LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველომ გიბრალტარს აჯობა

10

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო საშინაო და ციკლის ბოლოსწინა მატჩი გამართა ყველაზე სუსტ მეტოქესთან და ბუნებრივია მოიგო – 4:0.

კახა ცხადაძემ გიბრალტართან მატჩში შემადგენლობა დიდად არ შეცვალა და ძირითადში ძირითადის ფეხბურთელები გამოვიდნენ: კანკავა, კაშია, ამისულაშვილი, ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი და ა.შ. მოკლედ, იმის თქმა გვინდა, რომ შემადგენლობა ექსპერიმენტული არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ სასტარტოში დაიწყეს თამაში კვეკვესკირმა, კაკაბაძემ, თუნდაც ვაწაძემ.

თამაში ქართველთა უპირატესობით დაიწყო, მეტოქე დიდი ძალებით უკან იდგა და მართალია ბლომად საგოლე მომენტები შევქმენით, მაგრამ გოლი მაინც იგვიანებდა. მხოლოდ 30-ე წუთზე გავიტანეთ. ნიკა კვეკვესკირმა ჩავისა და ინიესტას დონის ბრწყინვალე პასით ვაწაძე მეკარესთან პირისპირ დატოვა და 1:0. გიბრალტარი ცოტა დაიბნა, ჩვენებიც მიაწვნენ და შესვენებამდე კიდევ ორჯერ გავიტანეთ. ჯერ პენალტით ოქრიაშვილმა და შემდეგ იმავე ვაწაძემ თავით შეაგდო.

მეორე ნახევარში მასპინძელთა უპირატესობა განსაკუთრებით საგრძნობი და კოლოსალური აღარ ყოფილა, ზოგჯერ ბურთს ჩვენები ერთ ადგილზე ათამაშებდნენ და ამის გამო არაერთხელ გულშემატკივართა მხრიდან უკმაყოფილება დაიმსახურეს. მხოლოდ მატჩის მიწურულს ვაკო ყაზაიშვილმა გაიბრწყინა, მოედნის ცენტრიდან სოლო რეიდი მოაწყო და ლამაზი გოლი გაიტანა – 4:0.

მიუხედავად დიდი ანგარიშით გამარჯვებისა, ბუნებრივია, დიდი სიხარულის და აღტკინების საბაბი არ უნდა გვქონდეს, რადგან მხოლოდ ერთი პროფესიონალი ფეხბურთელის (მისი დონეც როგორი საეჭვოა) ამარა მყოფი გიბრალტარი ძალიან სუსტი საზომია და ეს ის შემთხვევაც არ არის, როცა ამბობენ, დღეს თამაში ყველამ ისწავლაო, რადგან გიბრალტარი დებიუტანტია, პირველად გამოდის შესარჩევ ეტაპზე და ჯერ სად და როდის უნდა ესწავლა თამაში.

ამ მოგებით კი საქართველოს ნაკრებს 9 ქულა მოუგროვდა და მეხუთე ადგილზეა.

საქართველოს ერთი მატჩიღა დარჩა და თან რა მატჩი: თვით მსოფლიო ჩემპიონ გერმანიასთან. თამაში კვირას ქალაქ ლაიპციგში გაიმართება (22:45 სთ თბილისის დროით) და ჩვენები ამით დაასრულებენ ევროშესარჩევს – იმედია მაჟორულ ნოტაზე.
საქართველო – გიბრალტარი 4:0

საქართველო: რევიშვილი – კაკაბაძე, კაშია, ამისულაშვილი, გრიგალავა – კვეკვესკირი, კანკავა (ფალავანდიშვილი, 58) – ოქრიაშვილი (ძალამიძე, 58), ყაზაიშვილი, კობახიძე – ვაწაძე (ცხადაძე, 74).

გოლები: 1:0 – ვაწაძე (30), 2:0 – ოქრიაშვილი (35-პენ), 3:0 – ვაწაძე (45), 4:0 – ყაზაიშვილი (87)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები