მსოფლიოს რაგბის ორგანიზაციის საშეჯიბრებო შეფმა მარკ იგანმა “გარდიანს” ინტერვიუ მისცა და სხვა საკითხებთან ერთად მეორე ეშელონის გუნდებზეც ისაუბრა, მათ შორის საქართველოსთვის საინტერესო ინფორმაციაზე.
“იაპონელთა მიერ სამხრეთ აფრიკის დამარცხებამ დიდი სტიმული მისცა მეორე დონის გუნდებს. ბოლო მსოფლიოს თასზე I და II დონის ქვეყნების თამაშებში სხვაობა მნიშვნელოვნად შემცირდა. რაც შეიძლება ნაკლები ანგარიშით წაგება უკვე წარსულია. ჩვენი მიზანია, რომ 2019 წლის მსოფლიო თასზე ორი მეოთხედფინალისტი მეორე დონის გუნდებიდან ვიხილოთ. ამისთვის მეორე დონის გუნდებისთვის კარგი ტესტები უნდა მომრავლდეს. მალე აშშ-ს ბრწყინვალე ტესტები ელის. ასევე, დაგეგმილია ირლანდიისა და შოტლანდიის ტური საქართველოსა და იაპონიაში.
იმედია მსოფლიო რაგბის ოფიციალური პირის ასეთი განცხადება სიტყვებს გაცდება და საქმედ იქცევა. ბრიტანელებთან რაგბის თამაშს რა ჯობია, მით უმეტეს, რომ შეგახსენებთ, რომ არც თუ დიდი ხნის წინ უელსელთა თავკაცმა უორენ გეტლანდმაც თქვა, რომ მისი გუნდი მზადაა, ტესტმატჩში “მილენიუმზე” საქართველოს ნაკრებს შეხვდეს.