LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საქართველო ვერ გახდა დღემდე ისეთი დემოკრატია, რომელსაც არ დასჭირდება გარედან კონტროლი” – თორნიკე შარაშენიძე ბრიუსელში პრემიერის ვიზიტს აფასებს

90
BeFunky-collage (3)

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მეორე დღეა ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. პრემიერის რანგში ეს მისი პირველი ოფიციალური ვიზიტია ევროპის დედაქალაქში. ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრისას მხარეებმა სხვადასხვა საკითხთან ერთად ნატოში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესი და მომავალი თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.
სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების მნიშვნელობას.
ნატოს გენერალურმა მდივანმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას ყველა შესაძლებლობა გამოიყენონ ნატოსთან დასაახლოვებლად.

პრემიერის ვიზიტი ბრიუსელში და ნატოს მხრიდან გაკეთებული განცხადებები რადიო “ფორტუნას” გადაცემაში “დღის თემა” პოლიტოლოგმა, ჯიპას პროფესორმა თორნიკე შარაშენიძემ შეაფასა.

შარაშენიძე აღნიშნავს, რომ ამ ატაპზე, გახარიას ვიზიტი პოლიტიკურ-საარჩევნო სარჩულს ატარებს.

რაც შეეხება რუსეთის ჩარევას 2020 წლის არჩევნებში, პოლიტოლოგი თვლის, რომ რუსეთს ამჯერად ჩარევა არ სჭირდება, რადგან მოცემული სურათის მიხედვით, ოცნება იმარჯვებს, რუსეთს კი ამ სურათის შეცვლა არც აწყობს.

-პირველ რიგში, რომ შევაფასოთ პრემიერის ვიზიტი, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ვიზიტი, რამდენად წარმატებით აგრძელებს საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს?

-ეს ვიზიტი არის უფრო პოლიტიკური-საარჩევნო ხასიათის, ქართულ ოცნებას სჭირდებოდა ახლა რაღაც წარმატება ამ მხრივ. დემონსტრაცია იმისა, რომ ქართულ ოცნებას არ აკლია დასავლეთის მხარდაჭერა. მოგეხსენებათ, რომ 8 წელია ქართულ ოცნებას ბრალს სდებენ იმაში, რომ პრორუსულია. ეს ვიზიტი სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ, ნატოს მხარდაჭერა, გახარიას შეხვედრა სტოლტენბერგთან, დაფიქსირებაა იმისი, რომ ქართული ოცნება აგრძელებს ნატოში ინტეგრაციას.

რაც შეეხება განცხადებებს, იმასთან დაკავშირებით, რომ მხარს უჭერენ საქართველოს ინტეგრაციას ნატოში: რამდენად ნიშნავს ეს, რომ დაჩქარდება საქართველოს ნატოში ინტეგრაცია, ასე მარტივად საქმე არ არის. ის პრობლემები, რომლებიც უშლიან ხელს აფერხებენ, ჩვენს ინტეგრაციას, ჯერჯერობით არსად არ წასულა და ამას მხოლოდ განცხადებები ასე მარტივად ვერ უშველის.

-ნატოს გენერალურმა მდივანმა აქცენტი საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულ, საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარების აუცილებლობაზე გააკეთა. ალბათ, ამ განცხადებას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, თუ გავითვალისწინებთ ერთი მხრივ პოლიტიკურ ოპონენტებს შორის წინასარჩევნოდ შექმნილ დაძაბულობას, თუნდაც გუშინდელ ფაქტებს თუ გადავხედავთ.

და მეორე მხრივ, ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის, არჩევნებში კეთილსინდისიერი მონაწილეობისთვის ტრანსატლანტიკური კომისიის თავმჯდომარის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებას, რომ ბოლო ანგარიშების მიხედვით, რუსეთი კვლავ ცდილობს ჩაერიოს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში…

-ყოველი არჩევნების წინ მოუწოდებენ, რომ არჩევნები ჩაატარონ კარგად. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო ვერ გახდა დღემდე ისეთი დემოკრატია, რომელსაც არ დასჭირდება გარედან კონტროლი. რაც შეეხება რუსეთს, გასაგებია, რუსეთს არ უნდა მაინცდამაინც საქართველოში დემოკრატიის განვითარება. იმიტომ, რომ დემოკრატიის განვითარება ჩვენ უფროდაუფრო გვაახლოვებს ევროპასთან და გვხდის უფრო ძლიერს, მაგრამ მეორე მხივ, მე ვერ წარმომიდგენია, რა უნდა ქნას რუსეთმა ამ შემთხვევაში რომ ჩაერიოს, რა უნდა მოიმოქმედოს, წააგებინოს ოცნებას და გაამარჯვებინოს სააკაშვილს?-ეს აბსურდია. შესაბამისად ახლა, არ მგონია რომ რუსეთს აინტერესებდეს მოცემული სურათის შეცვლა. მოცემული სურათის მიხედვით, ოცნება იმარჯვებს და ოცნებაზე უფრო მეტად მას, რა თქმა უნდა, სააკაშვილის დაბრუნება არ უნდა.

-აქვე აღსანიშნავია რასმუსენის მოწოდება ქართული პოლიტიკური ორგანიზაციების მიმართ ხელი მოაწერონ დათქმას არჩევნებში კეთილსინდისიერი მონაწილეობისთვის. დათქმაზე ხელმოწერით, პარტიები და კანდიდატები პირობას დებენ, რომ არ გამოიყენებენ ისეთ ტაქტიკებს, რაც პირდაპირ, თუ ირიბად ხელს შეუწყობს არჩევნებში ჩარევის მოსურნე გარე ძალებს. დათქმას უკვე მოაწერა ხელი  რამდენიმე პოლიტიკურმა სუბიექტმა.

რა საშიშროებას ხედავს რასმუსენი? რას უნდა ველოდოთ რუსეთისგან?

აქვე დავამატებ, რომ რუსეთის მხრიდან საშიშროებაზე დღეს ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმაც აღნიშნა, რომ საქართველო რუსული ჩარევისა და გავლენის მოხდენის მთავარი სამიზნეა…

-არ ვიცი ისინი რას გულისხმობენ, თუმცა მე ვერ ვხედავ მიზეზს. გასაგებია, რომ რუსეთს თავისი ინტერესები აქვს საქართველოზე, მას ჰყავს აგენტურა და ყოველთვის ცდილობს ხელი შეუშალოს საქართველოს ნატოში ინტეგრაციას, მაგრამ ამ ეტაპზე, ვის უნდა გაამარჯვებინოს? წააგებინებს ოცნებას და ვის მოაგებინებს? სააკაშვილს, ბოკერიას, თუ ვის? ამ შემთხვევაში, ამ არჩევნებში მე სიმართლე გითხრათ, რატომ უნდა ჩაერიოს არ ვიცი, თუმცა რესურსი გააჩნია.

-კიდევ ერთხელ რომ აღვნიშნოთ, ბრიუსელში ვიზიტისას რა არის ევროატლანტიკური სივრცის მთავარი გზავნილი საქართველოს ხელისუფლებისთვის?

-ყოველი არჩევნები არის პატარა ნაბიჯი დემოკრატიისკენ, პატარა ნაბიჯი ევროპისკენ და ნატოსკენ.

-გიორგი გახარიამ დღეს აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის, ნებისმიერი ფორმით შეუწყოს ხელი მოლაპარაკების პროცესს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის და დიალოგის გამართვის მიზნით, კონფლიქტის მხარეებს თბილისში შეხვედრა შესთავაზა. რომ შევაფასოთ კონფლიქტის გამწვავების რისკები და შესაძლებელია თუ არა მხარეების დაზავება საქართველოს ხელისუფლების შუამდგომლობით?

ეს დაზავება ჩვენი შუამდგომლობით არ იქნება ასეთი მარტივი, ჩვენ არ გვაქვს პრესტიჟი, თუმცა ჩვენ გვაქვს პრივილეგია-ჩვენ ვიყავით სრულიად ნეიტრალურები კონფლიქტში, რუსეთისგან და თურქეთისგან განსხვავებით, მაგრამ ჩვენ არ ვართ არცერთი. ასეთი წონა ჩვენ არ გაგვაჩნია, მაგრამ თავისთავად ეს ინიციატივა ძალიან კარგია, ხაზს უსვამს იმას, რომ ჩვენ გვინდა მშვიდობა რეგიონში და ოდესმე, იმედი მაქვს, დადგება მომენტი ჩვენ დავეხმარებით ამ ორ ქვეყანას შერიგებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები