„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი არ გამორიცხავს, რომ თუ მთავრობა „ეიპიემ ტერმინალსზე“ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით ნებართვას გასცემს, საქართველო საერთოდ ღრმაწყლოვანი პორტის გარეშე დარჩეს.
„მინდა სრული თავდაჯერებით გითხრათ, რომ საქართველოს ორი ღრმაწყლოვანი პორტი არ სჭირდება. იმ მასშტაბის საპორტო ინფრასტრუქტურის შექმნა, რაც ქვეყანას სჭირდება სხვაგან, მათ შორის ფოთში შესაძლებელი არაა, რაც მთავრობის მიერ 2014 წელს ჩატარებული კვლევით დასტურდება. თუ მთავრობა „ეიპიემ ტერმინალსზე“ ნებართვას გასცემს, ეს ნიშნავს, რომ ანაკლიის პროექტი პრაქტიკულად დასამარდება. ფოთის პორტის პროექტის გააქტიურება მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ ანაკლიის პროექტი წინ წავიდა და „ეიპიემ ტერმინალსს“ შეეშინდა კონკურენციის. მინდა აღვნიშნო, რომ მთავრობას არანაირი იურიდიული ბერკეტი არ გააჩნია, რომ, ზეგავლენა მოახდინოს „ეიპიემ ტერმინალსზე“, რათა კომპანიას ფოთის პორტის განვითარება აიძულოს. შესაბამისად, ეს ქმედება არ გამორიცხავს, რომ საქართველო საერთოდ ღრმაწყლოვანი პორტის გარეშე დარჩეს“,-აცხადებს ახვლედიანი.
შეგახსენებთ, „ეიპიემ ტერმინალსმა“ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, 2020 წლის 11 თებერვალს, “ეიპიემ ტერმინალს ფოთმა” მიმართა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიწათსარგებლობის ნებართვის მისაღებად, ფოთში ახალი, ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისათვის.