„საქართველოდან არ ისმის ძლიერი მესიჯები, რომ „ქართული ოცნება“ აქტიურადაა ნატო-ში და სთხოვს მათ წევრობას ან სტატუსის განახლებას“, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ნატო-ში ყოფნა არის ზუსტად ის, რაშიც ნატო უნდა დაეხმაროს საქართველოს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ გააკეთოს ყველაფერი, რათა არ დაკარგოს ეს შესაძლებლობა.
„ჩვენ გვაქვს ახალი რეალობა. მადრიდის სამიტმა წარადგინა ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, ნატო-ს ახალი სტრატეგია, სადაც რუსეთი მოხსენიებულია, როგორც საფრთხე, ასევე ჩინეთი, როგორც მეტოქე, თუმცა არა რუსეთის დონის. ასევე, ნახსენები იყო ყველა ეს საფრთხე მომავლისთვის. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა, რადგან ლისაბონის სტრატეგიაში რუსეთი მოხსენიებული იყო, როგორც პარტნიორი. შეხედეთ, 12 წელიწადში რუსეთი ოფიციალურად გახდა მთავარი საფრთხე დოკუმენტებში და ეს ბევრს ნიშნავს, რადგან ამის გამო ნატო-ს მოუწია, შეეცვალა სტრატეგია მის ტერიტორიაზე. ეს ახლაც გრძელდება, ბრიგადები ბალტიის ქვეყნებში, ასევე გაზრდილი უსაფრთხოება შავ ზღვაში, ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა რუმინეთი, ბულგარეთი. თურქეთი ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს აქ, ნატო-ში ყოფნა არის ზუსტად ის, რაშიც ნატო უნდა დაეხმაროს საქართველოს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ გააკეთოს ყველაფერი, რათა არ დაკარგოს ეს შესაძლებლობა. ეს იგივეა, როგორც ევროკავშირის წევრობა. ფინეთი და შვედეთი გაწევრიანების გზაზე არიან, თუმცა საქართველოდან არ ისმის ძლიერი მესიჯები, რომ „ქართული ოცნება“ აქტიურადაა ნატო-ში და სთხოვს მათ წევრობას ან სტატუსის განახლებას. ეს არის ის, რაც საქართველომ უნდა თქვას, როგორც ეს შვედეთსა და ფინეთში მოხდა, სადაც ხალხი და მათი პოლიტიკოსები შეთანხმდნენ, იქნებოდა ეს ოპოზიცია თუ მმართველი ძალა და მათ წარმატებას მიაღწიეს“, – განაცხადა იუკნევიჩიენემ მადრიდში, სადაც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა მიმდინარეობს.