საქართველოს ნაკრებმა ბოლო ოფიციალური და ერთიც ამხანაგური მატჩისთვის მზადება დაიწყო. ვლადიმირ ვაისის გუნდი შვეიცარია-საქართველოს მატჩის მასპინძელი ქალაქის, სენტ გალენის სიახლოვეს, გერმანიის ქალაქ ბად ვურისოფენში იმყოფება, სადაც სამი დღე დარჩება.
საწვრთნელი შეკრების პირველ დღეს ნაკრებმა არასრული შემადგენლობით ივარჯიშა. მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში 13 ფეხბურთელი იყო. საკლუბო მატჩების გამო ლეგიონერების ნაწილი სავარჯიშო პროცესს დღეიდან დაიწყებს. ვლადიმირ ვაისის მიერ გასულ კვირას დასახელებულ სამატჩო შემადგენლობას, ტრავმების გამო ორი ფეხბურთელი გამოაკლდა. ჯანო ანანიძე და ჯიმი ტაბიძე შვეიცარიასთან და ხორვატიასთან დაგეგმილ შეხვედრებს გამოტოვებენ. მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, იძულებითი ცვლილებების შემდეგ საქართველოს ნაკრებს თბილისის „საბურთალოს“ წევრი გიორგი რეხვიაშვილი შეუერთდება.
ოთარ კიტეიშვილი:
“შვეიცარიის ნაკრები ძლიერი გუნდია, ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდი. მათ წინააღმდეგ გამართულ პირველ შეხვედრაში ისეთი თამაში ვერ ვაჩვენეთ, როგორიც გვსურდა და 0:2 დავმარცხდით. იმ მატჩში შვეიცარიამ, ასე ვთქვათ, გვაჯობა, მაგრამ ახლა შევეცდებით, რომ მაქსიმალურად დავიხარჯოთ, გამოვავლინოთ ჩვენი შესაძლებლობები და სასურველი შედეგი დავაფიქსიროთ. მიმდინარე წელს ერთი ოფიციალური და ერთი ამხანაგური შეხვედრა დაგვრჩა. ჩემი აზრით, ეს მატჩები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ მარტში გასამართ ერთა ლიგის პლეი-ოფებს იდეალურ ფორმაში შევხვდეთ“.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა შვეიცარიისა და ხორვატიის წინააღმდეგ:
მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)
მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი), გიორგი რეხვიაშვილი (საბურთალო, თბილისი)
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი,ყაზახეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), ზურიკო დავითაშვილი (რუბინი, ყაზაინი, რუსეთი)
თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ელგუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი), ბაჩანა არაბული (პანიონისი, საბერძნეთი)
მატჩების განრიგი
15 ნოემბერი შვეიცარია – საქართველო 23:45 (თბილისის დროით)
19 ნოემბერი ხორვატია – საქართველო 21:00 (თბილისის დროით)