LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველომ სატრანზიტო დერეფნის „ლაპის ლაზულის“ შეთანხმებას ხელი მოაწერა

96

ქალაქ აშხაბადში ხელი მოეწერა ავღანეთიდან თურქმენეთის და სამხრეთ კავკასიის გავლით ევროპის მიმართულებით ახალი სატრანსპორტო დერეფნის „ლაპის ლაზულის“ შეთანხმებას. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სატრანზიტო დერეფნის „ლაპის ლაზულის“ შეთანხმებას საქართველომ ოთხ ქვეყანასთან ერთად მოაწერა ხელი.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს პროექტში ჩართული ქვეყნების – ავღანეთის, თურქმენეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის წარმომადგენლებმა. საქართველოს მხრიდან „ლაპის ლაზულის“ შეთანხმებას ხელი მოაწერა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ.

შეთანხმება ითვალისწინებს პროექტში ჩართულ ქვეყნებს შორის სატრანსპორტო ურთიერთობების ხელშეწყობას, რაც გულისხმობს ტვირთების და მგზავრების დაუბრკოლებელი გადაადგილების ხელშეწყობას, სატრანზიტო მოძრაობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საკითხების და პროცედურების ჰარმონიზაციას და ა.შ.

საქართველოს ვიცე-პრემიერის შეფასებით, ამ პროექტში ჩართულობით საქართველო გახდა კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო სატრანზიტო დერეფნის მონაწილე.

„დღეს ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან მრავალმხრივ შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი. ავღანეთი, თურქმენეთი, აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი – ეს არიან ქვეყნები, რომელთაც ახალ სატრანზიტო დერეფანს დაუდეს საფუძველი. ეს გულისხმობს მეტი ტვირთის მოძრაობას ამ დერეფნის გავლით და ახალ შესაძლებლობებს ჩვენი ქვეყნებისთვის, საქართველოსთვის და რეგიონისთის. ეს არის ჩვენი პოლიტიკის მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომ საქართველო იყოს აქტიური მონაწილე რეგიონის სატრანზიტო პროექტების“- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მან ასევე დადებითად შეაფასა საქართველო-თურქმენეთის ორმხრივი თანამშრომლობა, რომელიც ბოლო პერიოდის განმალობაში დინამიურად ვითარდება და ეფუძნება მრავალ საერთო ინტერესს, მათ შორის ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრობას, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობისა და სატრანზიტო შესაძლებლობების განვითარების მხრივ არსებულ დაინტერესებას. 

ქალაქ აშხაბადში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე შეხვდა კოლეგას, თურქმენეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილეს და საგარეო საქმეთა მინისტრს რაშიდ მერედოვს. ასევე მონაწილეობა მიიღო ავღანეთის ეკონომიკური განვითარების საკითხზე საერთაშორისო კონფერენციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები