LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოდან წასვლისას თან სუნთქვა მიმაქვს: რუსეთში მცხოვრები ქართველის ქალის ისტორია

260
20190409185351

ვინ არიან ემიგრანტები და რას ნიშნავს სიტყვა „ემიგრანტი“? – ოფიციალური განმარტებით, „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის“ მოსახლეობის დეპარტამენტის მიხედვით, „საერთაშორისო მიგრანტი“ არის ადამიანი, რომელიც ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა სხვა ქვეყანაში და არა იქ, სადაც დაიბადა.

2019 წლის 6 ნოემბრის მონაცემებით, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში საქართველოდან რუსეთში ჩასულ ემიგრანტთა რაოდენობა იკლებს და იზრდება საქართველოს იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებმაც რუსეთი დატოვეს. ამავე მონაცემებზე დაყრდნობით, 2011 წელს რუსეთში საქართველოს 7 325 მოქალაქე ჩავიდა, უკან კი მხოლოდ 416 დაბრუნდა. 2018 წელს კი, რუსეთში 6 345 მოქალაქე გაემგზავრა, უკან კი 4 314 დაბრუნდა. მიგრაციის კომიტეტის მიხედვით ამ დრომდე, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ემიგრაციის ერთ-ერთი ძირითადი ქვეყანა მაინც რუსეთის ფედერაცია, სადაც 450 ათასზე მეტი ქართველი ცხოვრობს.

რუსეთში მცხოვრები ემიგრანტია ნათია ბებია, რომელსაც დიდი სურვილი არ ქონია სხვა ქვეყანაში ეცხოვრა. ჯერ კიდევ სტუდენტი იყო და ქართული მართლმსაჯულების სამსახურში უნდა ყოფილიყო, როდესაც უცხო ქვეყანაში წასვლამ  მოუწია.

„პროფესიით იურისტი ვარ და კანონებშიც ვერკვევი, ამიტომ ჩემი უფლებები საქართველოს ფარგლებს გარეთ კარგად ვიცი. სპეციალობით არ ვმუშაობ, მაგრამ ღმერთის წყალობით, ყოველთვის მაქვს გამოსავალი. ღმერთი მაძლევს ძალას ვიდგე მყარად და ვიფიქრო ჩემი შვილის უკეთეს მომავალზე. ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა, საქართველოში რატომ არ დავრჩი და რატომ არ ავიწყვე კარიერა?! გეტყვით, რომ უცხო ქვეყანაში სამუდამოდ დარჩენას არ ვაპირებ, მაგრამ იმ ვითარებიდან გამომდინარე, რაც იმ პერიოდში ჩემს ქვეყანაში ხდებოდა, ზუსტად ვიცოდი, რომ ჩემი ანაზღაურებით ვერ მივაღწევდი იმას, რაც მინდოდა გამეკეთებინა. მე არ ვარ „ტანჯული“ ისტორიის და წარსულის მქონე ქალი და ზოგადად არც მომწონს ის მოსაზრება, რომ იტყვიან „ცხოვრებამ მაიძულა“, „გამოსავალი არ მქონდა“ და კიდევ ათასი პროფილური, სევდიანი ისტორიები, რომელსაც ხშირად წერენ. არც საქართველოში მქონდა ცუდი ცხოვრება, მაგრამ ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო და ამ ნაბიჯით, მართალია რამდენიმე წელი ოჯახისგან შორს გავატარე, მაგრამ ოჯახისთვის ბევრი გავაკეთე“ – ამბობს ნათია.

ანტიქართულ პოლიტიკას რუსეთის მოქალაქეები არ იზიარებენ – ეკატერინა უსტინოვა

როგორც თვითონ გვიყვება, უცხო ქვეყანაში ყოფნის პერიოდში, ის არაერთ ქართველს დახმარებია. წასვლაშიც და სამსახურის პოვნაშიც, ხელი შეუწყვია. უანგაროდ გაწეული დახმარება კი სიკეთით დაბრუნებია.

„უკვე 16 წელია მოსკოვში ლეგალურად ვცხოვრობ. ამ ხნის განმავლობაში ყველაზე ღირებული გავაკეთე ის, რომ დავეხმარე ადამიანებს, რომლებსაც ვჭირდებოდი. არავისგან მადლობა არ მითხოვია, ვიცი, რომ ღმერთი ყველა სიკეთეს დამიფასებს და ჩემი შვილს წინ დახვდება. როგორც ყველა მშობელი ისე მეც ჩემი შვილის კეთილდღეობაზე ვზრუნავ და ჩემთვის მთავარია მას მივცე პირველ რიგში საუკეთესო განათლება. მართალია ჩემგან შორს გაიზარდა, მაგრამ დედა-შვილს შორის არსებულ  გრძნობას და კავშირს, მანძილი ვერ გაწყვიტავს. საქართველოში ჩასული პირველად რას ვაკეთებ? ჰაერს ვყლაპავ ხარბად, მონატრებულ ქართულ ჰაერს. თითქოს აქამდე არ ვსუნთქავდი. წასვლის დროსაც , სანამ თვითმფრინავში ავალ, ღრმად ჩავისუნთქავ და ამოსუნთქვა არ მინდა. საქართველოდან სუნთქვა მიმაქვს.“

 

ქართველ ემიგრანტთა მიგრაცია ბოლო წლების განმავლობაში გაიზარდა და ამას საქართველოს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომიტეტის მიერ დადებული დასკვნა ადასტურებს. ქვეყნიდან გასული მოქალაქეების და სხვა სახელმწიფოში ლეგალურად მცხოვრები ადამიანების ზუსტი ციფრი დაუდგენელია, თუმცა მიახლოებითი რიცხვი საქართველოსთვის სახარბიელო არ არის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები