LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველომ ეკონომიკური თავისუფლების ხარისხით აშშ-ც უკან ჩამოიტოვა: მსოფლიოში მე-12 ადგილზე ვართ

82
shutterstock-506070076-1

2021 წლის „ჰერითიჯის ფონდის“ მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის თანახმად, საქართველო, 77.2 საერთო ქულით, მსოფლიოში მე-12, ხოლო ევროპის რეგიონის 45 სახელმწიფოს შორის მე-7 ყველაზე თავისუფალ ეკონომიკად არის დასახელებული.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, საქართველო მოთავსებულია ინდექსის უმეტესწილად თავისუფალი ეკონომიკების ჯგუფში. 2020 წლის ინდექსთან შედარებით, მიმდინარე საანგარიშო წელს საქართველომ გაიუმჯობესა თავისი მონაცემები რეიტინგის 5 კომპონენტში ქულების გაუმჯობესების შედეგად – ეს კომპონენტებია: სასამართლოს ეფექტიანობა (59.3 ქულა), საგადასახადო ტვირთი (89.1 ქულა), სამთავრობო ხარჯები (76.9 ქულა), ფისკალური თავისუფლება (94.9 ქულა) და შრომის თავისუფლება (76.7 ქულა).

“საქართველოსთვის მინიჭებული ქულა მნიშვნელოვნად აღემატება როგორც ევროპის რეგიონის, ისე სრულიად მსოფლიო მასშტაბით გამოყვანილ საშუალო მონაცემს. ამ მხრივ, საქართველო ევროპაში ეკონომიკური თავისუფლების კუთხით უსწრებს ისეთ ქვეყნებს როგორებიცაა: ჰოლანდია, ფინეთი, ლუქსემბურგი, შვედეთი, ავსტრია, ჩეხეთი, ნორვეგია, გერმანია, ლატვია, ლიტვა, ბელგია, ესპანეთი, უნგრეთი, პორტუგალია, სლოვენია, საფრანგეთი, იტალია, ხორვატია, პოლონეთი, ა.შ., ხოლო მსოფლიო მასშტაბით, საქართველომ შეძლო ეკონომიკური თავისუფლების ხარისხით უკან ჩამოეტოვებინა აშშიც, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მე-20 ადგილზეა.

ანგარიშის თანახმად, საქართველოს ეკონომიკამ შეძლო მიმდინარე წელს დაფიქსირებული მინიმალური უკუსვლის გადალახვა და წინსვლის უზრუნველყოფაც. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მრავალწლიანი რეფორმების შედეგად შესაძლებელი გახდა კორუფციის დონის შემცირება, რეგულაციების შესუსტება და გადასახადების გამარტივება, ხოლო ამ ყოველივემ უზრუნველყო ქვეყნის წინსვლა ეკონომიკური თავისუფლების ყველა ასპექტში.

ანგარიშში ნათქვამია, რომ რეგულაციების ეფექტიანობის კუთხით საქართველო წარმოადგენს მეწარმის მიმართ მსოფლიოში ერთერთ ყველაზე კეთილგანწყობილ ქვეყანას, ხოლო ბაზრის ღიაობის კუთხით საქართველოს გააჩნია 13 მოქმედი პრეფერენციული სავაჭრო რეჟიმი. აღნიშნულია, რომ ქვეყანაში იზრდება საბანკო/ფინანსური სექტორი და უმჯობესდება დაფინანსებაზე წვდომა.

სამთავრობო ხარჯების კომპონენტში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ქვეყნის შეფასება. კერძოდ, სამთავრობო დანახარჯების წილი ბოლო სამი წლის განმავლობაში მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით შემცირდა, რაც ხაზს უსვამს მთავრობის ზომის შემცირებას. საგადასახადო ტვირთის თვალსაზრისით, საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც საგადასახადო ტვირთის წილი დაბალია როგორც მთლიან შიდა პროდუქტში, ასევე მოგებისა და საშემოსავლო გადასახადთან მიმართებით. სასამართლოს ეფექტიანობის შეფასება ეფუძნება სასამართლოს მიუკერძოებლობას, სასამართლოს პროცესის ხარისხს და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების ალბათობას. ფისკალური თავისუფლების ინდიკატორში ქვეყნის ვალის და დეფიციტის წილი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით ბოლო სამი წლის განმავლობაში შემცირდა. შრომის თავისუფლების ინდიკატორი აფასებს დასაქმებულთა უფლებებს, დაქირავების და გათავისუფლების, სამუშაო დროის, შრომის ანაზღაურების, დასაქმების დონეს.

რაც შეეხება ბიზნესის თავისუფლების კომპონენტს, აღსანიშნავია, შეფასება ეფუძნება მსოფლიო ბანკისბიზნესის კეთებისრეიტინგს. თავის მხრივ, აღნიშნულ რეიტინგში საქართველოს შეფასება და პოზიციები ბოლო 4 წლის განმავლობაში ყოველწლიურად უმჯობესდება. „ჰერითიჯის“ „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში“ კი ქვეყნის ქულის შემცირება განაპირობა მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების“ რეიტინგში მსოფლიო საშუალო ქულის გაუმჯობესებამ, რომელსაც ეფარდება ქვეყნის ქულა.

ჰერითიჯისფონდმა ეკონომიკური თავისუფლების ყოველწლიური ინდექსი 2021 წლის 4 მარტს გამოაქვეყნა. აღნიშნული ანგარიში 27 წელია გამოიცემა და ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ და საყურადღებო რეიტინგად ითვლება. ინდექსი წარმოადგენს შეფასების 4 ძირითად ჯგუფში შემავალ, 12 სხვადასხვა რაოდენობრივ და ხარისხობრივ პარამეტრზე დაყრდნობით გამოყვანილი, მსოფლიოს 184 ქვეყნის ეკონომიკური თავისუფლების ამსახველ რეიტინგს”, – წერია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები