებელია. 2023 წელს მიღებული მგზავრების რაოდენობა 35%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე და 15%-ით აღემატება 2019 წელს დაფიქსირებული მგზავრთნაკადის მაჩვენებელს.
შარშან თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 3 694 052 მგზავრს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 1 671 198 მგზავრს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი კი 621 514 მგზავრს მოემსახურა.
რაც შეეხებათ ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, 2023 წლის დაჯამებული მონაცემებით, ნატახტარის აეროპორტი 14 789 მგზავრს, მესტია 10 217 მგზავრს მოემსახურა, ამბროლაურის აეროპორტმა კი 2225 მგზავრი მიიღო.
2023 წელს საქართველოს აეროპორტებში, ჯამში, 26 290 რეისი განხორციელდა. აქედან რეგულარული რეისების რაოდენობა შეადგენდა 21 280-ს, ხოლო ჩარტერების – 5 010-ს.
2022 წელთან შედარებით, საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელი 58%-ით, ხოლო 2019 წელთან შედარებით 65%-ით გაიზარდა. სულ, გასულ წელს 232 491 ერთეული გადაფრენა დაფიქსირდა. 2023 წელს, საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 19 168 ტონა შეადგინა. 2022 წელთან შედარებით, ტვირთბრუნვა 6%-ით არის გაზრდილი.
2023 წელს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე Wizz Air-ი ლიდერობს. ავიაკომპანია ბაზრის 21%-იან წილს ფლობს და 1 270 737 მგზავრი ჰყავს გადაყვანილი.
2024 წლის იანვრის მდგომარეობით, საქართველოს აეროპორტებში 43 ავიაკომპანია 89 მიმართულებით ოპერირებს.